ბარსელონამ რეალს აჯობა – ყველაფერი ელ კლასიკოზე

რეალი 1:3 ბარსელონა | Setanta Sports

მატჩამდე კარლო ანჩელოტი ამბობდა, რომ რეალი საკმარისად დანაყრებული არ იყო, თუმცა ბარსელონა უფრო მოწყურებული აღმოჩნდა. კატალონიელებმა რიადში 3:1 გაიმარჯვეს და სუპერ თასს ისტორიაში მე-14-ედ დაეუფლნენ.

2023 წლის პირველი ელ კლასიკო საუდის არაბეთის დედაქალაქში შედგა. setantasports.com-ის მაყურებელმა სუპერ თასის ფინალში ბარსელონას ტრიუმფი პირდაპირ ეთერში იხილა.

გავი სუპერ თასის ფინალის MVP გახდა | Setanta Sports
გავი სუპერ თასის ფინალის MVP გახდა

გავიმ გაიბრწყინა – რეალი 1:3 ბარსელონა

90 წუთში ბარსელონას კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია. კატალონიელთა მხრიდან კი ყველაზე გამორჩეული პაბლო მარტინ პაეს გავირა იყო. გავიმ მონაწილეობა სამივე გოლში მიიღო.

ანგარიში 33-ე წუთზე სწორედ გავიმ გახსნა. ესპანელმა ლევანდოვსკის საგოლე გადაცემა გამოიყენა. თავად პოლონელს მანამდე ორი საგოლე შანსი ჰქონდა.

გავი ელ კლასიკოს ისტორიაში გოლის მეორე ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა. ნახევარმცველმა საპატიო ადგილი ანსუ ფატის შემდეგ დაიკავა.

ლევანდოვსკის პირველი გოლი ელ კლასიკოში

ბარსამ უპირატესობა პირველსავე ტაიმში გაზარდა. გავიმ და ლევანდოვსკიმ როლები გაცვალეს. საგოლე პასი გავის, ხოლო გოლი ლევანდოვსკის ანგარიშზე იყო. კლასიკოში პოლონელმა პირველად გაიტანა.

2005 წლიდან მოყოლებული ბლაუგრანამ რეალს პირველ ტაიმში ორი გოლი მეხუთედ გაუტანა. ბლანკოსმა ხუთივე ასეთი მატჩი დათმო.

პედრისა და ბენზემას გოლები

რეალის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად გოლი კვლავ ბარსელონამ გაიტანა. მადრიდელთა დაცვის მორიგ ჩავარდნას, ამჯერად პედრის გოლი მოჰყვა.

საგოლე გადაცემა კი გავის მხოლოდ იმიტომ არ ჩაეწერა, რომ პასის მომენტში ბურთს ტონი რიუდიგერი მცირედით შეეხო.

ერთადერთი რაც სამეფო კლუბმა მოახერხა პრესტიჟის გოლი იყო. ქარიმ ბენზემამ 90+3 წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ფრანგმა სუპერ თასზე მე-7 გოლი გაუტანა და რაულ გონსალეს ბლანკოსს გაუთანაბრდა. რეალის მოქმედი და ლეგენდარული ფორვარდები მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩებიან.

ჩავი ერნანდესმა ბარსელონასთან ერთად პირველი ტიტული მოიგო. კარლო ანჩელოტიმ კი 2010 წლის შემდეგ პირველი ფინალი წააგო.

კომენტარები ფინალის შემდეგ

“პირველი ტიტული ჩავისთვის. ეს არის ფეხბურთელების გასაოცარი თაობა, დიდებული მთავარი მწვრთნელით.

რეალი ღირსეული მოწინააღმდეგეა. მათ იციან როგორ გაიმარჯვონ და როგორ დამარცხდნენ ღირსეულად. ფლორენტინომ ბუსკეტსთან რამდენიმე თბილი სიტყვა გაცვალა.

მსურს, მივულოცო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას კარგად ჩატარებული ტურნირი გამო. გვიხარია, რომ მისი ნაწილი ვიყავით და შევძელით ჩვენი გულშემატკივრისთვის სიხარულის განცდა დაგვებრუნებინა.

ჩავის აქვს ცოდნა, ინდივიდუალიზმი, სტილი, რომელიც ბარსას სტილს ასხივებს. ის ამ უნიკალური სტილის ერთ-ერთი არქიტექტორია”.

ჟოან ლაპორტა – ბარსელონას პრეზიდენტი

“ვიცოდით, რომ ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. ეს გამარჯვება სხვა ტიტულებისთვის ბრძოლაში დაგვეხმარება.

ფანები ჩვენგან ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ და ჩავისთან ერთად საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც.

ცენტრი დავტვირთეთ, რათა უპირატესობა მიგვეღო. რონალდს[არაუხოს] ვინისიუსი უნდა შეეჩერებინა. ჩვენ რეალს ფლანგებზე თამაში ვაიძულეთ.

რაც შეეხება გავის – ყველამ იცის, თუ როგორც შესწევს მას თამაში. მის ასაკში ძირითადად ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობენ ხოლმე. ის კი უმაღლეს დონეს დებს მოედანზე. მას შეუძლია კიდევ ბევრ კომპონენტში მოუმატოს”.

სერხიო ბუსკეტსი – ბარსელონას კაპიტანი

    საინტერესო ფაქტები – რეალი 1:3 ბარსელონა

    • ბარსელონას 639-დღიანი უტიტულო სერია დასრულდა. რომ არა რიადში გამარჯვება ბარსელონა 699-დღიანი მშრალი სერიის გამეორებასთან ახლოს იყო, რომელიც 2019-2021 წლებში იყო. გვარდიოლას ერამდე კი კატალონიელები უთასოდ 1998-2004 წლებში იყვნენ.
    • ჩავიმ მწვრთნელის რანგში, ბარსელონასთან ერთად პირველი ტიტული მოიგო.
    • ჩავის პირველი ტიტულის მოსაგებად ბარსელონაში 437 დღე დასჭირდა. გვარდიოლას – 331. ამ მხრივ საუკეთესო ტატა მარტინოა. არგენტინელმა პირველი და ერთადერთი თასი პოსტზე დანიშვნიდან 53 დღეში მოიპოვა.
    • ჩავის ხელმძღვანელობით ბარსელონამ 4 მატჩში რეალს 10 გოლი გაუტანა. ეს კი ბოლო 40 წლის განმავლობაში ბლაუგრანას მწვრთნელებს შორის მეორე საუკეთესო შედეგია. უკეთესი მხოლოდ გვარდიოლას ჰქონდა – 11.
    • კარლო ანჩელოტიმ 2010 წლის შემდეგ პირველი ფინალი წააგო. 2014 წლიდან ანჩელოტიმ რეალითა და ბაიერნით 9 ფინალი მოიგო. ბოლო წაგებული ფინალისას 2010 წელი იდგა. ანჩელოტის ჩელსი კი ჩერითი შილდზე მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდა.
    • ბარსელონამ რეალს 3+ გოლი 57-ე მატჩში გაუტანა. კატალონიელებისთვის, ამ კომპონენტში, ეს პირველი შედეგი. მეორეზე ბილბაო, რომლისთვისაც ბარსას 38 შემთხვევაში გაუტანია 3+ გოლი.
    • სერხიო ბუსკეტსმა კარიერაში 45-ე ელ კლასიკო ითამაშა. საყრდენი ლეო მესისა და სერხიო რამოსს გაუთანაბრდა. ტრიო ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს ინაწილებს.

    დაკავშირებული სტატიები
    ავტორის შესახებ
    ირაკლი იმედაძე
    ირაკლი იმედაძე
    მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

    სარჩევი

    ჩაყვინთვის სპორტში
    ტოპ ლიგები
    პრემიერ ლიგა
    ბუნდესლიგა
    ლა ლიგა
    ბუნდესლიგა
    ლიგა 1
    მიჰყევით SETANTA-ს

    მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე