NBA – ბრუკსი ნოკაუტშია – ლებრონის 37 ქულა!

თასის ფორმატიდან ისევ რეგულარულს დავუბრუნდით. როგორც მანამდე აღვნიშნეთ განსხვავება მაინც შეიმჩნევა. როგორც ჩანს ფორმატი თავისას შვება. რეგულარულ ჩემპიონატში საინტერესო მატჩები ვიხილეთ, გოგა ბითაძემ კი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.

ორლანდო vs ინდიანა

ორლანდომ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველივე მეოთხედში შეძლო გაქცევა. ინდიანა მეჯიქს მატჩის ბოლომდე ვეღარ დაეწია.

გოგამ სასტარტო ხუთეულში დაიწყო, საბოლოო ჯამში 22 წუთი მიიღო სათამაშოდ. ეს არ არის გაელვებები წინა სეზონების მსგავსად, გოგას ეტყობა, რომ ფორმაში შედის, მისი სხეულის ენა უკვე სხვაგვარად მეტყველებს.

რაც ყველაზე კარგად მენიშნა, აშკარად გაუმჯობესებული აქვს პოზიციური თამაში, უკეთ და უფრო სწრაფად ესმის რა უნდა გააკეთოს, გუნდის ორგანული ნაწილია და სარგებელიც აქიდან გამომდინარე მოაქვს. აბა, სროლა და დაფარება რომ არასდროს ეშლებოდა ეგ ვიცით.

ორლანდომ 128:116 მოიგო.

გოგას ანგარიშზე 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და ოთხი ბლოკია. გოგას სამქულიანი არ უსვრია, FG – 3/5.

ორლანდოს შემადგენლობაში 24 ქულით საუკეთესო იყო პაოლო ბანჩერო.

მემფისი vs სელტიკსი

ბოლო წამებამდე მივიდა ყველაფერი. სალტი ალდამას კარიერის მატჩი ექნებოდა ბოლო სროლა რომ ჩაეგდო, მაგრამ ვერ შეძლო, ბურთი ფარმა მიიღო და თამაშიც დამთავრდა. არადა, წაუვიდა თამაში, ბეინთან ერთად საუკეთესო იყო, მაგრამ ბოლო ვერ ჩააგდო და კალათბურთში ბოლო სროლა იმდენივეს ნიშნავს, რამდენსაც ბოლო წერტილი პოეზიაში.

სელტიკსს შეეძლო მშვიდად მისულიყო გამარჯვებამდე, ტეიტუმს შეეძლო დიდხანს გაეჩერებინა ბურთი ხელში, მაგრამ ჰოლიდეი შეიჭრა თავისუფალ ზონაში და ტეიტუმმაც პასი გადაწყვიტა, თითქოს კიდევ ორი ქულა უნდა აეღო სელტიკსს წამებით ადრე, მაგრამ ჯექსონმა ჰოლიდეის დააფარა, ან იქნებ უბრალოდ ფარმა აიხსლიტა და თვალმა მომატყუა..

მოკლედ მემფისმა შანსი მიიღო, ქომაგმა შოუ, სელტიკსმა კი საბოლოოდ მაინც გამარჯვება – 102:100.

  • ალდამას ანგარიშზე 28 ქულა, 12 მოხსნა და 6 ასისტია. დესმონდ ბეინის ანგარიშზე კი 30 ქულა, 2 მოხსნა და 8 ასისტი.
  • ჯეისონ ტეიტუმმა 20 ქულა, 9 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა. პორზინგისის ანგარიშზე 26 ქულა, 8 მოხსნა და 1 ასისტია.

ლეიკერსი vs ჰიუსტონი

მეფე 38 წლის გახლავთ. მიდის ნელ-ნელა 39-ესკენ. 30 დეკემბერს შესრულდება 39-ის და მერე გადადგამს ნაბიჯს 40-ისკენ, დამრგვალებისკენ, ალბათ დასასრულისკენ.

პორტლენდთან 35 ქულა ჩააგდო და კრიტიკოსებს ღიად გასცა პასუხი, ჯერ კიდევ კონკურენტუნარიანია, რა თქმა უნდა, მისი მასშტაბიდან გამომდინარე და არა ზოგადი სტანდარტისა, თორემ, ლებრონი რომ ზოგადში გავრიოთ მიუშვი მერე და დარჩება 50 წლამდე.

ახლა ჰიუსტონთან ითამაშა და 37 ქულა ჩააგდო! თან რა თამაშში! ლეიკერსმა 105:104 მოიგო. ბოლო ქულები ლებრონის იყო, საჯარიმო გამოიყენა, ლეიკერსი წინ გაიყვანა და თამაში დაასრულა.

საიდან ამხელა მოტივაცია? მეფე მოტივაციას ყოველთვის პოულობს, მაგრამ დილონ ბრუკსი სულ სხვა შემთხვევაა, წინა სეზონში წამოაძახა, მეფეო, დაბერდი, სახლში წადი გამოშუშდიო და მას მერე დილონი ისეთ დღეში ჰყავს მის სახელზე კათარზისი გახსნეს.

რთულია იმის თქმა რა იქნება ამ გუნდის მაქსიმუმი, ლეიკერსი კარგად დაბალანსებული ორგანიზაციაა, ბევრად კარგია, ვიდრე წინა წელს ვნახეთ, მაგრამ ტრავმები გარდაუვალია, ამის თქმა წინასწარ შეგვიძლია, მაქსიმუმი კი ალბათ ისევ პლეიოფი იქნება, იქ კი ვნახავთ რა სურათი დაგვხვდება.

ლებრონის ანგარიშზე 40 წუთში 37 ქულაა, 6 მოხსნა, 8 ასისტი და 3 ჩაჭრა. FG – 14/19.

სხვა შეხვედრები

  • ბრუკლი vs ფილადელფია – 99:121
  • ტორონტო vs დეტროიტი – 142:113
  • კლივლენდი vs დენვერი – 121:109
  • დალასი vs საკრამენტო – 113:129
  • იუტა vs ფინიქსი – 137:140
  • პორტლენდი vs ოკლაჰომა – 91:134

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე