სარჩევი
2024 თებ 01, 13:21 შშ
2 წუთის საკითხავი

ასეთი ამბავია, ველოდით ქართულ დერბის და სულ სხვა რაღაც ვიხილეთ. ან, არ ვიხილეთ, ქართველმა მაყურებელმა, შესაძლოა, საერთოდ უარი თქვა შეხვედრის ყურებაზე, ან ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ ბითაძე და მამუკელაშვილი გამოჩდებოდნენ.

არ გამოჩენილან.

არიან მოთამაშეები რომელთაც შეხედავს კაცი დიდი ინტერესით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვიქტორ ვემბანიამა, მაგრამ იმედგაცრუება იმდენად დიდია რომ აღარც ვემბი გინდა კაცს და აღარც ბანჩერო.

ორი წუთის ხალხი

სანდრო მამუკელაშვილს ბოლო ოთხ თამაშში მხოლოდ ერთი წუთი დაუთმეს. სან ანტონიო მაჩანჩალა გუნდია, მაგრამ სანდრო სასტარტო ხუთეულში მაინც ვერ ხვდება. ხუთეულს გავეშვათ, ნორმალურ სათამაშო დროსაც კი ვერ იღებს.

არადა, წინა სეზონმა რაღაც იმედები ჩაგვისახა, სანდროს ჰქონდა კარგი თამაშები და ამ სეზონში ველოდით რომ სტაბილური ადგილისთვის იბრძოლებდა. არ გამოვიდა ასე, ვიქტორის მოსვლამ ბევრი რამ შეცვალა, თუმცა, არ მგონია რომ ეს გადამწყვეტი ფაქტორი იყოს.

ახლა სანდრო მხოლოდ იმისთვის იბრძვის რომ ერთი წუთი მაინც დაუთმონ პარკეტზე.

რაც შეეხება გოგა ბითაძეს – ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ორი წუთი მიეცა. აქაც დიდი იმედგაცრიებაა, გოგა NBA-ში საუკეთესო სეზონს ატარებდა, სასტარტოშიც ბევრჯერ დაიწყო, კარგი თამაშებიც ჰქონდა, რამდენიმე კომპონენტში მაგრადაც მოუმატა, ახლა კი ისევ სკამზეა და თითქმის საერთოდ აღარ თამაშობს.

ორლანდომ მოიგო

არ არის გასაკვირი, სან ანტონიომ ისევ წააგო. ორლანდო მეჯიქმა 108:98 მოიგო. ისევ გამოირჩა პაოლო ბანჩერო – 25 ქულა, 9 მოხსნა, 7 ასისტი.

კარგი იყო ფრანც ვაგნერიც – 20 ქულა, 8 მოხსნა და 5 ასისტია მის ანგარიშზე.

ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზე 21 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 6 ბლოკია. 5-დან 2 სამქულიანი ზუსტად ისროლა. FG – 7/15.

დევინ ვასელმა 26 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი აიღო. ჯერემი სოჩანის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლია – 18 ქულა, 12 მოხსნა.

ორლანდო (25/23) აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. სან ანტონიო (10/38) დასავლეთ კონფერენციაში სტაბილურად ბოლოა.

სპურსის წინ პორტლენდია, რომელმაც ბოლო დღეებში ერთი-ორი მაგარი მატჩი მოიგო – ზედიზედ დაამარცხეს სიქსერსი და ბაქსი. პორტლენდის წინ მემფისი და გოლდენ სტეიტია. მოკლედ, სპურსზე მაჩანჩალა გუნდი NBA-ში არავინ არის.

რეგულარული სეზონი

  • შარლოტი vs ჩიკაგო – 110:117
  • კლივლენდი vs დეტროიტი – 128:121
  • ვაშინგტონი vs კლიპერსი – 109:125
  • მაიამი vs საკრამენტო – 115:106
  • ჰიუსტონი vs ნიუ ორლეანი – 99:110
  • მინესოტა vs დალასი – 121:87
  • ოკლაჰომა vs დენვერი – 105:100
  • ბრუკლინი vs ფინიქსი – 120:136
  • პორტლენდი vs მილუოკი – 119:116