გლაზგოში Weekend of Legends II-ი გაიმართა. რეინჯერსის ლეგენდები მსოფლიო ნაკრების ლეგენდებს დაუპირისპირდნენ. სქოთების მხარეს შოთა არველაძემ ითამაშა, ხოლო მსოფლიო XI-ში გიორგი ქინქლაძე ვნახეთ.
ორ ქართველს მსგავს მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე არასდროს უთამაშია. ქართველი ქომაგისთვის კი ეს ფაქტი მატჩს ღირსშესანიშნავად აქცევს.
რეინჯერსის ლეგენდები 3:4 მსოფლიოს ლეგენდები
მატჩი მსოფლიოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე მოედანზე თადარიგიდან შევიდნენ.
ორივე მათგანს რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი ჰქონდა. გამოსარჩევი ქინქლაძის მიღება, ბრუნი და მეტოქის ჩამოცილება იყო. ამან ქომაგებს წლების შემდეგ Magic turn of Kinky გაახსენა.
რეინჯერსის მხირდან დუბლი ჟერმეინ დეფომ გაიფორმა. ერთი გოლი კი კრის ბოიდის ანგარიშზე იყოს.
მსოფლიო XI-დან ასევე დუბლი შეასრულა რობინ ვან პერსიმ. თითო გოლი კი ლუიშ ბოა მორტემ და ჯეკ უილშირმა გაიფორმეს.
შოთა არველაძე აიბროქსის გასახდელიდან
რეინჯერსის საშინაო არენის გასახდელიდან შოთა არველაძის ვიდეო მიმართვა გავრცელდა. საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა ტრადიციულად, შიდა სამზარეულოზე საინტერესოდ ისაუბრა.
Weekend of Legends in Glasgow
ლეგენდების უიქენდი გლაზგოში მეორედ გაიმართა. ვეტერანი ფეხბურთელების მატჩები საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. გასულ წელს შოთა არველაძემ აიბროქსზე ულამაზესი თაური დარტყმით გაიტანა და ნაკრებში შოტლანდიასთან გატანილი ბურთის რეინკარნაცია შემოგვთავაზა.
რეინჯერსი წლის იმავე პერიოდში მორიგი ამხანაგური მატჩის ჩატარებას 2024 წელსაც გეგმავს.