სარჩევი
ულტიმატუმი კაირი ირვინგს | Setanta Sports
2022 ნოე 08, 08:25 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

კაირი ირვინგი რომ ჯიუტი და შეუვალი კაცია ეს კარგად ვიცით, თავისი შეხედულებების გამო არც იმაზე თქვა უარი რომ უთამაშებელი დარჩენილიყო, ახსოვს ყველას ვაქცინაციის და პროტესტის  ამბავი, კაირიმ თქვა, მე იმ ხალხის ხმა ვარ, ვინც ვაქცინას ეწინააღმდეგებაო. ხუმრობით, უფრო სწორად, დაცინვით,  კაირი კინგიც კი შეარქვეს, მარტინ ლუთერ კინგის გავლენით. თავიდან, საერთოდ არ თამაშობდა NBA-ის რეგულაციების გამო, რამაც კალათბურთის მოყვარულები ძალიან დაამწუხრა, მოგვიანებით კი მხოლოდ იმ შტატებში დაიწყო გასვლითი შეხვედრების ჩატარება, სადაც კანონი აძლევდა ამის საშუალებას.

პანდემია წარსულს ჩაბარდა, კაირის თავს კვლავ პრობლემებია და კვლავ საფრთხის წინაშეა, რომ პარკეტზე ვერ გავიდეს, თუმცა, ახლა ერთი არსობრივად საინტერესო კითხვა ისმის, – ამჟამად ვისი ხმაა კაირი ირვინგი?

მოგეხსენებათ, კაირიმ სოციალურ მედიაში ანტისემიტური ფილმი გააზიარა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დიდი ამბები, თუმცა, როგორც ამ უცნაურ კაცს სჩვევია ყოველი მომდევნო ნაბიჯი უფრო საინტერესო ხდება, მაგალითად, პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ მას არ აქვს სიძულვილი ცალკეული ხალხების, ან განსხვავებული კონფესიის მქონე ხალხის მიმართ, მაგრამ ბოდიშს არ იხდის. იხდის ჯარიმას, მაგრამ ბოდიში არ ისმის. ჯიუტი კაცია.

სადამდე მიიყვანს ეს სიჯიუტე? კოვიდ ომის მსგავსად, ამჯერადაც ულტიმატუმამდე მივიდა საქმე, აი, ბრუკლინის ულტიმატუმიც:

  • კაირიმ აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში, ანტისემიტური ფილმის გაზიარების გამო;
  • უნდა გაიღოს შემოწირულობა 500 000 დოლარის ოდენობით, სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციებისათვის;
  • უნდა გაიაროს ტრენინგი ფსიქოლოგებთან, სიძულვილის ენის დასაძლევად;
  • უნდა შეხვდეს ებრაელ სასულიერო პირებს, მოუბოდიშოს და გაესაუბროს;
  • უნდა დაესწროს ანტისემიტურ ტრენინგს;
  • პირადად უნდა შეხვდეს ბრუკლინის მფლობელებს და მოუბოდიშოს მათ;

როგორც ვახსენეთ, ეს ულტიმატუმია, თუ კაირი ირვინგი ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, მას ბრუკლინიდან წასვლა მოუწევს. ახლა კაცი იფიქრებს ეგ რა ულტიმატუმია, კაირის ბრუკლინიდან წასვლა ისედაც უნდოდა, გამოდის რომ საქმეს გაუადვილებენო, მაგრამ, მხედველობაში უნდა მივიღოთ რომ მასთან თანამშრომლობას ალბათ არავინ დათანხმდება, მაგალითად, ირვინგს ლეიკერსში სურდა გადასვლა, ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია, ლოს ანჯელესში ასეთი რეპუტაციის მქონე კალათბურთელს არავინ მიიღებს.

არსებობს თუ არა შანსი რომ კარიერა დაასრულოს? კი, არსებობს, ისევ და ისევ, თუ მის პიროვნებას მივიღებთ მხედველობაში, უნდა ვიცოდეთ რომ ეს ჯიუტი კაცი ამისთვისაც მზად არის.

ამით წააგებს ორგანიზაცია, წააგებს NBA, წააგებს კალათბურთი, წააგებს მაყურებელი და თავად კაირი, მოდი უკანასკნელი კითხვაც დავსვათ, თუ ყველაფერი ასე წარიმართა, მოგებული ვინ რჩება?