მაიამიმ ბოსტონი გაანადგურა და ზუსტად ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო, როგორშიც ლეიკერსი ჩავარდა დენვერთან. სერიაში ანგარიში 3:0 ია.
არ ვიცი ვინ წარმოიდგენდა ამას, შესაძლოა, ვინმეს მართლაც ჰქონდა წარმოდგენილი, მაგრამ მე მათ სიაში ნამდვილად არ ვყოფილვარ. უფრო თანაბარ ბრძოლას ველოდი, ბოსტონის მცირე უპირატესობით, შედეგად კი აი ეს მივიღეთ.
ბატლერს ერთი ნაბიჯი აშორებს
საჩემპიონო ისტორიაა. საფეხბურთო პარალელს თუ გავავლებთ 2004/05 წლების სეზონის ლივერპულიც გაგვახსენდება, ძლივს გასული პლეიოფში და საბოლოოდ გამარჯვებული. ჯიმი ბატლერი კი სტივენ ჯერარდის როლში გვყავს.
ფინალიც თუ ისეთი გამოვიდა, როგორიც სტამბოლში ვნახეთ, აღარაფერი გვექნება სათქმელი. მანამდე კი, ლივერპული იქით იყოს და, ბოსტონს აქვს სამქულიანი უპირატესობა აღმოსაფხვრელი. ფაქტობრივად, შეუსრულებელი მისიაა.
ბოსტონმაც ლეიკერსის მსგავსად პრესტიჟის მატჩის რეჟიმში გადაინაცვლა. ახლა ეს კლასიკური მეტოქეობა ამ ხაზზე გადის – ვინ შეძლებს თუნდაც ერთი შეხვედრის მოგებას, ბოსტონი თუ ლეიკერსი?!
ჯიმი ბატლერმა კი ალ ჰორფორდი დატროლა, გეიბ ვინსენტის სამიანის შემდეგ მის ნერვებზეც დაიწყო თამაში. ყველაფერი ახსოვს, არაფერი ავიწყდება.
Jimmy Butler didn’t forget pic.twitter.com/1Q3Vn4VxSl
— Barstool Sports (@barstoolsports) May 22, 2023
ბოსტონზე მეტად გუნდური
აქამდე ბოსტონი ტოვებდა ასეთ შთაბეჭდილებას, გუნდურობითა და ერთიანობით გამორჩეული კოლექტივის, ახლა კი მაიამიმ დაიმსახურა ეს შეფასება. და ისიც სათქმელია, რომ ბოსტონს არ ჰყავს ისეთი ლიდერი, როგორიც მაიამის. აქ საშემსრულებლო ოსტატობაზე არ არის საუბარი, თორემ, ეგეთები ნამდვილად არ აკლიათ, აქ საუბარია მენტალობაზე, ამ მხრივ კი ჯიმი ბატლერს ვერავინ გაუტოლდება.
მართალი აღმოჩნდა ყველა ვინც თქვა, რომ ჯიმიმ პლეიოფში ისეთი მუხტი მიიღო ფინალამდე ივლისო, ჯერ კიდევ ბაქსის გამოთიშვის შემდეგ. აბა, იანისს რომ სახლში გაუშვებ, მერე რაღა გაგაჩერებს?!
ბრწყინავს ბემ ადებაიო, გეიბ ვინსენტი.. მაიამი ჩემპიონობისთვის ემზადება.
აქით ბატლერი, იქით იოკიჩი.
Gabe Vincent TOOK OVER Game 3!
— NBA (@NBA) May 22, 2023
🔥 29 points (playoff career high)
🔥 6 threes (playoff career high)
🔥 11-14 shooting
MIA can clinch Finals berth Tuesday on TNT pic.twitter.com/iBylN4kBlf
სტატისტიკა
მაიამიმ ბოსტონი 128:102 გაანადგურა.
საწყისი სამი მეოთხედი მოუგეს, ბოლო მეოთხედში კი თავს მოდუნების საშუალება მისცეს. დისტანცია უკვე საკმარისი იყო. ბოსტონი კი დანებებული.
ჯიმი ბატლერის ანგარიშზე 16 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრაა.
ადებაიომ 13 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა.
გეიბ ვინსენტის ანგარიშზე 29 ქულა, 2 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.
რაც შეეხება დამარცხებულებს, ჯეისონ ტეიტუმმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა, 10 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრა. 7-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.