გიორგი მამარდაშვილი მიუნხენის ბაიერნში

გიორგი მამარდაშვილი მიუნხენის ბაიერნში | Setanta Sports

გიორგი მამარდაშვილი მიუნხენის ბაიერნში? კითხვა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. გერმანული გრანდის ინტერესის შესახებ ცნობა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა.

მამარდაშვილი ბაიერნის სიაში

“ექსკლუზივი: გიორგი მამარდაშვილი ახლა ბაიერნის სიაშია. ინგლისური და იტალიური კლუბების შემდეგ ქართველი მეკარით კიდევ ერთი კლუბი ინტერესდება.

ბაიერნი სხვადასხვა პრიორიტეტითაა დაკავებული, თუმცა მამარდაშვილი კლუბის სიაში 100%-ითაა.

პირადი დეტალები, პრობლემური არ იქნება”.

ფაბრიციო რომანო

რომელი კლუბების ინტერესშია გიორგი მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესს მილანის ინტერი და მანჩესტერ იუნაიტედი იჩენენ. ქართველი მეკარე ორივე გუნდის სიაშია.

მიზეზი ცხადია, საკადრო გადაადგილებებია. უდიდესი ალბათობით, ინტერს – ანდრე ონანა, ხოლო იუნაიტედს დავიდ დე ხეა ტოვებს.

მამარდაშვილს პრემიერ ლიგაში სათამაშოდ საჭირო კოეფიციენტი აქვს. 65 შესაძლო ქულიდან ქართველ მეკარეს 25 ერთეული აქვს. ეს კი მას სამუშაო ვიზის მიღებაში ხელს შეუწყობს.

გიორგი მამარდაშვილის ქულები პრემიერ ლიგაში სათამაშოდ | Setanta Sports

რაც შეეხება ინტერს – მილანური გუნდის ინტერესი იმდენად დიდია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდი მზად არის, სერია A-ში არსებული შეზღუდვების ჭრილში, არაევროკავშირელის ერთი კვოტა ქართველ მეკარეს დაუთმოს.

ამ ორი გუნდის გარდა, ინტერესის სხვადასხვა დონეს ტოტენჰემი, ჩელსი, ბრენტფორდი, ლესტერი, რომა, სევილია და ატლეტიკო მადრიდიც გამოთქვამდნენ.

მიუნხენის ბაიერნის სეზონი 2022-23

რამდენად სასურველი გუნდია ბაიერნი მამარდაშვილისთვის – გულშემატკივრის პრიზმიდან დასმული ეს კითხვა ლეგიტიმურია. ცხადია, ბაიერნი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სასურველი გუნდია, თუმცა არავის უნდა ნაკრების მთავარი მეკარე სათამაშო დროის გარეშე იყოს.

ბაიერნს დრამატული სეზონი ჰქონდა, რომელიც ასეთივე ფინიშით დასრულდა. ვგულისხმობ, არამხოლოდ მუსიალას გოლს, არამედ კანისა და სალიჰამიჯიჩის გათავისუფლებას ჩემპიონობის თანავე.

არც მანამდე იყო ნაკლები – ნაგელსმანის გაშვება, ნაგელსმანის მიერ მეკარეების მწვრთნელის, ტონი ტაპალოვიჩის გაშვება და მანუელ ნოიერის ფეხის მოტეხვა თხილამურებით სრიალისას.

ამ ყველაფერს მუნდიალზე გერმანიის ნაკრების ფიასკო დავუმატოთ და ტურბულენტურთან ერთად, მიუნხენური საზომებით, გამოვიდა ჩავარდნილი სეზონი.

რა ხდება ბაიერნში მეკარის პოზიციაზე

ნოიერი სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა, თუმცა უმძიმესი ტრავმის შემდეგ, როგორ ფორმაშია გერმანელი მეკარე არავინ იუწყება.

ამას გარდა, გერმანულ მედიაში გადაჭრით ამბობენ, რომ გუნდში ტონი ტაპალოვიჩი ბრუნდება. MiaSanMia-სა და Sport Bild-ის ინფორმაციით, ნოიერის მეჯვარე და ახლო მეგობარი მიუნხენურ კლუბს უახლოეს დღეებში უნდა შეუერთდეს.

ტაპალოვიჩის პოზიციები კლუბში ნაგელსმანთან უთანხმოება შეასუსტა. მისი გათავისუფლება კი გერმანიაში რეკორდმაისტერში ნოიერის პოზიციების შესუსტებად აღიქვეს.

ახლა კი როდესაც ტაპალოვიჩი ბრუნდება, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ თუკი ნოიერი ფორმაში ჩადგება, ის პირველი ნომრის სტატუსს დაიბრუნებს.

ბაიერნში მეკარეების ორი მწვრთნელი იქნება

ტაპალოვიჩის გათავისუფლების შემდეგ ბაიერნმა ჰოფენჰაიმიდან მიხაელ რეხნერი დაიმატა. ახლა კი, როდესაც ტაპალოვიჩი ბრუნდება, ჩნდება კითხვა – რა ბედი ელის რეხნერს?

რეხნერი გუნდში რჩება. პირველ ეტაპზე, ტაპალოვიჩი კონკრეტულად ნოიერის ფორმის აღდგენაზე იმუშავებს, რეხნერი კი სხვა მეკარეებთან იმუშავებს.

როგორია? ტრაგიკომიკური! ერთი კლუბი, ერთი გუნდი, ერთი სამწვრთნელო შტაბი და მეკარეების ორი მწვრთნელი.

რა ხდება იან ზომერის საკითხზე

იან ზომერი მიონხენგლადბახიდან ბაიერნმა მას შემდეგ დაიმატა, რაც მანუმ ფეხი მოიტეხა. პირველ წრეში ზომერმა რეკორდმაისტერთან ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა – ერთ მატჩში 19 მოგერიებით, ბაიერნთან მატჩი გლადბახს 1:1 დაამთავრებინა.

ზომერის კლასიდან გამომდინარე მიზერულია იმის შანსი, რომ შვეიცარიელი მეორე მეკარეობას დასთანხმდეს.

რა წერია ზომერის კონტრაქტში

ამას გარდა, ცნობილი გახდა ზომერის კონტრაქტში ჩადებულ საინტერესო პუნქტის შესახებ. თუკი შვეიცარიელი გუნდში პირველი მეკარე არ იქნება, მისი გამოსასყიდი თანხა ავტომატურად 9-10 მილიონ ევროს შორის ხდება.

ეს კი მის მსურველ კლუბებს საქმეს უმარტივებს. თუკი პირველი ნოიერი იქნება, ზომერის სატრანსფერო უფლებების მიტაცებას ერთბაშად რამდენიმე კლუბი ეცდება. მათ რიცხვში ზემოთხსენებული ინტერი, მანჩესტერი და შტუტგარტიც არიან.

რა ხდება ალექსანდერ ნიუბელის ირგვლივ

და ნიუბელი? ბაიერნს ხომ კიდევ ერთი მეკარე ჰყავს. ალექსანდერ ნიუბელი მონაკოდან ორწლიანი იჯარის შემდეგ 30 ივნისს კვლავ ბაიერნის ფეხბურთელი გახდა.

მას გუნდში დაბრუნება არ სურდა და ამას ხმამაღლა ამბობდა. ამას გარდა ნიუბელი ტაპალოვიჩის მხრიდან ფავორიტიზმზეც ხშირად აპელირებდა და ცხადია, მხედველობაში ნოიერი ჰყავდა.

ნიუბელს რომ ბაიერნში გაჩერება არ სურს, ეს რამდენიმე დღის წინ, მისმა აგენტმა შტეფან ბაკსმაც დაადასტურა.

სვენ ულრაიხი – კიდევ ერთი მეკარე ბაიერნში

სვენ ულრაიხს კარიერულად თითქოს კარმა სდევს. შტუტგარტში იყო და იქ იენს ლემანი ჰყავდა, ბაიერნში გადმოვიდა და აქ მანუელ ნოერია. გერმანიის ნაკრებში პირველი ნომრობისთვის, ალბათ მას ტერ შტეგენი ბარსელონაში სიამოვნებით იხილავდა, თუმცა ეს, ცხადია, მხოლოდ ხუმრობით.

სერიოზულად კი, ბაიერნს სვენ ულრაიხიც ჰყავს. გასულ სეზონში ნოიერის შეცვლა რამდენჯერმე მოუწია კიდეც. ნოიერს ხომ სეზონში მხოლოდ ფეხის მოტეხილობასთან გამკლავება არ დასჭირდებია. მას კანის სიმსივნეც დაუდგინეს, რაც მოგვიანებით გასაჯაროვდა.

ულრაიხმა სათადარიგო მეკარის რანგში, გასულ სეზონში შანსი 8 მატჩში მიიღო. 3 ბუნდესლიგაში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 2 – გერმანიის თასზე. საბოლოოდ იმ 8 მატჩში ბაიერნის ბალანსი 32:6-ზე იყო.

კასპერ შმეიხელისგან რაღა უნდა ბაიერნს

ამ ყველაფერთან ერთად ბაიერნი ზამთარში კასპერ შმეიხელის ტრანსფერზე მუშაობდა. მეტიც, დანიელი მეკარე პირველი არჩევანი იყო ნოიერის შესაცვლელად.

თუმცა ის ის იყო, რეკორდმაისტერმა ნიცასთან მოილაპარაკა, რომ ჰორიზონტზე გლადბახი თავად გამოჩნდა და მიუნხენურ გუნდს ზომერი ისევ შესთავაზა.

კასპერ შმეიხელი დღეს ბაიერნისთვის სასურველ ფეხბურთელთა სიაში აღარ განიხილება.

მამარდაშვილი კონკურენციას არ უფრთხის

მამარდაშვილს, რომ კონკურენციის არ ეშინია ეს ვალენსიაშიც გამოჩნდა. იესპერ სილესენის, ხაუმე დომენეკისა და კრისტიან რივეროს გუნდში მეოთხე მეკარედ მისულმა ვალენსიას ძირითადში ადგილი მალევე მოპოვა. ერთ სეზონში კი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

ვალენსიაში მამარდას ხოსე მანუელ ოჩოტორენა წვრთნიდა. ესპანეთის ნაკრების მეკარეების ყოფილ მწვრთნელს კლასი ნამდვილად არ აკლია, თუმცა მიუნხენის ბაიერნი და მისი სამეკარეო სკოლა კიდევ უფრო სხვა დონეა.

მწვრთნელებს რომ თავი დავანებოთ, ნოიერის გამოცდილების გაზიარება ღირს მხოლოდ ერთ რამედ. ფეხით თამაშისა და 11-მეტრიანების ნაწილში მომატებისთვის კი ბაიერნში იდეალური გარემო იქნება.

თუკი ტრანსფერი მართლაც გამოვა, ცხადია, ეს მხოლოდ და მხოლოდ საბედნიერო ამბავი იქნება. საფიქრალი კი ორად ორი რამ რჩება – ჯერ კიდევ გაურკვეველი ვითარება ბაიერნში და ქართველი მეკარის სათამაშო დრო.

გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების კარში დადგა და ნომერ პირველი არჩევანიც გახდა. ეს ვილი სანიოლმაც არაერთ პრესკონფერენციაზე მკაფიოდ დაადასტურა. შესაბამისად, მამარდაშვილის სათამაშო დროის კლება, პირველ რიგში, საქართველოს ნაკრების ინტერესებს ავნებს.

არსებობს თეორიული შესაძლებლობაც, რომ ბაიერნმა იყიდოს მამარდაშვილი და 1 წლით კვლავ ვალენსიას დაუტოვოს. ეს თეორიული შანსი კი შედარებით რეალურ ხასიათს მაშინ მიიღებს, თუკი ნოიერი ძველებურ ფორმაში დაბრუნდება და ულაპარაკოდ პირველი ნომერი იქნება.

ჯერჯერობით ბაიერნის პირველ გუნდში ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია. თუმცა 2001-2011 წლებში კლუბის აკადემიაში იყო ლუკას ჰუფნაგელი.

ორიოდ კვირის წინ ბაიერნს შეუერთდა ლუკა პარკაძე. შესაბამისად, არის შანსი გერმანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში ერთბაშად ორი ქართველი ვიხილოთ.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე