ჩასაფრებული ბატლერი, დამალული ბატუმი – ფილადელფია პლეიოფშია

აღმოსავლეთ კონფერენციის ფლეი ინის ჯერი მოვიდა, მოლოდინი აქაც გამართლდა, ძალიან მაგარი თამაში ვიხილეთ ფილადელფია სიქსერსსა და მაიამი ჰიტს შორის. მეორე შეხვედრაში კი ჩიკაგომ შედარებით მარტივად დაამარცხა ატლანტა ჰოუკსი.

ასე რომ, ფილადელფიამ პლეიოფში გადაინაცვლა, სადაც ჯეილენ ბრანსონის ნიუ-იორკ ნიქსს შეხვდება. ჯიმი ბატლერის მაიამი კიდევ ერთ შანსს მიიღებს ჩიკაგო ბულზთან.

ფილადელფია სიქსერსი vs მაიამი ჰიტი

არსებობს უძველესი ლეგენდა საპლეიოფო პერიოდის ჯიმი ბატლერზე, დრაკონივით არის, ამ დროს იღვიძებს და ცეცხლსაც აფრქვევს პირიდან. ბოლო წლებში ეს პერიოდი ოდნავ შეიცვალა, ცოტა ადრე უწევს გამოღვიძება, ფლე ინიდან იწყება ეს საამო ამბავო. ამჯერადაც ასე იყო, მაგრამ ჯიმის გარჯამ მაიამის ჯერჯერობით ვერ უშველა.

რამდენი ბურთიც მოიპარა იმდენი ჩააგდო, ასე ჩასაფრებული იყო და ხუთჯერ წაგლიჯა ბურთი მეტოქეს. საპასუხოდ კი ფილადელფიამ დამალული ვარსკვლავი გამოაჩინა, ნიკოლას ბატუმი (10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, საერთო ჯამში 20 ქულას მოუყარა თავი) საერთოდ არ ყოფილა სასტარტო ხუთეულში, მაგრამ მისმა თამაშმა მეტწილად გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი.

აბა, ვინ ელოდა ამას? არც არავინ.

პირველი მეოთხედი თანაბრად წარიმართა. მეორეში მაიამი საგრძნობლად გაიქცა, მერე კი ფილადელფია ნელ-ნელა ბრუნდებოდა თამაშში და ბოლო მეოთხედის მეორე ნახევარში საბოლოოდ დაბრუნდა.

კარგი სანახავი იყო დიდი ბიჭების დაპირისპირებაც, ჯოელ ემბიდმა და ბემ ადებაიომ ორმაგი დუბლი შეასრულეს, მაგრამ მაინც დიდი სხვაობაა ამ დუბლებს შორის.

  • ჯოელის ანგარიშზე 23 ქულა, 15 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/17.
  • ადებაიომ კი 10 ქულა, 12 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ბლოკი მიითვალა. FG – 5/9.
  • ჯიმი ბატლერის ანგარიშზე 19 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი და 5 ჩაჭრაა. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 5/18.

საბოლოოდ ფილადელფიამ 105:104 მოიგო. ბოლო წუთის დრამა არ გვქონია. მაიამიმ როცა ანგარიში ერთ ქულამდე შეამცირა, დროც აღარ იყო დარჩენილი.

ჩიკაგო ბულზი vs ატლანტა ჰოუკსი

წავიდა ტრეი იანგის ატლანტა სახლში. ჩიკაგომ 131:116 დაამარცხა და მაიამისთან გაარკვევს პლეიოფში გამსვლელის ვინაობას.

ესეც არანაკლებ კარგი თამაში გამოვიდა, თუმცა, ძალთათანაფარდობა არ გვქონია და აშკარად ჩანდა რომ ჩიკაგო ჩაგრავდა მეტოქეს. სამართლიანად მოიგეს და არც მაიამისთან უნდა იყვნენ უშანსოდ.

დიდებული პერფორმანსი ჰქონდა კობი უაითს – 43 წუთში 42 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 15/21.

ორმაგი დუბლი შეასრულა ნიკოლა ვუჩევიჩმა (24 ქულა, 12 მოხსნა), დემარ დეროზანის ანგარიშზე კი 22 ქულა, 6 მოხსნა და 9 ასისტია.

ატლანტას შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ჰქონდათ ტრეი იანგსა და კლინტ კაპელას – ტრეის ანგარიშზე 22 ქულა, 10 ასისტი და 2 მოხსნაა. კაპელამ კი 22 ქულა, 17 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.

პელიკანსისა და საკრამენტოს შეხვედრა 20 აპრილს, თბილისის დროით 05:30 ზე შედგება, ჩიკაგო ბულზი მაიამი ჰიტს ამავე დღეს, 03:00 ზე შეხვდება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე