სარჩევი
2024 აპრ 17, 13:51 შშ
4 წუთის საკითხავი

დასავლეთ კონფერენციაში ფლეი ინის შეხვედრები გაიმართა. ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ნიუ ორლეან პელიკანსი დაამარცხა და პლეიოფში გადაინაცვლა. გოლდენ სტეიტი კი საკრამენტო კინგსთან დამარცხდა და სეზონი დაასრულა.

ეს დიდი ეპოქის დასასრულია. შესაძლოა, უორიორზის ეპოქა ბევრისთვის წლების წინ დასრულდა, მაგრამ ეს უკვე ბოლო წერტილია, სტეფი, გრინი და ტომპსონი ერთად ამ გუნდში აღარ ითამაშებენ.

რაც შეეხება ლოს ანჯელეს ლეიკერსსა და ლებრონ ჯეიმსს – ეს კაცი დროსთან ჭიდილს აგრძელებს და საერთოდ არ ჰგავს დამარცხებულს.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი vs ნიუ ორლეან პელიკანსი

მოლოდინი ბოლომდე გამართლდა, დიდებული შეხვედრა ვიხილეთ, პელიკანსს ინგრამი დაუბრუნდა და მასთან ერთად ამ გუნდს ძალიან ბევრი შეუძლია. როგორც მოსალოდნელი იყო, სულ სხვა თამაში ვიხილეთ ზაიონისგანაც, იმდენ ხანს ელოდა რეგულარულის მიღმა თავისი ძალების გამოცდას რომ ერთი საფეხურით მაღლა აიწია, ზუსტად ისე ითამაშა როგორც მისი გამოჩენისთანავე ელოდნენ – ზაიონი სუპერვარსკვლავია. თქვენი არ ვიცი და მე ძალიან დამაკლდება, თუ პლეიოფში ვერ გააღწია.

პელიკანსმა პირველი მეოთხედი 34:26 მოიგო.
მეორე მეოთხედში ლეიკერსმა დიდი უპირატესობა მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეოთხედი ზაიონის დაფარებით დაიწყო, ისე აგრესიულად წაგლიჯა ლებრონს ბურთი როგორც თავად მეფეს სჩვევია. მიუხედავად ამისა, ლეიკერსმა მაინც დამაჯერებლად დაასრულა მეორე მეოთხედი – 34:16 მათ სასარგებლოდ.

ასე რომ, პირველი ნახევარი ლეიკერსმა 10 ქულით მოიგო.

მესამე მეოთხედი პელიკანსის სასარგებლოდ 26:23 დასრულდა. ზაიონის კარგი თამაშის შედეგად თამაშში დაბრუნება შეძლეს. თუმცა, მეორე მხრიდან ლებრონი დარბოდა 22 წლის ბიჭივით. საოცარი ამბავია – ასაკი ყველას დაეტყო სპორტის სხვადასხვა სახეობებში, რაფაელ ნადალს, რონალდუს, მესის, ლებრონ ჯეიმსი კი ისევ დაფრინავს.

ბოლო მეოთხედი აბსოლუტური სიგიჟე გამოდგა, ზაიონი აფრინდა, ბურთი ჩატენა და სამი წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა – 93:93.

აქიდან დაიწყო თამაში ქულა-ქულაში და წუთნახევრით ადრე ანგარიში უკვე 99:99 იყო. მერე კი მოხდა ის, რისიც ყველას ასე ეშინოდა, ზაიონმა კუნთი დაიზიანა და პარკეტი დატოვა. ეს უკვე განაჩენი აღმოჩნდა. სამედიცინო შემოწმებას ზაიონი დღეს გაივლის.

ბოლო წუთს ლეიკერსი უფრო კონცენტრირებული აღმოჩნდა, ნაკლები შეცდომა დაუშვა, დევისის თამაშმა მეტოქის ფარზე ალბათ გადაწყვიტა კიდეც ამ მატჩის ბედი – 110:106 ლეიკერსის სასარგებლოდ.

  • ზაიონ უილიამსონს ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა და ორმაგი დუბლი შეასრულა – 40 ქულა, 11 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა, 1 ბლოკი. FG – 17/27.
  • ლებრონს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა, მის ანგარიშზე 23 ქულა, 9 მოხსნა, 9 ასისტი, 3 ჩაჭრა და 2 ბლოკია. 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/20.
  • ენტონი დევისის ანგარიშზე 20 ქულა, 15 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკია. FG – 6/16.

გოლდენ სტეიტ უორიორზი vs საკრამენტო კინგსი

ლეიკერსი – პელიკანსისგან განსხვავებით აქ დრამა და დაძაბულობა არ გვქონია. საკრამენტომ ულაპარაკოდ დაამარცხა ერთ დროს მრისხანე გოლდენ სტეიტი. ორგანიზაციაშიც ალბათ ხვდებიან რომ ბევრი რამ არის შესაცვლელი. და ურჩევნიათ იქამდე გაატარონ ძირეული ცვლილებები სანამ სტეფ კარი ისევ მაღალ დონეზე თამაშობს. სტეფი იმსახურებს რომ მის ირგვლივ კონკურენტუნარიანი გუნდი აეწყოს.

საკრამენტომ ოთხიდან სამი მეოთხედი მოიგო. მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ საბონისი და ფოქსი, კიგან მარის კი საოცარი შეხვედრა ჰქონდა. შეიძლება ითქვას რომ მოულოდნელი გმირი აღმოჩნდა.

  • მის ანგარიშზე 32 ქულა, 9 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჰქონდა. 13-დან 8 სამქულიანი ჩააგდო. სტეფ კარის თვალწინ იკადრა ეს ყველაფერი. FG – 10/20.
  • საბონისის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 16 ქულა, 12 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. FG – 7/14.
  • დე’არენ ფოქსის ანგარიშზე 24 ქულა, 4 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/25.
  • სტეფ კარის ანგარიშზე 22 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, FG – 8/16.
  • ახლა კი უორიორზის კატასტროფაზეც ვთქვათ ორი სიტყვა – კლეი ტომპსონმა 32 წუთი დაჰყო პარკეტზე, ამ დროის მანძილზე ნული ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი, ნული ჩაჭრა და ნული ბლოკი ჰქონდა. 6-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო. FG – 0/10.

ძალიან მძიმეა კლეის ყურება, ამ დონის ვარსკვლავი რომ ასე ეცემა.

ესეც ასე, ლეიკერსი პლეიოფშია და დენვერ ნაგეთსთან ბრძოლას 21 აპრილს დაიწყებს. საკრამენტო კი პელიკანსთან ითამაშებს პლეიოფის საგზურისთვის.

შეხვედრა 20 აპრილს გაიმართება.