სარჩევი
Game4Ukraine უყურე Setanta Sports-ზე | Setanta Sports
2023 ივლ 20, 19:08 შშ
3 წუთის საკითხავი

Game4Ukraine – Setanta Sports-ის ეთერში, გულშემატკივარი ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, ლეგენდარული ფეხბურთელების დაპირისპირებას იხილავს, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად ტარდება.

5 აგვისტოს, ლონდონში, ჩელსის საშინაო არენაზე ერთმანეთს უკრაინის მოქმედი და ყოფილი კაპიტნების, ოლექსანდრ ზინჩენკოსა და ანდრიი შევჩენკოს გუნდები დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას გულშემატკივარი Setanta Sports-ის სატელევიზიო არხსა და setantasports.com-ის ონლაინპლატფორმაზე იხილავს.

სტემფორდ ბრიჯზე გასამართ მატჩში მონაწილეობას მსოფლიო ფეხბურთისა და შოუბიზნესის არაერთი გამორჩეული წარმომადგენელი მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძეც ითამაშებს.

“წარმოუდგენელია საფეხბურთო სამყაროს ამდენი ცნობილი ადამიანის შეკრება, ჩვენი ლამაზი სამშობლოს აღმშენებლობის დასაწყებად და ამ საქმეში დასახმარებლად. იმედი მაქვს, 5 აგვისტოს სტადიონი გაივსება და ამ მატჩს საამაყო დღედ ვაქცევთ“ – ამბობს ლონდონის არსენალისა და უკრაინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ოლექსანდრ ზინჩენკო.

ზინჩენკო vs შევჩენკო უკრაინის დასახმარებლად

შოთა არველაძე ოლექსანდრ ზინჩენკოს ყვითელ გუნდში პატრიკ ვიეირასთან, ჟერარ პიკესთან, რობერ პირესთან, დევიდ ჯეიმსთან და არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან ერთად იასპარეზებს. ზინჩენკოს გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული ფრანგი, არსენ ვენგერი იქნება.

მოწინააღმდეგე, ლურჯ გუნდში, შევჩენკოსთან ერთად მიკაელ ესიენი, ფაბიო კანავარო, კლარენს ზეედორფი, მიხაილო მუდრიკი, სამუელ ეტოო, ჯანფრანკო ძოლა და არაერთი ვარსკვლავი ითამაშებს. შევჩენკოს გუნდის მწვრთნელი ემა ჰაიესი იქნება, რომელიც ჩელსის ქალთა გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელია.

“ფეხბურთს ყოველთვის ჰქონდა ხალხის გაერთიანების წარმოუდგენელი უნარი და გვჯერა, რომ ეს იქნება ყველასთვის დასამახსოვრებელი დღე, უკეთესი მომავლისკენ” – ეს უკრაინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, ანდრიი შევჩენკოს სიტყვებია.

საქველმოქმედო მატჩის მიზანი, რუსეთის აგრესიის შედეგად, ჩერნიჰივის რეგიონში დანგრეული საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის თანხების მოძიებაა. მატჩიდან, სატელევიზიო უფლებებიდან და ტრანსლაციის პერიოდში, ონლაინ რეჟიმში შემოსული თანხები მლიანად United24-ის ფონდში გადაირიცხება.

“მოხარული ვარ, რომ Game4Ukraine-ის ღონისძიებაში მონაწილეობა შემიძლია. ეს არის ფანტასტიკური მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს საფეხბურთო საზოგადოება, როდესაც ის ერთადაა. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ მოვაგროვოთ საკმარისი თანხა, რათა უკრაინაში სკოლების აღდგენა მოხერხდეს” – ამბობს ზინჩენკოს გუნდის მწვრთნელი, არსენ ვენგერი.

Setanta Sports-ი Game4Ukraine-ის ოფიციალური პარტნიორი

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, Setanta Sports-ი არა მხოლოდ მაუწყებელი, არამედ Game4Ukraine-ის ოფიციალური პარტნიორია.

შესაბამისად, ჩვენმა კომპანიამ უკრაინის მხარდასაჭერი მატჩის ჩვენების უფლებები უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში, ჯამში ევროპისა და აზიის 10 ქვეყანაში მიიღო.

გარდა ამისა, Setanta Sports-ის ჯუგფი, სამი დღის მანძილზე ლონდონიდან იმუშავებს, რათა სპორტის გულშემატკივარმა და მატჩით დაინტერესებულმა ნებისმიერმა ადამიანმა იხილოს საინტერესო შინაარსის ვიდეო და ფოტო რეპორტაჟი, როგორც სოციალური მედიის, ისე სატელევიზიო არხების საშუალებით.

Setanta Sports-ი ისე, როგორც ომის დაწყების პირველივე დღიდან, მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, მისი გმირი ხალხის თავგანწირულ ბრძოლას სუვერენიტეტისთვის და თავისუფლებისთვის. ვამაყობთ, რომ ამ ღონისძიების ნაწილი ვართ.

სად და როგორ ვუყურო Game4Ukraine-ის მატჩს

უკრაინის მხარდასაჭერი, საქველმოქმედო მატჩი 5 აგვისტოსაა ჩანიშნული. სტემფორდ ბრიჯზე მატჩი, საქართველოს დროით 21:00 საათიდან დაიწყება.

Game4Ukirane-ის მატჩის ლაივი Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე იქნება. მაყურებელს ასევე შესაძლებლობა ექნება, მატჩამდე და მატჩის შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთის მოქმედი და ვეტერანი ვარსკვლავების მონაწილეობით შექმნილი უნიკალური კონტენტი იხილოს.