სარჩევი
2023 იან 30, 12:15 შშ
2 წუთის საკითხავი

შეუჩერებელი – ეს არის სიტყვა, რომელიც იანისის თამაშის შემხედვარეს პირველი მოგივიდოდა თავში, თუმცა, ბევრი სხვა სიტყვაც გაახსენდებოდა ადამიანს.

მილუოკიმ პელიკანსი 135:110 დაამარცხა. მთელი თამაში ანტეტოკუნმპოს შოუდ იქცა, დასაწყისიდან ბოლომდე. იონას ვალანჩუნასი უწყინარი ბავშვის როლში იყო.

იანისმა 30 წუთში 50 ქულა აიღო, 4-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. ჰქონდა 13 მოხსნა და 4 ასისტი.

დამსახურებულადაც მიიღო აღმოსავლეთ კონფერენციის კაპიტნობა, თუ ვინმეს კითხვები ჰქონდა, პასუხი გაცემულია.

კრის მიდლტონს მცირედით მოუმატეს სათამაშო დრო, ამჯერად 18 წუთი მიიღო, დააგროვა 9 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი.

ჯრუ ჰოლიდეის ანგარიშზე 17 ქულა, 7 მოხსნა და 6 ასისტია, ბრუკ ლოპესმა კი 15 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი დააგროვა.

სანდრო მამუკელაშვილმა 3 წუთი მიიღო და 2 ქულა მიითვალა.

პელიკანსი ტრავმირებული მოთამაშეების გამო ძალიან შესუსტებულია და მათი მარცხი არავის უკვირს. უცნობია შეძლებს თუ ვერა ზაიონი ოლსთარისთვის დაბრუნებას.

მემფისი vs ინდიანა

პეისერსის საქმე ვერ მიდის კარგად, გოგა ბითაძის საქმე კი იმაზე ცუდად არის, ვიდრე პეისერსის. ამხელა ნიჭის მქონე მოთამაშე საერთოდ უთამაშებელია.

მემფისმა ინდიანა 112:100 დაამარცხა.

ჯა მორანტი სამმაგი დუბლით გამოირჩა – 27 ქულა, 10 მოხსნა და 15 ასისტი. პლუს 2 ჩაჭრა და 1 ბლოკიც ჰქონდა.

მაგარი თამაში ჰქონდა ჯერენ ჯექსონსაც, 28 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 5 ბლოკი დააგროვა.

კლივლენდი vs კლიპერსი

კლივლენდის რიგებში ოლსტარის სასტარტო ხუთეულის წევრი თამაშობს. ეს უკვე დიდი ამბავია, გვერდზე კი დარიუს გარლანდი ჰყავს, მაგრამ კლიპერსთან სულ სხვა კაცი გამოირჩა.

კლივლენდმა კლიპერსი 122:99 დაამარცხა.

კედი ოსმანის ანგარიშზე 29 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი იყო.

გარლანდმა 16 ქულა, 2 მოხსნა და 10 ასისტი დააგროვა.

დონოვან მიჩელის ანგარიშზე კი 11 ქულა და 3 ასისტია.

კლიპერსის რიგებში არ უთამაშია კავაი ლეონარდსს.