წლის შეჯამება – დიდი სანახაობა, ექსპერიმენტები და იდეალური დასასრული

2022 წელი სრულდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხბურთისთვის წარმატებული წელი გამოდგა. ვიხილეთ გამორჩეული ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი, ბენზემას ოქროს ბურთი, მბაპეს კონტრაქტი, კვარამანია და ლიონელ მესის ნანატრი თასი.

ჩემპიონთა ლიგა – რეალის ზღაპრული გზა

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე რთული გზა წარმოუდგენლად სანახაობრივად და დრამატულად განვლო. მერვედფინალში პარი სენ ჟერმენთან გადაიკვეთნენ. დიდებული მატჩები ჩაატარა კილიან მბაპემ, ჯერ პარიზში მოაგებინა გუნდს ბოლო წუთებზე, ძალიან ლამაზი გოლით. შემდეგ კი მადრიდში გახსნა ანგარიში, ასევე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე.

სწორედ აქედან დაიწყო მადრიდის რეალის საოცარი სერია. ქარიმ ბენზემამ ჰეთთრიქი შეასრულა, რეალი მეოთხედფინალში გაიყვანა, თავად კი პირველი ოქროს ბურთის მოგება დაისახა მიზნად.

მეოთხედფინალში რეალი ჩელსისთან გადაიკვეთა. ბენზემამ ისევ ჰეთთრიქი შეასრულა. ისევ ვინისიუსისა და მოდრიჩის პასებით. რეალმა 3:1 მოიგო. განმეორებით შეხვედრაში ჩელსიმ თამაშის შემოტრიალება შეძლო, მაგრამ მთავარ გმირებად იმავე ხალხი ვიხილეთ. 0:3 ის შემდეგ, ჯერ მოდრიჩის ზღაპრული პასი ვნახეთ როდრიგოზე, შემდეგ კი ბენზემამაც შეაგდო თავისი გოლი.

ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარფინალი ვნახეთ რეალისა და სიტის მონაწილეობით. გვარდიოლას გუნდს ბევრჯერ შეეძლო თამაშის მოკვლა, თუმცა, შანსები ხელიდან გაუშვეს, რეალმა კი თავისი მომენტები გამოიყენა. ორი ბენზემამ შეაგდო, ერთი ვინისიუსმა. სიტიმ 4:3 მოიგო, მაგრამ ბერნაბეუზე იყო მატჩი სათამაშო.

რეალი ისევ აგებდა და ისევ მოიგო. მატჩის გმირი როდრიგო გახდა, რომელმაც თამაში მოატრიალა. წერტილი კი ბენზემამ დასვა.

ფინალში რეალმა ლივერპულს მოუგო.

ერთადერთი გოლი ვინისიუსმა გაიტანა, რომლის მერეც ინგლისელმა კომენტატორმა ყველას გასაგონად შესძახა, – “Who needs Mbappe?!”

ევროპა ლიგა – შოკი კამპ ნოუზე

ევროპის საკლუბო ფეხბურთის რანგით მეორე ტურნირი ფრანკფურტის აინტრახტის ტრიუმფით დასრულდა. კარგი ფინალიც შედგა აინტრახტსა და რეინჯერსს შორის, გერმანელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს. ტურნირის მთავარი ამბავი მეოთხედფინალში ვიხილეთ. აინტრახტმა მთავარი ფავორიტი, კატალონიის ბარსელონა გააგდო.

გერმანიაში მატჩი 1:1 დასრულდა. აინტრახტი უკეთესი იყო, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. კატალონიაში კი ყველას დიდი სურპრიზი გველოდა. განსაკუთრებული შოკი ბარსელონას ფეხბურთელებმა მიიღეს. კამპ ნოუზე გასულებმა აღმოაჩინეს, რომ სტადიონი გადათეთრებული იყო, აინტრახტს გაცილებით მეტი ქომაგი ჰყავდა, ვიდრე ბარსას.

ისე გამოვიდა, რომ ბარსამ მეორე მატჩიც გასვლაზე ითამაშა. გერმანელებმა პირველივე წუთებზე ისარგებლეს ამ უპირატესობით და სამი გოლი გაიტანეს. ბარსამ თამაშის მოტრიალება ვერ შეძლო. აინტრახტმა 3:2 მოიგო.

ვაგროვებთ ინფორმაციას თუ რა მოხდა. აუცილებლად ჩატარდება გამოძიება, ეს არასდროს აღარ განმეორდება. მრცხვენია როგორც ბარსელონას გულშემატკივარსა და პრეზიდენტს”, – თქვა მატჩის შემდეგ ჟოან ლაპორტამ.

კონფერენს ლიგა – ჟოზეს დაბრუნდა

შეიძლება ითქვას, რომ ეს ტურნირი შედგა. ბევრს არ სჯეროდა, რომ რანგით მესამე ტურნირი მაყურებელს შეიძენდა, ან მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებდნენ. საბოლოო ჯამში, კარგი ფეხბურთიც ვიხილეთ და ბევრი მაყურებელიც.

მარტო ჟოზე მოურინიუს ემოციები ღირდა ამ ტურნირად. ჟოზეს დიდი ხანია კარგი პერიოდი აღარ აქვს. ხანდახან ტიტულებიც ენატრება. ჰოდა, “განსაკუთრებული” გახდა მწვრთნელი, რომელმაც სამივე საკლუბო ევროტურნირი მოიგო. ჩემპიონთა ლიგა პორტუსა და ინტერთან ერთად, ევროპა ლიგა მანჩესტერ იუნაიტედთან და პორტუსთან ერთად (2002/03 წლებში ტურნირს უეფას თასი ერქვა) კონფერენს ლიგა კი რომასთან ერთად.

ახალი პროექტის დასაწყებად მშვენიერი სტარტი გამოვიდა. რომამ ფინალში ფეინოორდი დაამარცხა.

მზადება განსაკუთრებული მუნდიალისთვის

2022/2023 წლების სეზონი ფეხბურთელებმა დაგეგმეს ისე, რომ შემოდგომას ფორმის პიკში შეხვედროდნენ. თავიდანვე ითქვა, რომ ოქროს ბურთი მსოფლიო ჩემპიონატამდე გაიცემოდა, ამიტომ ქარიმ ბენზემამ კუთვნილი ჯილდო სამართლიანად ჩაიბარა.

მზადების პროცესში განსაკუთრებით საინტერესო იყო თვალის დევნება პარი სენ ჟერმენისთვის. შემტევი ტრიო მუნდიალის მოგების მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, თავიანთ ნაკრებებთან ერთად. მბაპეს საფრანგეთი. მესის არგენტინა. ნეიმარის ბრაზილია.

სამივემ იდეალურად განვლო ეს დრო შემოდგომამდე. სამივეს ეტყობოდა, რომ სწორება მსოფლიო ჩემპიონატზე ჰქონდათ. ყოველ ტურში ერთი მიზნით გადიოდნენ მოედაზე, მუნდიალზე კი მთავარ მეტოქეებად იქცეოდნენ.

ახალი ვარსკვლავი ცის კაბადონზე

რითი დაიწყო ყველაფერი? ომით. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმაშტაბიანი ომი წამოიწყო. ფიფამ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს მისცა უფლება რუსულ კლუბებთან კონტრაქტები გაეწყვიტათ. ბევრმა ფეხბურთელმა რუსეთი დატოვა, მათ შორის, რუბინთან კონტრაქტი გაწყვიტა ხვიჩა კვარაცხელიამ.

კვარაცხელიამ რუბინში ბოლო პერიოდი უღიმღამოდ და უხასიათოდ ჩაატარა. იგრძნობოდა, რომ წასვლა სურდა, თუმცა, კონტრაქტი აბრკოლებდა. რუბინი ხვიჩაში 20 მილიონ ევროს ითხოვდა, რომელიც არც აიაქსმა გადაიხადა, არც მილანმა, არც რომელიმე სხვა კლუბმა. საქართელოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომ მთელ საფრანგეთში უწევდა ხვიჩას რეკომენდაციას, მაგრამ სერიოზულად არავინ აღიქვა. რომ არა ფიფას ჩარევა კვარაცხელიას კონტრაქტის ბოლომდე მოუწევდა რუბინში დარჩენა და კაცმა არ იცის როგორ წარიმართებოდა მისი კარიერა.

ხვიჩა ჯერ ბათუმის დინამოში გადაბარგდა, შემდეგ კი ნაპოლის წევრი გახდა. ზაფხულიდან მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იტალიასა და საქართველოში დაიწყო კვარამანია. ქართველზე სტატიები დაწერეს The Guardian-მა, The New Times-მა, CNN-მა და რა თქმა უნდა, ყველა გავლენიანმა სპორტულმა გამოცემამ.

ხვიჩა და ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მთავარ აღმოჩენად იქცნენ.

ბებერი ვარსკვლავი ჩაქრობის ზღვარზე

მანჩესტერ იუნაიტედმა მთავარ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგი დანიშნა. თავიდანვე იწერებოდა, რომ რონალდუ მის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ პორტუგალიელი კლუბში დარჩა და სეზონიც დაიწყო.

ტენ ჰაგი უკმაყოფილო იყო იმით, რომ რონალდუმ მოსამზადებელი სეზონი გამოტოვა. რონალდუ კი უკმაყოფილი იყო იმით, რომ სათამაშო დრო მაქსიმალურად შეუმცირდა. თავის მხრივ, კრიშტიანუს ჰქონდა მიზეზი რატომაც ვერ მოემზადა სეზონის წინ, ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატამდე საჯაროდ ისაუბრა. მანამდეც ცნობილი იყო, რომ ბავშვი დაკარგა, მაგრამ მუნდიალამდე პირველად ითქვა კლუბის დამოკიდებულებაზე.

ღიად გამოცხადებულ ომამდე იყო პატარ-პატარა კონფლიქტები, სტადიონის ნაადრევად დატოვება, ურთიერთკრიტიკა და ა.შ. საბოლოოდ, კონტრაქტი გაწყდა.

მსურველები არ ჩანან. შეთავაზება მხოლოდ ალ ნასრიდან იყო.

ტოპ 5

ლა ლიგა მადრიდის რეალმა დამაჯერებლად მოიგო. მეორეადგილოსან ბარსელონას 13 ქულით გაასწრო. რეალმა სეზონის წინ დიდი ტრანსფერები ვერ გააკეთა, ყველა ელოდა კილიან მბაპეს, ან ერლინგ ჰოლანდის შეძენას, მაგრამ მბაპე პარიზში დარჩა, ჰოლანდი კი მანჩესტერ სიტიში გადავიდა. მიუხედავად ამისა, რეალმა მაინც შეძლო როგორც ლა ლიგის, ისე ჩემპიონთა ლიგის მოგება.

საიუბილეო წელი ჰქონდა ბაიერნს, მიუნხენელებმა ზედიზედ მეათედ მოიგეს ბუნდესლიგა. ამჯერად მეორეადგილოსან დორტმუნდის ბორუსიას 8 ქულით აჯობეს. მესამე ლევერკუზენი იყო, მეოთხე ლაიფციგი. აღსანიშნია უნიონ ბერლინის კარგი თამაში, ბერლინელებს მეხუთე ადგილი ერგოთ.

ძალიან დაძაბული გამოდგა იტალიის სერია ა. ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე იბრძოდნენ მილანური კლუბები – ინტერი და მილანი. მილანმა ბოლო ტურში დამაჯერებლად მოიგო და ინტერს 2 ქულით გაასწრო. როსონერიმ 11 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

ყველაზე დრამატული კი პრემიერლიგის ფინიში გამოდგა. ლივერპულს უკვე ჰქონდა მოგებული ლიგის თასი და FA თასი. იყო გასული ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ბოლო ტურში ჰქონდა პრემიერ ლიგის მოგების შანსიც. მათთვის ყველაფერი კარგად დაიწყო, მანჩესტერ სიტი 0:2 აგებდა ასტონ ვილასთან, მერე კი მოხდა ის, რაც ეტიჰედზე ხდება ხოლმე პრემიერლიგის ბოლო ტურებში.

გიუნდოგანის გვარს ვერ წამოიყვირებ ისე, როგორც წლების წინ გამოსროლილ – აგუეროოოოოოს, მაგრამ ილკაიმაც საჩემპიონო შეაგდო 81-ე წუთზე. კლოპმა ორი ტიტული კი მოიგო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ორი ფინალი წააგო.

ფრანგული ლიგა 1 პარი სენ ჟერმენმა მოიგო. მარსელს 15 ქულით გაასწრეს, მაგრამ ითამაშეს უსახური ფეხბურთი, მეტწილად პოჩეტინოს დამსახურებით.

მსოფლიო ჩემპიონატი

ექსპერიმენტულმა მსოფლიო ჩემპიონატმა გაამართლა. დიდი პროტესტი უძღოდა ჩემპიონატს წინ, მაგრამ მაინც შედგა, და შედგა წარმატებით.

მაღალ ტემპერატურას ფეხბურთელები არ შეუწუხებია. მხოლოდ ვარჯიშზე ჰქონდათ პრობლემა ინგლისელებს. მას შემდეგ ამ თემაზე საუბარიც კი არ ყოფილა. ორგანიზების მხრივ ყველაფერი კარგად იყო, თუ არ ჩავთვლით ინცინდენტებს მაროკოელ ფანებსა და ადგილობრივ პოლიციას შორის. ასევე, გადატვირთულ მეტროს ხაზებს საფინალო მატჩის წინ.

ფინალში ვიხილეთ გუნდები, რომელთაც თავიდანვე ფავორიტად თვლიდნენ. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება მუნდიალზე. ალბათ, სწორედ ამიტომ გამოვიდა ისტორიაში საუკეთესო ფინალი.

მესიმ ნანატრი თასი აღმართა და ახალი ფურცელი ჩაწერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მესის გარდა, ჩემპიონატი დაამახსოვრდებათ კილიან მბაპეს გამოც, კილიანი 8 გატანილი გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მათ შორის, სამი ფინალში გაიტანა და მხოლოდ მილიმეტრებმა განსაზღვრეს მისი მარცხი. მოგების შემთხვევაში ზედიზედ მეორედ იზეიმებდა მსოფლიო ჩემპიონობას და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიც ის გახდებოდა. მბაპეს ყველაფერი წინ აქვს. მესი კი უკვე ასრულებს.

მესის მსოფლიო ჩემპიონობის გამო 2022 წელი განსაკუთრებულ თარიღად იქცა საფეხბურთო სამყაროში. ისე როგორც 1970, ისე როგორც 1986.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე