ლეიკერსი დამარცხდა, თუმცა, მე-12 პოზიციას მაინც ინარჩუნებს. ლეიკერსს ოცი შეხვედრა დარჩა პლეიოფში მოსახვედრათ. რეგულარული სეზონის ბოლო მატჩს 9 აპრილს ჩაატარებს იუტასთან.
მანამდე კი მემფისს შეხვდა და 109:121 დამარცხდა.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ლებრონს არ უთამაშია. ლეიკერსი კი ლებრონის გარეშე რა გუნდია, საერთოდ ვერ გაიგებ. კარგი შეხვედრა ჩაატარა ენტონი დევისმა, თუმცა, შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
დევისი ორმაგი დუბლით გამოირჩა – 28 ქულა, 19 მოხსნა, 5 ბლოკი.
ჯა მორანტმა კი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. შესაძლოა, საუკეთესოც.
ჯას ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 39 ქულა, 10 მოხსნა, 10 ასისტი და 2 ჩაჭრა. ეს მეათე სამმაგი დუბლია ჯა მორანტის კარიერაში. ყველაზე მეტი ქულა კი 2022 წელს ჩააგდო სან ანტონიოს წინააღმდეგ – 52.
ჯა მორანტი მიმდინარე სეზონში საშუალოდ იმაზე მეტ ქულას, მოხსნასა და ასისტს აგროვებს, ვიდრე დერიკ როუზი MVP სეზონში, მოედო სოციალურ ქსელს ეს სტატისტიკა, თუმცა, თამაშის ხარისხი მხოლოდ სტატისტიკით არ განისაზღვრება.
მემფისი დასავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად მეორე ადგილზეა.
დალასი vs ინდიანა
დალასის ამ ეტაპს შეგვიძლია შეგუების ეტაპი დავარქვათ. კაირი ირვინგი ისეთი მასშტაბის მოთამაშეა, რომ გუნდს ბევრი რამის შეცვლა მოუწევდა. ამიტომაც უფრთხოდა ბევრი ამ გაცვლას, მაგრამ შეგუების ეტაპმა ამ შემთხვევაში კარგად უნდა ჩაიაროს. ასე მგონია.
დალასი დამარცხდა. ისევ. ამჯერად არც თუ ისე ძლიერ ინდიანასთან – 122:124.
ბოლო სროლა კაირი ირვინგმა დაიტოვა და ვერ ჩააგდო. ესეც სათქმელია, აქამდე ყოველთვის ლუკას ექნებოდა ეს როლი, ახლა კი კაირი შეეცილება ბოლო სროლაში.
ლუკას ანგარიშზე 39 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ბლოკია. 9-დან 3 სამქულიანის ჩაგდება შეძლო.
ირვინგმა 16 ქულა, 5 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა. 4-დან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო.
ინდიანას შემადგენლობაში საუკეთესო იყო ტაირის ჰეილბარტონი. 32 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ბლოკი დააგროვა. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
დალასი დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. ინდიანა აღმოსავლეთში მე-12 პოზიციას იკავებს.
სხვა შეხბედრები ასე დასრულდა:
- ატლანტა – ვაშინგტონი 116:119
- ბრუკლინი – მილუოკი 104:118
- ტორონტო – ჩიკაგო 104:98
- ჰიუსტონი – დენვერი 112:133
- ოკლაჰომა – საკრამენტო 117:123
- იუტა – სან ანტონიო 94:102
- გოლდენ სტეიტი – პორტლენდი 123:105
- კლიპერსი – მინესოტა 101:108