სარჩევი
2022 დეკ 04, 21:13 შშ
1 წუთის საკითხავი

ინგლისის ნაკრებმა სენეგალი 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება. წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველის. ინგლისი ფავორიტი იყო,  სენეგალისგან კი მეტს ელოდნენ, ერთი კარგი მომენტის გარდა სენეგალს არაფერი შეუქმნია, მეტოქეს ვერცერთ მონაკვეთში წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.

დიდ ინტერესს იწვევდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა საუთგეიტი ძირითადი თერთმეტეულის შერჩევისას, თითქოს ყველაფერი დალაგებული აქვს, თუმცა, გარემარბებზე ვერ არის ჩამოყალიბებული. ისევ განსხვავებული სურათი ვნახეთ, – საკა და ფოდენი ფლანგებზე. ფაქტია რომ გაამართლა. წერტილი სწორედ მათ დასვეს, ფოდენის პასით საკამ შეაგდო.

სამივე გოლი სწრაფ კონტრშეტევას მოჰყვა, სამჯერ ჩაჭრილი ბურთი, სწრაფად დაწყებული და ზუსტად დასრულებული შეტევა, – ეს საუთგეიტის ხელწერაა. რას მოიფიქრებს ეს კაცი კილიან მბაპეს წინააღმდეგ? ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ეს მბაპეს ჩემპიონატია, ის უნდა იყოს საუკეთესო, თითოეულ მატჩში ამტკიცებს ამას.

ვოლკერმა მბაპემდე მისასვლელი გამოცდა კარგად ჩააბარა, ისმაილა სარის საფრთხე არ შეაქმნევინა, შეიძლება ითქვას, რომ კარგი მოთელვა გაიარა, მთავარი ამბავი წინ არის.

აღსანიშნია სტოუნზისა და მაგუაიერის დუეტი, პეპ გვარდიოლა დიდხანს ჩიოდა სტოუნზი ელემენტალურ მომენტებში უშვებს შეცდომასო, ცენტრალური მცველისთვის ეს დამღუპველია, თუმცა, ამ სეზონში სტოუნზმა შეცდომებს მოუკლო, თავის მხრივ, კრიტიკა არ აკლია მაგუაიერს, ნაკრებში კი შესანიშნავი დუეტი აქვთ. აქაც მთავარი მწვრთნელი თამაშობს არც თუ ისე უმნიშვნელო როლს.

ვახსენეთ მბაპე და მოდი ვახსენოთ ინგლისელთა მხრიდან საუკეთესო, – ჯუდ ბელინგემი. როგორც ჯგუფური ეტაპი, ისე მერვედფინალიც ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. ჯუდი ინგლისელთა ახალ იმედად იქცა.