ინტერი vs ატლეტიკო – წინათქმა

დღეს და ხვალ ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მერვედფინალების პირველი შეხვედრები გაიმართება. ჩემი აზრით უფრო მეტად საინტერესო. დღეს ინტერი ატლეტიკოს უმასპინძლებს, ხვალ კი ნაპოლი ახალი მწვრთნელით ბარსელონას დახვდება.

გარდა ამისა, დღეს პსვ – დორტმუნდიც გაიმართება. ხვალ კი პორტუ – არსენალი.

ვინ როგორ ფორმაშია – ინტერი

ინტერმა ბოლო რვა შეხვედრა მოიგო, მათ შორის იტალიის სუპერ თასის ნახევარფინალი და ფინალი. ასე დაისაკუთრეს სეზონის პირველი ტიტული. ბოლო რვა შეხვედრაში 21 გოლი გაიტანეს და მხოლოდ ოთხი გაუშვეს. ინტერი ახლა საუკეთესო ფორმაშია, შეიძლება რაღაც მხრივ უკეთესი გუნდიც კია ვიდრე წინა სეზონში და ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება, მაგრამ მეტოქე მეტად უხერხული შეხვდა.

ბრწყინვალე ფორმაში არიან ლაუტარო მარტინესი და მარკუს ტურამი. ლაუტარო კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, სერია ა-ში 20 გოლი აქვს შეგდებული 22 თამაშში. საერთო ჯამში 23 გოლი აქვს გატანილი მიმდინარე სეზონში.

მარკუს ტურამის ანგარიშზე სერია ა-ში 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ერთი გოლის შეგდება ჩემპიონთა ლიგაზეც შეძლო.

ამ დუეტის შეჩერება ძალიან რთული იქნება.

ვინ როგორ ფორმაშია – ატლეტიკო

ატლეტიკოს ბოლო ხუთ თამაშში ორი მოგება, ორი მარცხი და ერთი ყაიმი აქვს. გაიტანა რვა გოლი და გაუშვა ოთხი. ლა ლიგაში მეოთხე ადგილზეა და ლიდერს 11 ქულით ჩამორჩება.

ატლეტიკოს მთავარი იმედი ანტუან გრიზმანი იქნება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის 6 შეხვედრაში 5 გოლი აქვს შეგდებული. ლა ლიგაში კი 11 გოლი და 6 ასისტი დააგროვა.

ურთიერთშეხვედრები

კლუბებს ოფიციალურ დონეზე მხოლოდ ერთხელ აქვთ ერთმანეთის წინააღმდეგ ნათამაშები, ეს 2010 წელს მოხდა, ევროპის სუპერ თასზე. ინტერმა 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ატლეტიკომ უეფას თასი, ჰოდა ფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს.

თუმცა, აქვე აღვნიშნოთ რომ ჟოზე ინტერიდან უკვე წასული იყო.

ატლეტიკომ 2:0 მოიგო, რეიესისა და აგუეროს გოლებით.

დანაკლისი

მილანის ინტერს დიდი ხანია ხუან კუადრადო აკლია და ამჯერადაც ვერ დაეხმარება. ასევე საეჭვოა ფრანჩესკო აჩერბის თამაშიც.

მადრიდის ატლეტიკოს ტომას ლემარი, მარკოს პაოლო და სეზარ ასპილიკუეტა დააკლდება. სამივე მათგანი მძიმე ტრავმებს მკურნალობს.

სიმეონეს ფაქტორი

დიეგო სიმეონე იყო პირველი ფეხბურთელი ვინც ორივე კლუბში ითამაშა – ატლეტიკოშიც და ინტერშიც. ორივეგან წარმატებული იყო. მწვრთნელის რანგში ატლეტიკოს ლეგენდად იქცა, კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია და იყო პერიოდი, როცა ურჩევდნენ კიდეც იტალიაში წასვლა, იქ კი ორი კლუბია სადაც სიმეონეს სიხარულით მიიღებენ – ინტერი და ლაციო.

დიეგო სიმეონე ინტერის შემადგენლობაში

დიეგომ დარჩენა გადაწყვიტა, თანაც არაერთხელ. მოიძებნება ხალხი, მათ შორის, პროფესიონალთა შორის, რომელთაც მიაჩნიათ რომ სიმეონემ შეცდომა დაუშვა, წასვლა დააგვიანა, მისი ატლეტიკო ახალს ვერაფერს სთავაზობს მაყურებელს და განვითარებაც შეწყვიტა, მაგრამ დიეგო სხვაგვარად ფიქრობს.

ბოლოს წინა სეზონში იყო ეს თემა აქტუალური, შემდეგ ესპანურმა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიეგომ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

სავარაუდო შემადგენლობები

ზომერი – პავარი, დე ვრაი, ბასტონი, დარმიანი – ჩალხანოღლუ, მხითარიანი, ბარელა, დიმარკო – ლაუტარო, ტურამი;

ობლაკი – მოლინა, ვიტსელი, ხიმენესი, ჰერმოსო – რეინალდო, კოკე, დე პოლი, საული – ლორენტე, გრიზმანი;

ინტერი vs ატლეტიკო – სად ვუყუროთ?

მატჩის ყურებას დღეს თბილისის დროით 00:00 საათზე სეტანტას არხებზე და Setantasports.com-ზე შეძლებთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე