NBA – ლეიკერსის მოგება და დევისის 41 ქულა

NBA-ში მორიგი დღის თამაშები გაიმართა. გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი მინესოტასთან დამარცხდა. ლეიკერსმა დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება, დალას მავერიქსს კი კაირი ირვინგმაც ვერ უშველა გრიზლების წინააღმდეგ.

აქცენტს ამ სამ შეხვედრაზე გავაკეთებთ. დანარჩენი ორი მეტნაკლებად ლოგიკურად და მოსალოდნელად უინტერესოდ წარიმართა.

ორლანდო vs მინესოტა

გოგა ბითაძეს 17 წუთი დაუთმეს, ამ დროის განმავლობაში 2 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი დააგროვა. უნდა ითქვას რომ რუდი გობერმა აჯობა. რუდის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 34 წუთში 21 ქულა, 12 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გოგას გასვლის მერე მინესოტას უპირატესობა ფარზე აშკარად იზრდებოდა და გაცილებით მარტივად იღებდნენ ქულებს.

ტრადიციულად აქტიური იყო პაოლო ბანჩერო, მაგრამ ამჯერად მისი გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა – 18 ქულა, 2 მოხსნა, 3 ასისტი, 3 ჩაჭრა და 2 ბლოკი, ასეთია მისი მონაგარი. 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/22.

ბევრისთვის მოულოდნელად მინესოტა დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. კარგი სეზონი აქვთ, მაგრამ პოტენციურად სუპერფინალისტთა რიგებში მაინც არავინ ჩაწერს.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზე ჩამოქვეითდა. მეჯიქის მომდევნო მეტოქე მაიამი იქნება, მინესოტა კი ბოსტონს შეხვდება. ასე რომ, სულ მალე კონფერენციის ლიდერების დაპირისპირებას ვიხილავთ.

ლეიკერსი vs ტორონტო

ბოლო წუთების, ბოლო წამების დრამა ვიხილეთ. ლეიკერსი დიდხანს იყო მდევრის როლში, ბოლო მეოთხედში თამაში მოატრიალა, თამაშამდე ერთი წუთით ადრე კი ტორონტო ისევ წინ გავიდა, ოღონდ მხოლოდ ერთი ქულით.

საბოლოოდ, ლეიკერსმა მაინც დამაჯერებლად მოიგო, ანგარიში გეტყვით რომ სხვაობა მხოლოდ ერთი ქულა იყო, მაგრამ ერთ ქულამდე ანგარიში მხოლოდ ბაზერბითერის შედეგად დაფიქსირდა, სიაკამს დიდად არც აღარავინ უშლიდა ხელს, ჩააგდო სამიანი და საბოლოოდ ანგარიში დააფიქსირა – 132:131 ლეიკერსის სასარგებლოდ.

მატჩის MVP ენტონი დევისი გახდა, სტატისტიკას რომ თავი დავანებოთ, უკანასკნელ მეოთხედში ბრწყინვალე იყო! მოხსნა იქ სადაც ყველაზე მეტად იყო საჭირო, ჩააგდო მაშინ, როცა გარდატეხა იყო საჭირო, დაბლოკა მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა გუნდს. ლიდერობა ჰქვია ამას, ერთი სიტყვით.

დევისის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 40 წუთში 41 ქულა, 11 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ბლოკი. 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/17.

  • ორმაგი დუბლია ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზეც – 22 ქულა, 12 ასისტი, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/17.
  • ტორონტოს შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ჰქონდა არჯეი ბარნეტს – 23 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი.
  • სიაკამის ანგარიშზე კი 25 ქულა, 3 მოხსნა და 5 ასისტია.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ფინიქს სანსთან გამართავს. ტორონტო აღმოსავლეთში მეთერთმეტეა, მომდევნო შეხვედრას კი კლიპერსთან ჩაატარებს.

დალასი vs მემფისი

რა არის მთავარი სათქმელი? პირველი რაც კაცს თვალში მოხვდება არის ის რომ ჯა მორანტს ისევ არ უთამაშია და მიუხედავად ამისა მემფისმა დალასი უპრობლემოდ დაამარცხა. დალასში რა ხდება? ხდება ის რომ ორივე სუპერვარსკვლავი ჯანზეა, ქულას ქულაზე იღებენ, ფარს-ფარზე ლეწავენ, მაგრამ საკმარისი არ არის.

ლუკამ და კაირიმ ამჯერადაც არ გაგვაწბილეს, წინა შეხვედრაში კაირიმ 35 ქულა ჩააგდო, ლუკამ 34, ამჯერად კაირის ანგარიშზე 33 ქულაა, ლუკამ 31 აიღო.

დალასის დამარცხებას დესმონდ ბეინისა და მარკუს სმარტის კარგი თამაშიც ეყო. კარგი გუნდი დადგა მემფისი. ძალიან ბევრი რამ იქნება ჯა მორანტზე დამოკიდებული, მანამდე კი სასურველ პოზიციამდე მოუწევთ აღზევება. დანარჩენი მერე.. პლეიოფში.

  • ლუკამ 31 ქულას 6 მოხსნა, 6 ასისტი და 3 ჩაჭრა მიამატა. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/21.
  • ირვინგმა თავის 33-ს 8 მოხსნა, 4 ასისტი, 4 ჩაჭრა და 1 ბლოკი შემატა. 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/25.
  • ბეინის ანგარიშზე 32 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტია. 9-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

რეგულარული სეზონი

  • დეტროიტი vs საკრამენტო – 110:131
  • ნიქსი vs პორტლენდი – 112:84
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე