სენეგალთან მოგებული მატჩის შემდეგ ფილ ფოდენმა ჯუდ ბელინგემზე ისაუბრა. 19 წლის ფეხბურთელს შესანიშნავი ჩემპიონატი აქვს და ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.
“არ მინდა გადავამეტო, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტია, რომელიც ოდესმე მინახავს, – უთხრა ფოდენმა ITV-ის, – მას სისუსტე არ აქვს, მცირე ხანში მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი გახდება.
მიმდინარე ჩემპიონატზე ბელინგემი გვაჩვენებს თუ რატომ ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად, წინ კარგი გამოცდა ელის, ინგლისის ნაკრები მეოთხედფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება.
ჯუდი გახდა პირველი თინეიჯერი 1966 წლის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში საგოლე პასი გააკეთა. 1966 წლამდე ეს სტატისტიკა არც აღირიცხებოდა.
კომენტარი გააკეთა ჰენდერსონმაც, რომელმაც ბელინგემის პასი შეირგო და სენეგალთან ანგარიში გახსნა, – “ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, უბრალოდ თამაშის საშუალება უნდა მივცეთ, წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელია”.
ბელინგემს მთელი ბრიტანეთი აქებდა, რიო ფერდინანდი, გარი ლინეკერი, როი კინი, მიკა რიჩარდსი, საქებარი სიტყვები არავინ დაიშურა, აქვენტი კი იდენტური იყო, – მისი ასაკი და ასაკისათვის შეუფერებელი თავდაჯერებულობა.
BBC სპორტის მკითხველებმა ბელინგემი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და მისი პერფორმანსი 8,5 ქულით შეაფასეს.