NBA – ფინიქსმა დალასი დაამარცხა

როგორც მოსალოდნელი იყო აღმოსავლეთ კონფერენციაში ყველაფერი რიგზეა, დასავლეთში კი ქაოსი გვაქვს. არ ვიცი ვინ ელოდა ოკლაჰომას პირველ ადგილზე აღზევებას, ან მინესოტას იქვე კომფორტულად მოკალათებას, მაგრამ დალასისა და ლეიკერსისგან რომ დიდ ნახტომს არ ელოდნენ ეს ფაქტია.

გარდა ამისა, უარეს დღეში არიან გოლდენ სტეიტი და მემფისი. უორიორზის თავს არ ხდება კარგი ამბავი, მემფისის ჩავარდნის მიზეზი კი მარტივია.

გამთენიისას რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა და ერთი-ორზე შედარებით დაწვრილებითაც ღირს საუბარი.

მილუოკი vs კლივლენდი

აღმოსავლეთ კონფერენციას ბოსტონი ლიდერობს. მილუოკი მეორეა, ფილადელფია მესამე, მეოთხე ადგილზე კი კლივლენდი აღზევდა. ჰოდა, ეს აღზევებული კლივლენდი შეხვდა იანისისა და ლილარდის მილუოკს.

მცირე დაძაბულობაც არ ყოფილა, მილუოკიმ პირველი სამი მეოთხედი მოგებით დაასრულა – 32:28, 29:23, 32:28 და მხოლოდ ბოლო მეოთხედი დათმო სადაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო – 33:37. საერთო ჯამში მილუოკიმ – 126:116 მოიგო.

შეუჩერებელი იყო იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა. მიმდინარე სეზონის რეკორდი მას ეკუთვნოდა – ინდიანასთან 64 ქულა ჩააგდო. ეს რეკორდი ემბიდმა გააუმჯობესა თავის 70 ქულიანი ნიშნულით, ამან ცოტა არ იყოს გაანაწყენა იანისი, თუმცა, ეს კაცი ყველაფერს სამოტივაციოდ იყენებს.

  • იანისის ანგარიშზე 35 წუთში 35 ქულა, 18 მოხსნა და 10 ასისტია. სამმაგ დუბლს ორი ბლოკიც მიუმატა. ერთიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო, FG – 16/24.
  • დემიან ლილარდმა 35 წუთში 28 ქულა ჩააგდო, 1 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრაც შემატა. 9-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, FG – 8/21.
  • დონოვან მიჩელის ანგარიშზე 28 ქულა, 7 მოხსნა და 8 ასისტია.

ცხრილი არ შეცვლილა, მილუოკი მეორეა (31/13) კლივლენდი კი მეოთხე საფეხურს იკავებს (26/16). 27 იანვარს ეს გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.

დალასი vs ფინიქსი

დალასი პლეიოფის ზონიდან შორს არის და ასეც უნდა იყოს. ეს არ არის საპლეიოფო გუნდი. შესაძლოა, წინა სეზონშიც კი უკეთესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ახლა. სულ უფრო მეტი საუბარია ლუკას წასვლაზე, რადგან დალასს საჩემპიონო ამბიციები არ აქვს, დონჩიჩი კი საჩემპიონო კალიბრის მოთამაშეა.

ფინიქსთან კაირი ირვინგს არ უთამაშია, კარგი ამბავი ის არის, რომ დონჩიჩი ტრავმას გადაურჩა. დურანტის ტერფზე დადგა ფეხი და კოჭი გადაიბრუნა, პარკეტიც დატოვა, მაგრამ მეორე ნახევარში დაბრუნდა. რამე ეჭვი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, არავინ გარისკავდა.

ფინიქსმა მარტივად მოიგო, გადამწყვეტი გამოდგა მესამე მეოთხედი, სადაც ფინიქსმა 23 ქულიანი უპირატესობით მოიგო. კევინ დურანტს არ დასჭირვებია დიდი ძალისხმევა, ამჯერად დევინ ბუკერმა გააკეთა ყველაფერი.

  • ბუკერის ანგარიშზე 35 წუთში 46 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 17/23.
  • დურანტმა 12 ქულა, 10 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი დააგროვა. ოთხიდან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო. FG – 4/10.
  • დონჩიჩის ანგარიშზე 39 წუთში 34 ქულა, 8 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია. 11-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/24.

ფინიქს სანსი (26/18) დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, დალას მავერიქსი (24/20) კი მერვე ადგილს იკავებს. ფინიქსი მომდევნო შეხვედრას ინდიანასთან გამართავს. დალასი კი ატლანტას შეხვდება.

რეგულარული სეზონი

  • დეტროიტი vs შარლოტი – 113:106
  • ვაშინგტონი vs მინესოტა – 107:118
  • მაიამი vs მემფისი – 96:105
  • ჰიუსტონი vs პორტლენდი – 131:137
  • სან ანტონიო vs ოკლაჰომა – 114:140
  • გოლდენ სტეიტი vs ატლანტა – 134:112
დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე