სარჩევი
2023 ნოე 12, 15:29 შშ
2 წუთის საკითხავი

გოგა ბითაძის ორლანდომ იანისის მილუოკი დაამარცხა – 112:97. ბაქსის რიგებში ისევ არ უთამაშია დემიან ლილარდს, რომელსაც მცირე დაზიანება აქვს.

ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება, მაგრამ ორლანდო ბევრად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე წინა სეზონში. გარდა ამისა, გოგა ბითაძეს სტაბილურად ეძლევა სათამაშო დრო. რა თქმა უნდა, მეტი წუთის მიღება სურს და არ არის შორს ის დრო, როცა სასურველს მიიღებს.

გოგას სარგებელი ყველა შეხვედრაში მოაქვს, ბაქსთან დიდად კარგი თამაში არ ჰქონია, მაგრამ მოხსნებით შეძლო სარგებლის მოტანა, მისი მონაგარი ასეთია – 21 წუთში 2 ქულა, 9 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. ხუთი სროლიდან მხოლოდ ერთხელ იყო ზუსტი, კარგი პასი აუგდეს და კრის მიდლტონს თავზე დაატენა.

მომდევნო ეპიზოდში კი იანისისგან მიიღო კარგი გაკვეთილი, გოგამ დაფარება სცადა, მაგრამ სისწრაფე აკრეფილ იანისთან არაფერი გამოუვიდა, ძლიერი კონტაქტის მერე პარკეტზე გასრიალდა.

იანისის შეჩერებას ვერავინ ახერხებდა, ფაქტობრივად მარტო თამაშობდა მეჯიქის წინააღმდეგ. არც ბითაძე იყო გამონაკლისი, უკეთეს შემთხვევაში იანისზე ჯარიმდებოდა. ერთ ეპიზოდში კი შეძლო და მაღალი პასი ჩაუჭრა.

ორლანდო მთელი შეხვედრის მანძილზე წინ იყო, ბაქსმა მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლო.

  • იანისის მონაგარი ასეთია – 37 წუთში 35 ქულა. 10 მოხსნა, 7 ასისტი, 4 ჩაჭრა და 2 ბლოკი. FG – 15/22.
  • ორლანდოს მხრიდან საუკეთესო იყო და იანისის მსგავსად ორმაგი დუბლით გამოირჩა პაოლო ბანჩერო – 38 წუთში 26 ქულა. 12 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრა. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/22.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ბოსტონი vs ტორონტო – 117:94

ატლანტა vs მაიამი – 109:117

გოლდენ სტეიტი vs კლივლენდი 110:118