წინათქმა – მადრიდის რეალი vs ლაიფციგი

ორი მეოთხედფინალისტი უკვე ცნობილია, გუშინ როგორც მოსალოდნელი იყო მიუნხენის ბაიერნმა და პარი სენ ჟერმენმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. მერვედფინალები ისე დაწყვილდა რომ თავიდანვე ნათელი გახდა – თუ ეს ეტაპი სენსაციების გარეშე ჩაივლის, წინ ბევრი კლასიკური დაპირისპირება გველის.

დღეს კიდევ ორი გუნდი გავა მეოთხედფინალში. დღევანდელ შეხვედრებს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და ორივეს უპირატესობა აქვს, თანაც, მადრიდის რეალმაც და მანჩესტერ სიტიმაც მეტოქის მოედანზე მოიგეს პირველი შეხვედრა, ახლა კი სახლში ითამაშებენ.

სიტი კოპენჰაგენთან, მადრიდის რეალი კი ლაიფციგთან.

როგორ ჩაიარა კვირამ – მადრიდის რეალი

რეალმა ლაიფციგთან მოგების მერე სამი შეხვედრა გამართა ლა ლიგაში, ერთი მოიგო და ორი ფრედ დაასრულდა. თუმცა, ბოლო ყაიმს დიდი სკანდალი მოჰყვა, ჯუდ ბელინგემი მორიგ გმირობასთან იყო ახლოს, მაგრამ მსაჯმა უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, ზუსტად საჯარიმოში ჩაწოდების წინ დაუსტვინა და გოლი გაუქმდა.

ფეხბურთელები იმაშიც ვერ გაერკვნენ ეს სასტვენი მსაჯის იყო თუ ვალენსიას ქომაგის ტრიბუნაზე. მოკლედ, გოლი არ ჩაითვალა, რეალს ქულები დააკარგვინეს. ასეთი ამბავი ესპანელი მსაჯებისგან გასაკვირი არ არის, კვირა არ გავა სკანდალის გარეშე.

მიუხედავად დაკარგული ქულებისა, რეალი ლა ლიგას ლიდერობს და უახლოეს მდევარ ჟირონას შვიდი ქულით უსწრებს. კარგი ამბავია რომ მადრიდს ბელინგემი დაუბრუნდა მცირე დაზიანების შემდეგ. მასთან ერთად რეალი სულ სხვა გუნდია.

როგორ ჩაიარა კვირამ – ლაიფციგი

ლაიფციგმა სამი შეხვედრა გამართა ბუნდესლიგაში. მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა, მიუნხენგლადბახთან და ბოხუმთან კი მოიგეს. გაიტანეს შვიდი და გაუშვეს 5 გოლი.

ლაიფციგი ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზეა და სულ რაღაც ერთი ქულით ჩამორჩება მეოთხეზე მყოფ დორტმუნდის ბორუსიას.

დანაკლისი

რეალს დიდი ხანია ალაბა, კურტუა და მილიტო აკლია და მათი უქმობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ლაიფციგს კი ლუკას კლოსტერმანი ვერ დაეხმარება.

რა ითქვა მატჩის წინ

საკუთარ შესაძლებლობებში აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, მოედანზე სიამოვნების მისაღებად გავალთ და მჯერა რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ. მაღალ დონეზე თამაში და მცირეოდენი იღბალიც დაგვჭირდება, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. პირველ მატჩში დავამტკიცეთ რომ რეალთან თანაბრად თამაში შეგვიძლია“.

ოჰ, ჯუდ ბელინგემი, რა დიდებული ბიჭია, ის მეომარია, რომელსაც ყველა თამაშის მოგება შეუძლია. ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ არის. რეალში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს, სადებიუტო სეზონს ატარებს და უკვე ლიდერია, ჩემი ფეხბურთელები გავაფრთხილე რომ ჯუდს შეუძლია გადამწყვეტი სიტყვა თქვას”, – ასეთი კომენტარი გააკეთა ლაიფციგის მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როზემ.

არ მგონია ბელინგემთან ამ თემაზე საუბარი საჭირო იყოს (საუბარია ვალენსიასთან მიღებულ წითელ ბარათზე) ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და თავის საქმეს დიდებულად აკეთებს. რაც შეეხება წითელ ბარათს, მიმაჩნია რომ ეს შეცდომა იყო, რადგან ბელინგემი მსაჯის გადაწყვეტილებით ძალიან იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია”.

მშვიდად ვარ თუ არა? არა, რა თქმა უნდა, ასეთი თამაშის წინ მშვიდად არასდროს ვარ, ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია. საჭიროა ოცნებას მივყვეთ და თამაშში დავრჩეთ იმ ტურნირზე, სადაც წარსულში ბევრი წარმატება გვქონია. თამაშის წინ მსაჯებზე არასდროს ვფიქრობ, მაგრამ, ასევე მომწონს, როცა არც თამაშის მერე მიწევს მათზე ფიქრი”, – თქვა კარლო ანჩელოტიმ.

სად ვუყუროთ – რეალი vs ლაიფციგი

თამაშის ყურებას სეტანტას სატელევიზიო არხებსა და Setantasports.com-ზე შეძლებთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე