ოკლაჰომა და გილჯეს ალექსანდერი ერთი საფეხურით ამაღლდნენ და პლეიოფისთვის მინესოტას შეერკინებიან. პელიკანსი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს.
ინგრამი vs შაი
გამოითქმის როგორც Shy, მაგრამ ალექსანდერს სიმორცხვისა არაფერი ეტყობა, არც გამბედაობა აკლია, არც სითავხედე. იწერება როგორც Shai, ეს უკვე ებრაული სახელია და საჩუქარს ნიშნავს. ასე, დავლაგდით, გილჯეს-ალექსანდერი საჩუქარია.
შესანიშნავი თამაში იყო, ისეთი როგორსაც ველოდით, გუნდურადაც კარგი ჯახი ვიხილეთ და ინდივიდებმაც გამოიჩინეს თავი. საბოლოოდ კი ოკლაჰომა დარჩა გამარჯვებული.
პელიკანსი 118:123 დამარცხდა.
ყველაფერი ბოლო წუთში გადაწყდა. მხოლოდ ბრენდონ ინგრამის გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა, სულ ტყუილად ელოდნენ ზაიონის დაბრუნებას.
ბრენდონ ინგრამის ანგარიშზე 30 ქულა, 6 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ბლოკია. ბრენდონმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
ტრადიციულად ორმაგი დუბლით გამოირჩა ვალანჩუნასი – 16 ქულა, 18 მოხსნა, 3 ასისტი. 1-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო.
შაიმ 32 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
ბრწყინვალე იყო ჯოშ გიდი, რომელსაც სულ მცირე დააკლდა სამმაგ დუბლამდე – 31 ქულა, 10 ასისტი, 9 მოხსნა, 1 ბლოკი. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
ჩიკაგო vs ტორონტო
ასეთი გახურების მერე ასეთ მაგარ თამაშს ნამდვილად არ ველოდი. პასკალ სიაკამმა აიღო ბურთი და ვან ბასტენივით შეუდგა გახურებას, ჯერ თავით აკენწლა ბურთი, მერე ფეხი ურტყა ლამაზად, მერე ხელში აიღო და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
ტორონტომ პირველი ნახევარი 58:47 მოიგო.
ფრედ ვანვლიტმა ტაიმის დასასრულს ბაზერ ბითერი იკადრა ცენტრიდან და ასეთი კომფორტული ანგარიშით გავიდა შესვენებაზე.
ჩიკაგომ თამაში მოატრიალა, ბოლო წამების დრამამდე მივედით და სიაკამმა ვერ შეძლო იმის გაკეთება, რასაც მისგან ელოდნენ.
107:105 ზე სიაკამს სამიანი არ ასროლინეს, დაჯარიმდნენ, პასკალმა პირველი სროლა გააცუდა, მეორე კი, შესაძლოა ძალით არ ჩააგდო. ასე გასრულდა ამბავი.
საბოლოოდ, ჩიკაგომ 109:105 მოიგო.
სიაკამმა 32 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ორმაგი დუბლი ჰქონდათ ფრენ ვანვლიტსა და სკოტი ბარნსი.
ზაკ ლავინმა 39 ქულით დაასრულა შეხვედრა, – 6 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა.