მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია პორტუგალიის ნაკრებისა და ჟოზე მოურინიუს შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. ფერნანდუ სანტუშის გათავისუფლების შემდეგ პირველ კანდიდატად სწორედ ჟოზე დაასახელეს. ჟოზეც არასდროს მალავდამ, რომ ნაკრების გაწვრთნის სურვილი ჰქონდა, –
„მსურს მსოფლიო ჩემპიონატზე და ევროპის ჩემპიონატზე გავიყვანო გუნდი, ეს სულ სხვა ემოცია იქნება, მაგრამ ძალიან რთულია იყო იმ ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი, სადაც დაიბადე“.
გარდა იმისა, რომ ჟოზე საკლუბო მწვრთნელად მიიჩნევა, რადგან ფეხბურთელებთან ყოველდღიურ მუშაობას არჩევს, წლების განმავლობაში სხვა დაბრკოლებებიც იჩენდა თავს. მოდი, მივყვეთ თავიდან, პირველად როდის დაუკავშირეს მოურინიოს სახელი ეროვნულ ნაკრებს და რა აბრკოლებდა მას პორტუგალიის ნაკრების გასაწვრთნელად.
This is from Matilde
თავის დროზე ჟოზეს ინგლისის ნაკრებს უკავშირებდნენ, ეს მაშინ, როცა ჩელსიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს. ჟოზემ ამის შესახებ 2014 წელს ისაუბრა, –
„მქონდა შანსი, რომ ინგლისის ნაკრები ჩამებარებინა, მხოლოდ ნაკრები და არა კლუბები, კონტრაქტის მიხედვით არ მქონდა უფლება ჩელსიდან წასვლის შემდეგ, მინიმუმ ორი წლის მანძილზე გამეწვრთნა სხვა ინგლისური კლუბი, ნაკრების ჩაბარება კი შესაძლებელი იყო“.
არაფერი გამოვიდა, არადა, სწორედ იმ პერიოდში, ინგლისს ოქროს თაობა ჰყავდა, პრესაში იწერებოდა, რომ გარიგება არ შედგა შიდა სამზარეულოს გამო, ჟოზე ჩელსის წარმომადგენლად მიიჩნეოდა, მის ხელში სიამოვნებით იმუშავებდნენ ეშლი კოული, ჯონ ტერი და ფრენკ ლამპარდი, მაგრამ დანარჩენებს დიდად არ მოეწონებოდათ ეს ამბავი. ოქროს თაობის ინგლისის ნაკრების მთავარი პრობლემა, სწორედ კონფლიქტები და ბანაკებად დაყოფა მიიჩნეოდა.
თუმცა, თავად ჟოზეს თუ დავუჯერებთ საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა, –
„ყველა მეუბნებოდა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა, ჩემმა ბიჭებმა ჩელსიდან მითხრეს, რომ მანჩესტერისა და ლივერპულის ფეხბურთელებმა მოკითხვა შემომითვალეს, – დაარწმუნეთ, რომ ნაკრებში მოვიდესო, ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო და ამ დროს მართლაც დავფიქრდი ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაზე“, – თქვა ჟოზემ.
გამოდის, რომ მიზეზი სულ სხვა რამ იყო, ინგლისური პრესა კი იქამდე არ ყოფილა საქმის კურსში, სანამ თავად ჟოზემ არ ისაუბრა ამის შესახებ, – „ჩემმა ცოლმა მატილდემ მითხრა, რომ ამ შეთავაზებას არ დავთანხმებოდი, ვფიქრობ, რომ მართალი იყო. ეს 2007 წელს მოხდა, დიდ ტურნირამდე 3 წელი უნდა მეცადა, (ინგლისის ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა უემბლიზე და ევრო 2008-ზე ვერ გავიდა) მაშინ არ შემეძლო დრო ყაზახეთთან და სან მარინოსთან მოსამზადებლად დამეხარჯა“.
„მაქსიმალურად ჩავერთვებოდი საქმეში, ვიცი, რომ ინგლისის ნაკრებისთვის ბევრ რამეს უკეთესობისკენ შევცვლიდი, მოვითხოვდი ფეხბურთელებთან ინდივიდუალური მუშაობის ნებართვას, სათითაოდ დავაკვირდებოდი ყველას და ეს ძალიან საინტერესო პროცესი იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ ჩემმა ცოლმა მარტივად მიპასუხა, – არ იქნება ფეხბურთი, არ იქნება თამაშები, ეს შენთვის ცუდია. ის მართალი იყო, ეს არ ყოფილა ჩემთვის შესაფერისი სამუშაო 7 წლის წინ, ეს არ არის ჩემთვის შესაფერისი სამუშაო ახლა, და არა მგონია, რომ დღეიდან შვიდი წლის შემდეგ მაინც იყოს ასე“, – თქვა ჟოზემ 2014 წელს, მას შემდეგ უკვე 8 წელია გასული, იქნებ სწორედ ახლა არის ეს დრო?!
ღმერთი რეკავს
ნაკრებთან მეორე შეხება, რეკომენდატორის სახით 2010 წელს ჰქონდა. არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავდა, ლიონელ მესის სახით, მესის საუკეთესო ვერსია, ამას დამატებული ვეტერანი და ახალგაზრდა ვარსკვლავები, მაგრამ მწვრთნელი ვერა და ვერ იპოვეს. იყო შეთავაზება გვარდიოლას მიმართ, პარალელურად ემუშავა ბარსელონასა და არგენტინაში, მაგრამ პეპმა მსგავსი შეთავაზება არაპროფესიონალურად მიიჩნია, ჩათვალა, რომ მთავარი მწვრთნელი მხოლოდ ერთ საქმეზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული. საბოლოოდ, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო და მწვრთნელად დანიშნა კაცი, რომელიც საერთოდ არ იყო მწვრთნელი, სამაგიეროდ იყო ყველაზე დიდი ლეგენდა არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში.
ვალდანომაც კი დააგვიანა რეაგირება, ალბათ დიეგოს დიდი პატივისცემის გამო, – „დიეგო შეიძლებოდა სამწვრთნელო გუნდში შეეყვანათ, ფეხბურთელების გასამხნევებლად, მათი მოტივირებისათვის, განწყობის ასამაღლებლად, მაგრამ მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა არ შეიძლებოდა“, – ეს ყველაფერი თქვა, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც არგენტინა ჩემპიონატს გამოეთიშა.
და რა შუაშია მოურინიუ?
დიეგო მარადონამ გერმანიასთან გასამართი მეოთხედფინალის წინ დაურეკა და რჩევა თხოვა, სავარაუდოდ მისი რჩევა არ გაითვალისწინა, რადგან სუპერ შემტევი შემადგენლობით და გაუგებარი დაცვის ხაზით გავიდა მოედანზე, – საბოლოოდ არგენტინა განადგურდა. ჟოზეს რჩევა ვერაფერში გამოიყენეს.
„მე ის ძალიან მომწონს, მის ნომერს ყოველთვის ვინახავ და ფეხბურთზე საათობით ვსაუბრობთ, დაცვითსა და შემტევი ტაქტიკების შესახებ, ის არის კაცი, რომელიც ყოველთვის ახლოს უნდა გყავდეს“, – ამბობდა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას დიეგო მარადონა.
როცა სამშობლო გიხმობს
ამის შემდეგ ახსენებდნენ მხოლოდ პორტუგალიას. იყო კიდეც შანსი მოალაპრაკებების დასაწყებად, მაგრამ სანტუშს ჰქონდა დიდი ნდობა, ჟოზეს კი რაღაც არ მოსწონდა. რაღაც, ან ვიღაც. დიდი ალბათობით კრიშტიანუ რონალდუ. მათი ურთიერთობა მადრიდის რეალში მუშაობისას გაფუჭდა, თავიდან დიდი მოლოდინი იყო, თანამემამულეები ერთ კლუბში, ორივე ძალიან ამბიციური, ორივე გამარჯვებულის მენტალიტეტით. რაღაც ვერ აეწყო, რაღაც არ გამოვიდა. რონალდუს არ მოსწონდა ჟოზეს საფეხბურთო სტილი, არც ფილოსოფია, უფრო დიდ დროს ითხოვდა შეტევაში, გვახსოვს ძალიან ცნობილი სცენა ელ კლასიკოდან, როცა რეალი თავის ნახევარზე იყო გამაგრებული, პრესინგზე კი მხოლოდ რონალდუ თამაშობდა, მთელ გუნდს მოუწოდებდა მეტოქის ნახევარზე ამოსაწევად, მაგრამ არავინ მოუსმინა, რადგან ჟოზე სხვა გეგმით იყო სათამაშოთ გასული.
კონფლიქტს უარჰყოფდნენ, თუმცა, მაინც ვერ დაიმალა. ყველაზე ნათლად წინასასეზონო მატჩში გამოჩნდა, სადაც რეალიდან წასული და ჩელსიში დაბრუნებული ჟოზე ყოფილ კლუბს დაუპირისპირდა. რონალდუმ და მარსელომ გატანილი გოლები მის თვალწინ აღნიშნეს.
მეორე მხრივ, ჟოზე იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ბრაზილიელ რონალდოს ნამდვილ რონალდოს ეძახის, სხვათა შორის, ბარსელონაში ყოფნის დროს მასთანაც ჰქონდა კონფლიქტი, უფრო მეტს ითხოვდა მისგან ვარჯიშებზე, რონალდო კი არასდროს სერიოზულად არ უყურებდა, ჟოზე მაშინ მხოლოდ ბობი რობსონის თარჯიმანი იყო.
რონალდუ კი ყოველთვის აღნიშნავდა რომ საუკეთესო ვისთანაც უმუშავია სერ ალექს ფერგიუსონია. ჟოზეს ესეც არ მოსწონდა, – „მას ჰგონია, რომ ფერგიუსონისგან ყველაფერი ისწავლა და არაფრის მოსმენა არ სურს“, – ესეც ჟოზეს სიტყვებია, ჯერ კიდევ რეალში ყოფნის დროს.
ახლა კი ყველაფერი დასრულდა, რონალდუმ მუნდიალი დაასრულა, ნაკრებიდან ჯერჯერობით არ წასულა, თუმცა, ძირითად შემადგენლობაში აღარ განიხილება და თუ საკლუბო კარიერა ვერ დაალაგა სიტუაცია ნაკრებში შეიცვლება.
ეს კი ჟოზესთვის იდეალური მდგომარეობაა. მოურინიოს არ უყვარს, როცა გუნდში მასზე დიდი ავტორიტეტები არიან.
ოქროს თაობა
პორტუგალიას ოქროს თაობა ჰყავს. სანტუშმა ამის გამოყენება ვერ შეძლო, თუმცა, დაცვის ხაზიდან დაწყებული, ნახევარდაცვით გაგრძელებული და თავდასხმით დამთავრებული, პორტუგალია იდეალურად არის დაკომპლექტებული. ჯერჯერობით არ ჩანს გამოკვეთილი ლიდერი, კარგი მატჩები ჰქონდა ბრუნოს, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ისეთი ლიდერია, როგორიც თუნდაც რუი კოშტა იყო. ის მაინც გუნდური მოთამაშეა, ისევე როგორც ბერნარდუ სილვა, ეს კი ჟოზესთვის მთავარი ამბავია.
არ უნდა დაგვავიწყდეს რაფაელ ლეაუ და ჟოაუ ფელიქსი, – პორტუგალიის ნაკრების მომავალი. არ იყო მუნდიალზე დიეგუ ჟოტა, და გამოჩნდა გონსალუ რამოში, ასე რომ ყველაფერი რიგზეა. თუ მოურინიუ ნაკრებს ჩაიბარებს საწუწუნო არაფერი ექნება. პორტუგალიის ნაკრებში ახალი ერა იწყება.
არასდროს ასეთი ნაკრები არ ჰყოლიათ, სამოციან წლებში პორტუგალია ერთი კაცის ნაკრები იყო, ეს ერთი კაცი ეუსებიო გახლდათ, მისი პიკი 1966 ში ვნახეთ, ერთ ჩემპიონატზე შეძლო 9 გოლის გატანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრაზილიის ოქროს თაობის დამარცხება. ეუსებიო თავისი კუმირი დაამარცხა. პორტუგალიელი არასდროს მალავდა, რომ პელეს აღმერთებდა.
მეორე მატჩი, რომელიც კაცს გაახსენდება, მეოთხედფინალია ჩრდილოეთ კორეასთან, სადაც კორეელებს 3:0 მიჰყავდათ ანგარიში, შემდეგ ეუსებიო ჩაერთო საქმეში, ერთხელ, მეორედ, მესამედ, მეოთხედ, პოკერი შეასრულა და მეორე ტაიმის დასაწყისში მოატრიალა თამაში. ბოლოს მეხუთეც შეაგდეს.
თუმცა, გუნდი რომ დიდად გამორჩეული არ ყოფილა, ამის მიხვედრა იმითაც შეიძლება, რომ ეუსებიომ მხოლოდ ერთი მუნდიალი ითამაშა. პორტუგალიელები ფინალურ ეტაპზე გასვლას ვერ ახერხებდნენ.
პირველად, ოქროს თაობა პორტუგალიასთან მიმართებით 1991 წელს ახსენეს, როცა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, ფინალში ბრაზილია დაამარცხეს, სადაც რობერტო კარლოსი და ჯოვანი ელბერი თამაშობდნენ. პორტუგალიას კი სამი მთავარი ვარსკვლავი ჰყავდა, – ლუიშ ფიგუ, რუი კოშტა, ჟოაუ პინტუ. სამი წლის შემდეგ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია ისევ ფინალში გავიდა, თუმცა, იტალიასთან დამარცხდა, პორტუგალიის ტრიო უცვლელი იყო, იტალიელებს კი ფაბიო კანავარო, ფრანჩესკო ტოლდო და ფილიპო ინძაგი ჰყავდათ. ამ თაობისგან მოლოდინი დიდი იყო, თუმცა, 90-იანელებმა განსაკუთრებულ წარმატებას ეროვნულ ნაკრებში ვერ მიაღწიეს. ყველაზე ახლოს ფინალთან ევრო-2000 ზე იყვნენ, მაგრამ ნახევარფინალში ზიდანის საფრანგეთთან დამარცხდნენ.
ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც სკოლარის პორტუგალია იყო, რომელმაც თავის მხრივ ორჯერ გააგდო ინგლისის ოქროს თაობა, 2004 და 2006 წლებში. ყველაზე დიდი მარცხიც 2004 წელს უკავშირდება, პორტუგალიამ სახლში წააგო ფინალი, საბერძნეთთან ჯგუფშიც დამარცხდნენ და ფინალშიც. სკოლარი ოტო რეჰაგელთან პირწმინდად დამარცხდა.
სკლარის ეპოქაში, ახალგაზრდა რონალდუს უფრო დიდი როლი ჰქონდა ნაკრებში, ვიდრე რუი კოშტას. დეკუსა და რონალდუს დრო მოვიდა, რუი კოშტა და ფიგუ ჩააჩოჩეს, პორტუგალიის პირველი ოქროს თაობა ოქროს გარეშე წავიდა.
90-იანელების დაცვას აქებდნენ ტექნიკურობისა და ბურთის ამოტანის სიმარტივის გამო, მაგრამ მაინც არ იყვნენ მსოფლიო დონის მცველები, – არც ფერნარდუ კოუტუ, არც ჟორჟე კოშტა, არც აბელ შავიერი. მცველები უკეთესები იყვნენ რონალდუსა და დეკუს პერიოდში, – პეპე, კარვალიუ, მიგელი, კოენტრაუ, ფერეირა, – ბევრად აღემატებოდნენ, მაგრამ რონალდუს თაობას შემტევებმა ვერ აუწყვეს ფეხი, – ვერც ნანიმ, ვერც კუარესმამ, ვერც მოუტინიუმ იმედები ვერ გაამართლეს. საბოლოოდ, იმ ფორმაციის პორტუგალიამ შეძლო ევროპის ჩემპიონობა, რომლისგანაც ამას არავინ ელოდა.
ახლა კი ყველაფერი რიგზეა, პორტუგალია იდეალურად არის დაბალანსებული და მომდევნო დეკადის მანძილზე პრობლემები არ უნდა ჰქონდეთ.
რომა და კონტრაქტი
პორტუგალიას ახალი მწვრთნელი უკვე სჭირდება, ჟოზე კი დიდ პროექტს შეეჭიდა რომაში. სადებიუტო სეზონში კონფერენს ლიგა მოიგო, – დასაწყისისთვის კარგია. ჟოზეს აქვს ნდობა და მშვიდად მუშაობის საშუალებას აძლევენ, რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან იშვიათი ამბავია, მეორე მხრივ, თუ ახლა არ ჩაიბარა ნაკრები, შესაძლოა ეს შანსი აღარც მიეცეს.