NBA – ჯა მორანტი “ბაზერ ბითერით” დაბრუნდა

მემფისში სანტა კლაუსი ნაადრევად მოვიდა და ბავშვებს ჯა მორანტი მოუტანა, ამჯერად იარაღის გარეშე. ჯას დაბრუნება დღის მთავარი თემაა, ნებისმიერ შემთხვევაში ასე იქნებოდა, წაგებისა და მოგების, წარმატებული თუ წარუმატებელი მატჩის შემთხვევაში, მაგრამ ჯამ ისეთი წერტილი დასვა, მთელი დღე მისი ჰაილაითები შემოგეფეთებათ სხვადასხვა პლატფორმებზე.

რეგულარული სეზონის ოთხი თამაში ჩატარდა და ოთხივემ ივარგა. ჰოდა, მივყვეთ თანმიმდევრულად.

მემფისი vs პელიკანსი

თითქმის ტოლები არიან ჯა და ზაიონი. ასაკს ვგულისხმობ. განსხვავებული სტილისა და აზროვნების მქონე მოთამაშეები არიან, (სათამაშო აზროვნებას ვგულისხმობ თორე ისე არაფერი ეტყობათ გონიერების) ორივეზე დიდი ავანსი გაიცა, თუ თამაშობენ არაფერი სჯობს მათი თამაშის ყურებას, მაგრამ იშვიათად თამაშობენ. ორივეს თავისი პრობლემები აქვს.

ამჯერად ისე მოხდა რომ ორივე პარკეტზე იყო, ზაიონს ფორმა აკრეფილი აქვს, ჯა კი სულ ახლახანს დაბრუნდა. დერიკ როუზი აღარ გამოჩენილა, მისი მისია ამოწურულია, ჯას არყოფნაში მეფისს დაეხმარა. ახლა რამდენიმე წუთს მიიღებს ხოლმე.

ამ გუნდს დაუბრუნდება მარკუს სმარტიც და მერე ყველაფერს შეიძლება მათგან ველოდოთ. ჯას დაბრუნების მუხტიც დიდხანს გაჰყვებათ გრიზლებს.

პირველი ნახევარი პელიკანსის უპირატესობით წარიმართა, სხვაობა 24 ქულამდეც კი გაიზარდა. ძალიან კარგი თამაში ჰქონდა ბრენდონ ინგრამს, სროლებიც წაუვიდა, რამდენიმე ლამაზი ეპიზოდიც შემოგვთავაზა და პირველ ნახევარში გუნდი სოლიდური უპირატესობით გაიყვანა შესვენებაზე – 60:41.

სწორედ ამის მერე ჩაერთო საქმეში გზააბნეული კაცი, მემფისმა ნაწილობრივ დაქაჩა თამაში, მესამე მეოთხედის ბოლოს სხვაობა ათ ქულამდე შეამცირა, აქეთ მორანტი დაფრინავდა, იქით ინგრამი და უილიამსონი. მოკლედ, მესამე მეოთხედსაც ცეცხლი ეკიდა. ძალიან აკლია დღევანდელ NBA-ის ასეთი თამაშები.

თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ანგარიში უკვე თანაბარი იყო, წავიდა თამაში ფარიდან ფარზე, ქულა-ქულაში, წუთნახევრით ადრე კი ჯა მორანტმა გადაწყვიტა რომ თამაში მას უნდა მოეგო.

ჯერ ერთხელ დააწინაურა მემფისი – 111:109

მერე მეორედ – 113:111

პელიკანსიც ყოველ ჯერზე ათანაბრებდა, ბოლო შეტევა მემფისს დარჩა და გასაგები იყო ვინ აიღებდა ბურთს. ვინც უყურა თამაშს, ნახავდა, რომ ჯა მორანტის უკვე ეშინოდათ, მისი გამჩერებელი არავინ იყო.

დრო გაიყვანა, სამი წამი დაიტოვა და შევარდა! Game over!

დაბრუნებაც ასეთი უნდა.

  • ჯა მორანტის ანგარიშზე 35 წუთში 34 ქულაა, 6 მოხსნა, 8 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 5-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო. FG – 12/24.
  • ჯეირენ ჯექსონმა 24 ქულით დაასრულა შეხვედრა, დესმონდ ბეინმა 21 ქულით.
  • ბრენდონ ინგრამის ანგარიშზე 37 წუთში 34 ქულაა, 6 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა. 1-დან ერთი სამქულიანი გამოიყენა, FG – 11/18.
  • ზაიონის ანგარიშზე 13 ქულა, 3 მოხსნა და 4 ასისტია. მან მხოლოდ 24 წუთი დაჰყო პარკეტზე. FG – 5/12.
  • ტრადიციული ორმაგი დუბლით დაასრულა ვალანჩუნასმა – 22 ქულა, 14 მოხსნა.

მილუოკი vs სან ანტონიო

სან ანტონიო რა დღეშია ყველას კარგად მოეხსენება, ახლა კიდე წარმოიდგინეთ რომ ეს საშინელ დღეში ჩავარდნილი გუნდი აწყვეტილ ბაქსს შეხვდა, თან ვიქტორ ვემბანიამას გარეშე.

თავიდანვე ყველაფერი ნათელი იყო. ბაქსი სიამოვნების მისაღებად გავიდა პარკეტზე, ლამაზი თამაში გვაჩვენეს და საჭირო ქულებიც დააგროვეს. სან ანტონიოში კი მეტი დრო მიეცა სანდრო მამუკელაშვილს, ვემბის არყოფნაში მეტი ითამაშა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია.

  • სანდრომ 15 წუთში 3 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. 4-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო. FG – 5/1.

შეხედეთ დემიენ ლილარდის ბოლო სამი მატჩის სტატისტიკას – დეტროიტთან 33 ქულა, ჰიუსტონთან 39 ქულა, სან ანტონიოსთან 40 ქულა! დემი დაიქოქა. იანისის 64 ქულის მერე მიხვდა რომ აქ საერთოდ სხვა სტანდარტებია, მისგან კი ბევრს მოელიან.

  • ლილარდის ანგარიშზე 35 წუთში 40 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 12-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. FG – 14/22.
  • იანისმა ძალების დაზოგვით ითამაშა, მიუხედავად ამისა, სამმაგი დუბლი დადო – 11 ქულა, 14 მოხსნა, 16 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. FG – 4/12.

მილუოკმა 132:119 მოიგო და აღმოსავლეთში მეორე ადგილზეა.

გოლდენ სტეიტი vs ბოსტონი

კიდევ ერტი დიდებული თამაში გამოვიდა, ძალიან ჰგავდა საპლეიოფო შეხვედრას. მოდი ასე ვთქვათ, გოლდენ სტეიტი საპლეიოფო გუნდია, ბოსტონი უფრო რეგულარულის.

იმდინარეობისას ბოსტონმა რამდენჯერმე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, მაგრამ ამ კედლებს დიდი ძალა აქვს, გოლდენ სტეიტის ქომაგი გრძნობს ძალას სტეფ კარის ხელებში, ძალას, მაგიას, სულ სხვა განზომილებაა.

სტეფის უდიდესი დამსახურებაა, რომ თამაშო ოვერტაიმში გადავიდა – 121:121.

და რა მოხდა ოვერტაიმში? სტეფმა მთელი ბოსტონი დასაძინებლად გაუშვა!

  • სტეფის ანგარიშზე 33 ქულა, 3 მოხსნა და 6 ასისტია. 11-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.
  • კლეი ტომპსონმა 24 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა.
  • ბოსტონიდან დერიკ უაითი გამოირჩა 30 ქულით, ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 28 ქულაა, ტეიტუმმა კი 15 ქულა, 8 მოხსნა და 7 ასისტი მიითვალა.

დღის მეოთხე შეხვედრაში პორტლენდმა 109:104 დაამარცხა ფინიქსი.

დასავლეთ კონფერენციას მინესოტა და ოკლაჰომა ლიდერობენ. გოლდენ სტეიტი მეთერთმეტეა, ფინიქსი მეათე.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე