სარჩევი
2023 დეკ 02, 13:43 შშ
4 წუთის საკითხავი

ორლანდო ისევ იგებს, გოგა ისევ სასტარტოშია. ამაზე უკეთესს ვერაფერს წარმოვიდგენდით. როცა გოგა ინდიანას ტოვებდა, უკეთესის მოლოდინი ყველას გვქონდა, მაგრამ ამ სეზონს თუ ასე მაგრად დაიწყებდნენ ამას ნამდვილად არ ველოდი.

კარგი თამაშები შედგა, ვიქტორ ვემბანიამა ზაიონ უილიამსონის პირისპირ უნდა გვენახა, მაგრამ არ გამოვიდა ეს ამბავი. NBA-ის ორი მომავალი სახე, უდიდესი ვარსკვლავური პოტენციალით, და დიდი კითხვის ნიშნით – შეძლებენ თუ ვერა ჯანმრთელობის შენარჩუნებას?

დიდი გენერალი კი კევინ დურანტის ფინიქსს დაუპირისპირდა. მოკლედ, კარგი დღე იყო.

ორლანდო vs ვაშინგტონი

ბითაძის პროგრესი აშკარაა, განსაკუთრებით პოზიციური თამაშისა და ბოლო პასის კომპონენტში აქვს მომატებული. გახსოვთ ალბათ, პერიმეტრზე როცა ბურთს იღებდა მარტივი პასის გაკეთებას ცდილობდა და მერე ბლოკსაც საშინლად აყენებდა. ახლა ბლოკსაც უკეთ აყენებს და პასებზე ხომ ლაპარაკი აღარ არის, რამდენიმეს მეჯიქ ჯონსონიც მოაწერდა ხელს.

გააკეთა ერთი ასეთი პასი პირველ მეოთხედში, ისე კი მაინცდამაინც კარგი სტატისტიკა არ ჰქონია, 24 წუთში უფრო მეტიც შეეძლო.

გოგას ანგარიშზე 3 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ბლოკია. FG – 1/1. ერთი სამქულიანი ისროლა და ჩააგდო. ეს იყო და ეს, მეტჯერ აღარ შეუტევია ვიზარდსის ფარისთვის, რაც უცნაურიც არის და უკმაყოფილოსაც გვტოვებს.

ორმაგი დუბლი შეასრულა პაოლო ბანჩერომ – 13 მოხსნა, 28 ქულა. ხოლო ფრანც ვაგნერმა 31 ქულა ჩააგდო.

ორლანდომ 130:125 მოიგო.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. მასზე წინ მხოლოდ ბოსტონ სელტიკსია.

ნიუ-ორლეან პელიკანსი vs სან-ანტონიო სპურსი

მოლოდინი დიდი იყო. ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან ნამდვილად, ზაიონისა და ვემბის ჯახს ველოდი, მაგრამ ვემბანიამამ შეხვედრა კუნთის ტრავმის გამო გამოტოვა და ის ერთადერთი ინტრიგაც მოკვდა. აბა, რა უნდა გვენახა ამის მერე? სან-ანტონიო ვემბის გარეშე რასაც წარმოადგენს კარგად მოგეხსენებათ.

პელიკანსს კი ტრეი მერფი დაუბრუნდა, რომელმაც 18 ქულით დახურა შეხვედრა. 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და ერთი ულამაზესი მომენტიც გვაჩუქა – გაფრინდა და გადაატენა ყველას თავზე.

ტრეი დიდი ძალა იქნება პელიკანსისთვის. ზაიონი, ინგრამი, ვალანჩუნასი, მაკოლუმი და მერფი – მშვენიერი ხუთეულია.

იონას ვალანჩუნასმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 12 მოხსნა და 24 ქულაა მის ანგარიშზე.

ზაიონსა და ინგრამს ბევრი დრო არ მისცეს, არ იყო საჭირო, ძალების დაზოგვით ითამაშეს და ისე გადაურბინეს სპურსს – 121:106.

  • ზაიონის ანგარიშზე 12 ქულა, 4 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ბლოკია.
  • ინგრამის ანგარიშზე 14 ქულა, 5 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ჩაჭრა.
  • სანდრო მამუკელაშვილს 6 წუთი დაუთმეს, ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო. სამი ქულის გარდა ერთი მოხსნა და ერთი ასისტი დააგროვა.

დენვერი vs ფინიქსი

აი აქ კი ვნახეთ რასაც ველოდით, კევინ დურანტიც პარკეტზე იყო და ჯოკერიც. შესაბამისად, ბევრი ლამაზი მომენტი ვიხილეთ, სათამაშო დონე კი პლეიოფისას ჰგავდა.

კევინ დურანტს თუ რამე დააკლდა ამ შეხვედრაში თანაგუნდელების მხარდაჭერა იყო, თავად კი არაფერი დაუკლია. კარგი შეხვედრა ჩაატარა ნურკიჩმა, იოკიჩსაც გვარიანად მოსდო იდაყვი (სათამაშო ეპიზოდი) მაგრამ საკმარისი არ გამოდგა. დევინ ბუკერი ალბათ ცოტათი უფრო დაძაბავდა თამაშის მიმდინარეობას, მაგრამ არ იყო პარკეტზე.

თავის მხრივ, ნიკოლა იოკიჩი ზუსტად მაშინ იღებდა თამაშს თავის თავზე, როცა ყველაზე მეტად იყო ამის საჭიროება და შეხვედრაც მიიყვანა გამარჯვებამდე – დენვერმა 119:111 მოიგო.

  • იოკიჩმა ამჯერად ორმაგი დუბლი შეასრულა – 21 ქულა, 5 მოხსნა, 16 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი. სამიდან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო, FG – 9/18.
  • ორმაგი დუბლი ჰქონდა პორტერ-ჯუნიორსაც – 10 მოხსნა და 19 ქულა.
  • ორმაგი დუბლი შეასრულა კევინ დურანტმა – 30 ქულა, 4 მოხსნა, 11 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი. 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/25.
  • იუსუფ ნურკიჩმა კი 31 ქულა შესძინა ფინიქსს.

დასავლეთ კონფერენციაში დენვერი ჯერჯერობით მეორეა, ფინიქს სანსი – მეექვსე.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ბოსტონი vs ფილადელდია – 125:119

აღმოსავლეთის გიგანტების შეხვედრაზე აქცენტი არ გამიკეთებია, რადგან სიქსერსის რიგებში არც ემბიდს უთამაშია და არც ტაირის მაქსის.

დალასი vs მემფისი – 94:108

ლუკა დონჩიჩს არ უთამაშია. ირვინგმა 10 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა. დერიკ როუზს 20 წუთი დაუთმეს და ექვსი ქულა მიითვალა. მემფისს მორანტის არყოფნაში ისევ დესმონდ ბეინი ლიდერობს – 30 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი.

ტორონტო vs ნიქსი – 106:119