სარჩევი
2023 მაი 21, 15:45 შშ
2 წუთის საკითხავი

დენვერს ანგარიში 3:0 მიჰყავს. ალბათ, ერთი კაციც არ დარჩა ვინც ფიქრობს, რომ ლეიკერსი ამ სერიაში რამეს გახდება. ჯანმრთელია დევისი, მაგრამ ცუდ ფორმაშია ლებრონი. როგორც ჩანს, ასეთი მოცემულობა სუპერ ფინალისთვის საკმარისი არ არის.

კონფერენციის ფინალი ლეიკერსის მაქსიმუმია. რეგულარული სეზონის მიმდინარეობისას ამასაც ვერავინ იფიქრებდა, ვერ ვიტყვით, რომ ფინალში მარცხი ლეიკერსისთვის ტრაგიკული ამბავია იქნება.

გაცილებით მძიმე ამბავი ის არის, რომ დრო შეუვალია, დროსთან ჭიდილში ადრე თუ გვიან ყველა მარცხდება, მოგეხსენებათ, დაუმარცხებელი მეტოქეა, ჩვენ კი აღფრთოვანებული ვართ ლებრონის გამძლეობით, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული.

იოკიჩი ფინალისკენ

იქნებ ერთი მაინც მოიგონ, საკუთარ კედლებში, გული არ გაუხეთქონ ჯეკ ნიკოლსონს და სხვა გულშემატკივრებს. დენვერის სუპერ ფინალი დროის ამბავია.

ნიკოლა იოკიჩი ძალიან ახლოს არის კარიერაში პირველ სუპერფინალთან. წინა ორი სეზონის MVP-ი ფინალში არ გასულა, ახლა ჯილდო ცხვირწინ ააცალეს და გაცხოველებული მიიწევს სუპერფინალისკენ.

ისე გამოდის, რომ გამორჩეული ლიდერების ფინალს ვუახლოვდებით. არ მინდა ვიჩქარო, ბოსტონს ვერ ჩამოვწერთ, 2 ქულიანი უპირატესობის აღმოფხვრა ფანტასტიკის სფერო სულაც არ არის, მაგრამ ძალიან რთული იქნება მაიამიში ამის გაკეთება.

ჯიმი ბატლერი საპლეიოფო რეჟიმზეა გადართული, ჯორდანის რეჟიმზე.

რაც არ უნდა მოხდეს, ღირსეული სუპერფინალი გველის წინ.

არა მხოლოდ იოკიჩი

დაიწყო თუ არა თამაში ნათელი გახდა, რომ დენვერი მოსაგებად იყო გამოსული. ჯამალ მარიმ გახსნით მეოთხედში 17 ქულა ჩააგდო. მთელი პლეიოფების მანძილზე კარგად გამოიყურება და რაც მთავარია, თამაშიდან თამაშამდე უმატებს.

ნაგეთსის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ თამაში ნელ-ნელა გათანაბრდა. მესამე მეოთხედის ბოლოს კი მხოლოდ ერთი ქულა იყო სხვაობა. ბოლო მეოთხედში კი ლეიკერსს ძალა აღარ ეყო და 119:108 დამარცხდა.

დარჩა გუნდი სასწაულის იმედად.

სტატისტიკა

ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 23 ქულა, 7 მოხსნა და 12 ასისტია. 9-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ენტონი დევისმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 28 ქულა, 18 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ბლოკი.

საუკეთესო იყო ჯამალ მარი – 37 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა. 11-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.

ჯოკერმა 24 ქულა, 6 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მისთვის მოკრძალებული სტატისტიკაა, თუმცა, მთავარი შედეგია. ამიტომ არის იოკიჩი ასე გამორჩეული. 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

Game 4 23 მაისს შედგება და, შესაძლოა, იქვე დასრულდეს ყველაფერი.