სარჩევი
2023 აპრ 13, 14:39 შშ
3 წუთის საკითხავი

პელიკანსისთვის სეზონი დასრულდა. Play In-ში ოკლაჰომა უკეთესი გუნდი გამოდგა. არადა, სეზონის დასაწყისში ისეთი კარგი სერია ჰქონდათ, ერთ-ერთ ფავორიტადაც კი მიიჩნევდნენ, შემდეგ კი ყველაფერი აირია.

ჰოდა, მივყვეთ ნელ-ნელა, რა აირია და რატომ.

ისევ მიღმა

დიდი ბჭობა ამას არ უნდა, სანამ დიდი ბიჭი პარკეტზე იყო პელიკანსიც დაფრინავდა და ზაიონიც. აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ სანამ ზაიონი თამაშობდა ინგრამი არ იყო მწყობრში, მაგრამ პელიკანსი მაინც მოწინავე პოზიციებს იკავებდა. ახლა კი მხოლოდ ინგრამმა ეს ამბავი ვერ იტვირთა, იმის მიუხედავად რომ Play In-ში გასვლა მისი დიდი დამსახურებაა.

ასე და ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზაიონი ძალიან დიდი წონაა, (ყველანაირი მნიშვნელობით) ვარსკვლავი, მეგავარსკვლავობის გზაზე, უბრალოდ ეს გზა უკვე ძალიან ბუნდოვანია, ბევრისთვის კი საერთოდ აღარ ჩანს.

უნდა დაატრეიდონ თუ არა? – ისმის უკვე ეს კითხვა, თანაც, ძალიან აქტიურად. აბა, როგორ შეიძლება საჩემპიონო გუნდის აწყობა დაიწყო იმ მოთამაშის ირგვლივ, რომელიც ყველაზე არასტაბილურია, ვერა და ვერ მოერია ტრავმებს და ისე ჩანს, რომ ვერც მოერევა.

ასეთი წონის მქონე მოთამაშე, როცა ასეთ სისწრაფეზე თამაშობს, ტრავმები გარდაუვალია. ყველა შაკილ ონილი ვერ იქნება.

ვინ არის ავტორიტეტი?

დიდი პრობლემაა ავტორიტეტის არ არსებობა. საერთოდ, თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა ავტორიტეტებზე უარის თქმა, მაგრამ მოდი ვიწრო ჭრილში განვიხილოთ.

გახსოვთ ალბათ, ჩარლზ ბარკლის მონაყოლი, უნდა გახსოვდეთ, რადგან მუდმივად ამ ამბავს ჰყვება, როგორც ჩანს, მის კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჩარლზი ის მოთამაშე იყო, რომელსაც ასევე აწუხებდა ზედმეტი წონა, აწუხებდა ალბათ ხმამაღალი ნათქვამია.

“მან მითხრა, რომ ზედმეტად მსუქანი და ზარმაცი ვიყავი იმისათვის, რომ NBA-ში მეთამაშა, ყველას გავარტყამდი ამ სიტყვების გამო, მაგრამ ის მოზეს მელოუნი იყო, არ შემეძლო ასე უბრალოდ ხელი ამეწია”, – ჰყვება მუდმივად ჩარლზ ბარკლი.

მოზესი მისთვის ის ავტორიტეტი იყო, რომელმაც აიძულა რომ საკუთარ თავზე ემუშავა. ზაიონს კი ასეთი ავტორიტეტი არ ჰყავს, უბრალოდ კონტრაქტში თუ ჩაუწერ, რომ ბურგერებს მოერიდოს და, თუ წონას არ დაიკლებს, შესაბამის ბონუსებს ვერ მიიღებს, ეს არის მისთვის მამოძრავებელი და არა სხვის მიმართ პატივისცემა.

ფსიქოლოგიური ფაქტორი

თუ პელიკანსი ზაიონს გაუშვებს ზუსტად ეცოდინება ვის უნდა ენდოს, როდის და რატომ. ჰყავთ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომელთა ირგვლივაც შეიძლება წარმატებული ორგანიზაციის შენება. მართალია ზაიონის დონის არცერთი არ არის, მათ შორის არც უნიჭიერესი ინგრამი, მაგრამ, იმის განსაზღვრა მაინც შეუძლიათ როდის დაბრუნდება.

საქმე ის არის, რომ ტრავმები ინგრამსაც აწუხებს, მაგრამ რეაბილიტაციის პერიოდს შედარებით მარტივად გადის. ზაიონის შემთხვევაში კი შეუძლებელია იმის თქმა როდის არის მზად. ასე იყო წინა სეზონში და ასე იყო ახლაც.

ყოველთვის ვრცელდება ინფორმაცია – აი, ახლა დაბრუნდება, შემდეგ კვირას მზად იქნება, დასრულებამდე ბოლო სამ შეხვედრას ჩაატარებს. გადის დრო და არაფერი იცვლება. ზაიონი ისევ მკურნალობს, ბურგერებს შეექცევა და წონას იმატებს.

ეს ურთულესი პროცესია, როგორც ზაიონისთვის, ისე მთლიანად პელიკანსისთვის. ამიტომ, მათი დაშორების შანსები ძალიან იზრდება.

ვინ გარისკავს?

პელიკანსი უკვე რისკავს და აგებს. უკვე მესამე წელია რისკავს და ისევ და ისევ აგებს. საკითხავია, სადამდე ეყოფათ მოთმინება და ფინანსები. გარდა მაღალი ხელფასისა, პელიკანსი მის მკურნალობაში ხარჯავს ძალიან ბევრს. შეუძლებელია საკუთარ თავს არ უსვამდნენ კითხვას – გვიღირს მისი შენახვა, თუ არა?

ალბათ ერთსაც გარისკავენ.

ზაიონმა 2022 წელს ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის ვადა 2027/28 წლების სეზონის ბოლოს ამოიწურება. მიუხედავად ამისა, მაინც საუბრობენ გაცვლაზე. ყველა პროფესიონალს აქვს ამბიცია, რომ ზაიონის პრობლემას მოაგვარებს, და თუ ამის გაკეთებას შეძლებს, ორგანიზაცია ავტომატურად ჩაეწერება ფავორიტთა სიაში.

ასე არის პელიკანსიც, უბრალოდ, პრობლემას ვერ ერევიან.

ზაიონის ხელში ჩასაგდებად კი უმეტესად ის ორგანიზაცია იბრძოლებს, რომლის სამედიცინო შტაბიც სრულ რეკომენდაციას გასცემს და დანამდვილებით იტყვის – ჩვენ ამას შევძლებთ!