სარჩევი
2023 მარ 02, 12:54 შშ
3 წუთის საკითხავი

გოგა ბითაძის ორლანდო მილუოკთან 117:139 დამარცხდა. გოგას ხუთი წუთი დაუთმეს, ამ დროის მანძილზე 3 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. არაზუსტად ისროლა ერთი სამიანი.

მილუოკიმ მარტივად მოიგო და პირველ ადგილს ინარჩუნებს. იანისმა 28 წუთში 31 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ბლოკი დააგროვა. 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. კრის მიდლტონს არ უთამაშია, ჯრუ ჰოლიდეიმ კი 23 ქულა, 4 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა.

ორლანდოს შემადგენლობაში ორმაგი დუბლით გამოირჩა ვენდელ კარტერ ჯუნიორი. 19 ქულითა და 10 მოხსნთ.

ორლანდოს ბალანსი 26-37 ზეა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზე იმყოფება.

ბოსტონი vs კლივლენდი

ბოსტონი უძლიერესი შემადგენლობით გავიდა პარკეტზე და ასეთ დროს მათ წინააღმდეგ ძალიან ცოტა გუნდს თუ ექნება შანსი.

ბოსტონის სასტარტო ხუთეულიდან სამმა ორმაგი დუბლი შეასრულა:

პირველ რიგში, ჯეისონ ტეიტუმი აღვნიშნოთ. ბევრჯერ დაგვიწერია, რომ ძალიან მაღალ დონეზე ატარებს მიმდინარე სეზონს და პლეიოფებშიც ძალიან ბევრს ველით მისგან.

36 წუთში 41 ქულა, 11 მოხსნა და 8 ასისტი. ტეიტუმმა 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და რამდენიმე ეფექტური მომენტიც გვაჩუქა.

ალ ჰორფორდმა 23 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა. 8-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

რობერტ უილიამსმა კი 11 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა.

პარკეტს დაუბრუნდა ჯეილენ ბრაუნი. სპეციალური ნიღბით ითამაშა, 16 ქულა, 3 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა.

ბოსტონმა 117:113 მოიგო.

მატჩში ყველაზე მეტი ქულა დონოვან მიჩელმა ჩააგდო. 44 წუთში 44 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა. მიჩელმა 12-დან 4 სამქულიანი ისროლა ზუსტად.

მაიამი vs ფილადელფია

გვსურდა ჯიმი ბატლერისა და ჯოელ ემბიდის დუელის ხილვა, მაგრამ არ გამოვიდა. ჯოელს არ უთამაშია. მიუხედავად ამისა, ფილადელფიამ მაინც მოიგო – 119:96.

ჯეიმს ჰარდენს ტაირის მაქსიმ აუბა მხარი და მაიამის დასამარცხებლად მათი დუეტი საკმარისი გამოდგა.

ჰარდენის ანგარიშზე 23 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ბლოკია. წვერამ 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო

27 ქულა, 4 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ჩაჭრა – ასეთია ტაირის მაქსის მონაგარი.

მაიამის შემადგენლობაში ბამ ადებაიომ 20 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ფილადელფია მესამე ადგილზეა, მაიამის კი მეშვიდე პოზიცია უჭირავს.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • შარლოტი – ფინიქსი 91:105
  • დეტროიტი – ჩიკაგო 115:117
  • ნიუ იორკ ნიქსი – ბრუკლინი 142:118
  • ჰიუსტონი – მემფისი 99:113
  • ოკლაჰომა – ლეიკერსი 117:123
  • პორტლენდი – პელიკანსი 110:121