სარჩევი
გიორგი მამარდაშვილი ლივერპული ტრანსფერი | Setanta Sports
2024 აგვ 06, 23:54 შშ
3 წუთის საკითხავი

გიორგი მამარდაშვილი და ლივერპული – ტრანსფერის შანსი საკმაოდ მაღალია. თუმცა არსებობს ორი დეტალი, ქართველ მეკარეს სათამაშო დრო სურს, ხოლო ალისონის ლივერპულიდან წასვლა ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი – ლივერპული

როგორც ესპანური და ინგლისური წყაროები წერენ ლივერპულსა და ვალენსიას შორის მოლაპარაკებები ინტენსიურ ფაზაში გადავიდა.

საუბარია ლივერპულის სოლიდურ ინტერესზე, რომელიც 26-მილიონ-გირვანქიან შეთავაზებაში გადახურდავდა.

ეს 30 მილიონ ევროზე მეტია. მართალია, ვალენსიას პრეზიდენტი, პიტერ ლინი ქართველი მეკარის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონი ევროს მიღებას გეგმავდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს მხოლოდ 30-მილიონიანი საფასურის გასამყარებელი ქმედებები იყო.

ჯამში, ბონუსებით, სატრანსფერო გარიგებამ შესაძლოა 35 მილიონი ევრო შეადგინოს.

თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებების პროცესი, ცხადია, მამარდას აგენტ, ლევან სეთურიძესთან უნდა დავაზუსტოთ. ჯერჯერობით ლევანთან კონტაქტი ვერ ხერხდება.

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი – ატლეტიკო

ქართველი მეკარის მიმართ სოლიდურ ინტერესს ინარჩუნებს ატლეტიკოც. თუმცა, აქაც, საქმე მოქმედი პირველი მეკარის გუნდიდან წასვლას უკავშირდება. თუმცა განსხვავება ლივერპულთან მაინც არის.

მადრიდის მუშათა კლუბში ელიან, რომ იან ობლაკი ატლეტიკოს ამ ზაფხულსვე დატოვებს. მის პირველივე შემცვლელად კი დიეგო სიმეონეს გიორგი მამარდაშვილი მიაჩნია.

ატლეტიკოს ლივერპულთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ ქართველს ამ სეზონიდანვე გარანტირებულ სათამაშო დროს სთავაზობს, ლივერპულში კი ეს პერსპექტივა ჯერჯერობით ბუნდოვანია.

გიორგი მამარდაშვილის ტრასფერი – იჯარა ბორნმუთში?

დაიწერა ისიც, რომ თითქოს, სანამ ალისონი ლივერპულს არ დატოვებს მამარდაშვილი ბორნმუთში იქნება განათხოვრებული. ოდესმე ასეც შეიძლება მოხდეს, თუმცა არა ამ ზაფხულს.

მიზეზი მარტივია – პრემიერ ლიგის დებულება. რომლის მიხედვითაც პრემიერ ლიგის გუნდს არ შეუძლია გაანათხოვროს ის ფეხბურთელი იმავე ლიგის სხვა კლუბში, რომელიც იდენტური სატრანსფერო ფანჯრის დროს იყიდა.

იმის მიუხედავად, რომ ბორნმუთის ვარიანტი ლოგიკურად მოსჩანდა, წესებით ეს შეუძლებელი იქნება.

ანდონი ირაოლას გუნდში, ან რომელიმე სხვა პრემიერ ლიგურ კლუბში მამარდაშვილის იჯარით თამაში ამ სეზონიდანვე იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ლივერპული მას არ შეიძენს და იჯარა პირდაპირ ვალენსიურ კლუბთან გაფორმდება.

გიორგი მამარდაშვილი – ყიდვა და ვალენსიაში დატოვება

სანამ სრულფასოვანი ტრანსფერის შესახებ მოარული ხმები გააქტიურდებოდა, რამდენიმე დღით ადრე ამ შესაძლებლობის შესახებაც დაიწერა. ლივერპული გამოისყიდის მამარდაშვილის სატრანსფერო უფლებებს და 1 წლით ვალენსიაში დატოვებს.

ცხადია, ამას პრემიერ ლიგურ ფეხბურთთან ადაპტირება, რომელიმე გარდამავალ გუნდში აჯობებდა, თუმცა წესებით ეს არ გამოვა.

მამარდა ჩემპიონშიფისთვის არავის ემეტება. შესაბამისად, თუკი ალისონ ბეკერი ესპანეთში, საუდის არაბეთში, ან რომელიმე სხვა ქვეყნის სხვა კლუბში ამ ზაფხულსვე არ მიდის, მაშინ ყველაზე რეალისტურად ეს ვარიანტი მოსჩანს.

მანამდე ვალენსიას ქართველი მეკარის მიმართ ნიუკასლის, ჩელსის, მანჩესტერ სიტის, ბაიერნის და სხვა გუნდების ინტერესის შესახებაც არაერთხელ დაწერილა. მათგან ყველაზე რეალური გასულ ზაფხულს მიუნხენური გუნდის ვარიანტი იყო, თუმცა მაშინ ვალენსიას პრეზიდენტის გაზრდილი ფასის დაკმაყოფილება გერმანული გრანდის მესვეურებმა არ ისურვეს.

გიორგი მამარდაშვილის სტატისტიკა ვალენსიაში

ევროპის ჩემპიონატზე მამარდამ ყველაზე მეტი, 29 მოგერიება მიითვალა.

მანამდე, კი ღამურების მაისურით ლა ლიგაში საუცხოო სეზონი ჰქონდა. სულ ვალენსიურ კარიერაში, ლა ლიგაში, კოპა დელ რეისა და სუპერ კოპაზე ჩატარებულ 100 შეხვედრაში მამარდამ კარი მშრალად 31-ჯერ შეინახა.

2023-24 წლების სეზონში კი, ლა ლიგაში XG-ის მიხედვით, 10 გოლით ნაკლები გაუშვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

შეგახსენებთ, გიორგი ვალენსიაში დინამო თბილისიდან თბილისის ლოკომოტივში იჯარით თამაშისას წავიდა. ღამურებმა ის თავიდან მე-4 მეკარედ მიიყვენს, თუმცა მალევე მამარდამ იესპერ სილესენი სკამზე გადასვა.