სარჩევი
2023 ნოე 21, 11:47 შ-მდე
4 წუთის საკითხავი

თამაში გახურდა! უკვე გამოიკვეთა სურათი, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის გუნდებზე და მოთამაშეებზე, რომელთაგანაც ბევრს უნდა ველოდოთ.

საინტერესო დღე გამოდგა, არ დავმალავ და განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ვენბანიამასა და უილიამსონს. მე ჯერ კიდევ მჯერა ზაიონის, ვემბი კი მისგან განსხვავებით არც გვიტოვებს უნდობლობის სივრცეს.

სან ანტონიო vs კლიპერსი

ერთია სუპერვარსკვლავი და სუპერ მწვრთნელი, და მეორეა გუნდი, რომელიც ახლა იწყებს ზრდას. სპურსი მომავლის პროექტია, რომელიც ვიქტორზე უნდა აეწყოს, ჯერ არ ვიცით ამ პროექტში რა როლი ექნება მამუკელაშვილს, საერთოდ ექნება თუ არა რაიმე როლი, მაგრამ იმის თქმა კი შეგვიძლია რომ მაქსიმუმი უნდა გაიღოს, რათა ამ ყველაფრის ნაწილი გახდეს, მერე კი შედეგსაც ვნახავთ.

მიუხედავად ვემბის კარგი სტარტისა, სან ანტონიოს ბალანსი უკვე – 3-11 ზეა, სპურსი კლიპერსთან 99-124 დამარცხდა. “ბებერ ბიჭებთან” შანსი არ ჰქონიათ.

კლიპერსი პირველ ნახევარშივე გაიქცა 10 ქულით. სან ანტონიო ბოლომდე მდევრის როლში იყო. უნდა აღინიშნოს რომ რას უესტბრუკს სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია, თუმცა, კარგი თამაში ჰქონდა. პარკეტზე იყო კავაი, ჯორჯი, ჰარდენი და ზუბაჩიც. ღირს ამათი ერთად ნახვა.

რაც რეგულარული სეზონი დაიწყო ვემბიმ მხოლოდ ერთხელ დააგროვა იმაზე ნაკლები ქულა, რამდენიც კლიპერსთან ჩააგდო. მისი მონაგარი ასეთია – 27 წუთი, 9 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ბლოკი. 4-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო, FG – 4/12.

  • ჯეიმს ჰარდენმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 10 ასისტი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრაა მის ანგარიშზე. 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 4/12.
  • პოლ ჯორჯის ანგარიშზე 28 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/16.

კლიპერსის ბალანსი 5/7 ზეა.

პელიკანსი vs საკრამენტო

ვერ გააჩერეს ზაიონ უილიამსონი, რას გააჩერებდნენ? ჯანმრთელად არის. მასთან შედარებით ინგრამიც კი ჩვეულებრივ მოთამაშედ მოსჩანს. ასეთი ძალის, სისწრაფისა და ტექნიკის კალაბურთელი დიდი ხანია არ მინახავს.

ზაიონი რომ ჰაერში იწევა დაფარება უკვე შეუძლებელია, აქვს უნარი ძალიან შორიდან აიწიოს და მაინც მოათავსოს ბურთი ფარში. ეს უნარი განსაკუთრებით მხიბლავს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

საკრამენტო კარგი გუნდია, გაცილებით სტაბილური ვიდრე პელიკანსი. ამ სტაბილურობას მეტწილად საბონისი განაპირობებს, რომელიც ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშეა და ამჯერადაც შეძლო ორმაგი დუბლის შესრულება.

პელიკანსის არასტაბილურობას კი რა იწვევს ამაზე ბევრი დაგვიწერია. იმედს ვიტოვებ რომ ამ სეზონში მაინც, ამ ორ დიდ ვარსკვლავს ბოლომდე ჯანმრთელად ვიხილავ.

  • საბონისის ანგარიშზე 10 ქულა, 10 მოხსნა და 8 ასისტია.
  • ზაიონმა 30 წუთში 26 ქულა, 3 მოხსნა, 5 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. FG – 12/16.
  • ინგრამის ანგარიშზე 31 ქულა, 4 მოხსნა და 3 ასისტია. ბრენდონმა 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო! FG – 11/18.

პელიკანსმა 129:93 მოიგო.

ბაქსი vs ვიზარდსი

მილუოკს მარტივად უნდა მოეგო და მოიგო. ზაიონი ვახსენეთ და თუ ვინმეს უნდა მიბაძოს იანის ანტეტოკუნმპოა, ნიჭისა და შრომის სინთეზი. აბსოლუტურად რეალიზებული მონსტრი. თუ ერთპიროვნულად არ ვიტყვით რომ ლიგის საუკეთესო მოთამაშეა, მხოლოდ და მხოლოდ იოკიჩის ფენომენის გამო.

იანისს დალასთან 40 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა, ამჯერად კი 42 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. პლუს 8 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. FG – 20/23. საოცარია!

მესამე მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში დასრულდა, ბოლო მეოთხედში კი ბაქსმა უპირატესობა მოიპოვა და თამაში დამაჯერებლად მოიგო – 142:129.

იანისმა მიიღო ის რასაც ითხოვდა, მიიღო ვარსკვლავი, მიიღო ლილარდი, თითქოს ვალდებულად თვლის თავს რომ ორგანიზაცია მადლობა ბეჭდით გადაუხადოს, თუმცა, აქამდე შორია.

ლილარდის ანგარიშზე 22 ქულა, 5 მოხსნა და 7 ასისტია. 6-დან სამი სამქულიანი ჩააგდო.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • შარლოტი vs ბოსტონი 121:118
  • დეტროიტი vs დენვერი 103:107
  • ჩიკაგო vs მაიამი 100:118
  • მინესოტა vs ნიუ-იორკ ნიქსი 117:100
  • გოლდენ სტეიტი vs ჰიუსტონი 126:116