სარჩევი

რაც უფრო წინ წავა დალას მავერიქსი, მით უფრო ხშირად მოისმენთ რომ დრო იყო საჭირო. თავიდანვე ეს ითქვა როცა კაირი ირვინგი დალასში გადავიდა და მთავარი კითხვა მისი და ლუკას დუეტის ირგვლივ დაისვა – შეძლებენ თუ ვერა?

კაირი ირვინგი ძალიან დიდი კალათბურთელია, მაგრამ არსებობს სრულიად საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ რომ კაირის ეგო თავად კაირიზე დიდია. ეს კიდევ ართულებს ხოლმე საქმეს, არა მხოლოდ კალათბურთში, ზოგადად, ცხოვრებაშიც. ფაქტობრივად გალაქტიკის პრინციპია, მზის სისტემაში ყველაზე დიდი ვარსკვლავის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს ყველაფერი, და თუ ასე არ არის, მაშინ ქაოსი გარდაუვალია, ვარსკვლავი ვარსკვლავს შეასკდება, პლანეტა-პლანეტას და რაღაც ახალი იბადება ხოლმე ამის შედეგად.

სწორედ ეს კითხვა დაისვა – წესრიგს მივიღებდით დალასში თუ მორიგ აფეთქებას, რასაც ორგანიზაციის განახლება მოჰყვებოდა.

მიმდინარე სეზონში გამოჩნდა რომ ყველაფერი რიგზეა, დალას მავერიქსს ქაოსისა არაფერი ეტყობა, კარგი გუნდია, რამდენად შეწვდებიან ჩემპიონობას ეგ სულ სხვა თემაა, ახლა კი როგორც მინიმუმ იმის თქმა შეიძლება რომ ორგანიზაცია სწორი მიმართულებით წავიდა.

ამაში კი კაირის დამსახურება ძალიან დიდია, რადგან დალასში ყველაფერი მის ირგვლივ არ ბრუნავს. ეს ლუკას სისტემაა. კაირი მასთან ძალიან ახლოს მოძრაობს, მის ირგვლივ ბრუნავს, დრო და დრო ახერხებს ხოლმე ეგოს დაგდებას, უფრო დიდი მანათობელი ვარსკვლავის ირგვლივაც დაქროდა წლების წინ, და მაშინაც შეძლო ეგოს დათრგუნვა, რაც მისთვის ყველაზე დიდი გამარჯვებაა, იმაზე დიდი, ვიდრე დღევანდელი მატჩი მინესოტასთან.

მართალია სძულს, როცა ვინმე უწოდებს “ნომერ მეორეს”, შესაძლოა, თავისი პერსპექტივიდან ყოველთვის პირველია, ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ წამსვლელი, მაგრამ ფაქტია რომ დალასის მშენებლობის პროცესში ერთი აგურის როლი აქვს, რომელიც ზუსტად იმ ფორმის არის, როგორიც საყრდენ კედელს სჭირდება, შესაძლოა, ეს ერთი აგური არ ჰგავდეს სხვებს, უფრო ლამაზი იყოს, უფრო იქცევდეს ყურადღებას, მაგრამ აბსოლუტურად სწორი ფორმა აქვს და კედლის სიმყარისთვის საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა როგორი შეფერილობა ექნება ამ ერთ ცალ აგურს.

დალასმა სამი ქულით მოიგო

პირველი გეიმი მავერიქსმა წაიღო, თანაც გასვლაზე, მინესოტამ უკვე გვაჩვენა რომ ძალიან ძლიერი გუნდის დამარცხებაც შეუძლია გასვლით შეხვედრაში, ამიტომ, ვერ ვიტყვით რომ ეს პირველი მოგება მავერიქსს განსაკუთრებულ უპირატესობა ანიჭებს, უბრალოდ ახლა გაცილებით კარგი განწყობა ექნებათ, საქმის კარგად დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანია.

მინესოტამ ვერც ლუკას მოუხერხა რამე, ვერც კაირის, ძალიან განსხვავებული მოთამაშეები არიან და ორივე შეუჩერებელის შთაბეჭდილებას ტოვებს, კაირი მისი არაორდინალურობის გამო, ლუკას კი ყველაფერთან ერთად ფიზიკური მონაცემებიც ეხმარება, იშვიათია რომ კალათბურთელი ამ წონაშიც კომფორტულად გრძნობდეს თავს და სათამაშო ტექნიკის გამოვლინებაში ხელს არ უშლიდეს, ეს ლუკას წონაა, ასეთია მისი ფიზიოლოგია. მხრით მიაწვება მეტოქეს და კარგად იყავი, უმარტივესად ითავისუფლებს სივრცეს და იგებს დროს. მერე სროლის დრო მოდის და როგორ ისვრის ეს კაცი ყველას კარგად მოეხსენება.

საპირისპიროდ, მინესოტას აკლდა ის, რითიც ასე მოხიბლა ნეიტრალური ქომაგიც კი – აგრესია. არ ვიცი, რატომღაც მოაკლდათ, თუმცა, არც იმაში მეპარება ეჭვი რომ ეს აგრესიულობა აუცილებლად დაბრუნდება.

პირველი ნახევარი 62:59 დასრულდა მინესოტას სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედი დალას მავერიქსმა 26:22 მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ასე თანაბრად მივიდნენ გუნდები. თითქმის თანაბრად.

სამი წუთით ადრე მინესოტა ოთხი ქულით წინ გავიდა, ამ ბრძოლაში ოთხი ქულით დაწინაურება უკვე საქმეა, მაგრამ ბოლო მეოთხედი ლუკას სახელობის გამოდგა – გაუშვა სამიანი და ისევ ერთ ქულაში დაიყვანა თამაში. 50 წამით ადრე ისევ ლუკამ ისროლა და ამჯერად დალასი გავიდა ოთხი ქულით წინ. ეს კი გადამწყვეტი უპირატესობა გამოდგა ამ თამაშში, სადაც ერთი საჯარიმოს ფასიც კი ძალიან მაღალი იყო.

მინესოტამ მაქსიმუმ რაც შეძლო სამ ქულამდე სხვაობის შემცირება იყო, ბოლოს ძალიან რთული დავალება ერგო კონლის, საჯარიმოსთან იდგა, ერთი სროლა ჰქონდა დარჩენილი, შეგნებულად უნდა გაეფუჭებინა, ბურთი უნდა მოეხსნათ, პერიმეტრზე პასი უნდა გაეკეთებინათ და სამიანი ჩაეგდოთ – ძალიან იშვიათად გამოდის ხოლმე ეს ამბავი და ამჯერად არ გამოვიდა.

  • ენტონი ედვარდსის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 19 ქულა, 11 მოხსნა, 8 ასისტი და 2 ჩაჭრა. 12-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/16.
  • ენტონი თაუნსის ანგარიშზე 16 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 9-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/20.
  • რუდი გობერმა 12 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა. FG – 4/8.
  • ჯეიდენ მაკდენიელსის ანგარიშზე 24 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/15.
  • მაიკ კონლის ანგარიშზე კი 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი და 2 მოხსნაა. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 2/7.

კაირი ირვინგისა და ლუკა დონჩიჩის დუეტმა საერთო ჯამში 63 ქულა მოუტანა გუნდს და გამარჯვებაში, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ეს იყო.

  • ლუკას ანგარიშზე 33 ქულა, 6 მოხსნა, 8 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 10-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/26.
  • კაირი ირვინგის ანგარიშზე 30 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ბლოკია. 3-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო. FG – 12/23.
  • ორმაგ დუბლთან ახლოს იყო დენიელ გარფორდი (10 ქულა, 9 მოხსნა) და დერიკ ლაივლი (9 ქულა, 11 მოხსნა)

სად ვუყუროთ?

დღეს გამთენიისას ბოსტონ სელტიკსისა და ინდიანას პეისერსის Game 2 გაიმარტება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს Setantasports.com-ი წარმოგიდგენთ.