სარჩევი
2023 მაი 29, 12:52 შშ
2 წუთის საკითხავი

მაიამი ჰიტმა სამი საწყისი გამარჯვების შემდეგ უპირატესობა ხელიდან გაუშვა და ბოსტონს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. თუ ბოსტონმა გამარჯვება შეძლო, ეს იქნება ერთადერთი შემთხვევა პლეიოფების ისტორიაში, როცა გუნდი 0:3 დან მოატრიალებს სერიას.

ამის ალბათობა კი მაღალია. გადამწყვეტი შეხვედრა ბოსტონში, TD Garden-ზე შედგება.

დანაკლისი

საეჭვოა გეიბ ვინსენტის თამაში. მაიამისთვის დიდი ძალაა, ჯიმი ბატლერისა და ბემ ადებაიოს შემდეგ, გეიბ ვინსენტს ალბათ ყველაზე დიდი გავლენა აქვს გუნდზე. არის კითხვის ნიშნები, გეიბს კოჭი აქვს დაზიანებული. თუმცა, მისი თამაში ჯერ არავის გამოურიცხავს.

რაც შეეხება ბოსტონს, კითხვის ნიშნებია მალკოლმ ბროგდონის თამაშთან დაკავშირებით. მალკოლმმა Game 6 გამოტოვა, ჯერჯერობით ვერ არის მწყობრში, თუმცა, ეცდება ისტორიულ მატჩს არ გამოაკლდეს.

ბატლერის ფაქტორი

მაიამიმ ძალიან დიდი უპირატესობა გაუშვა ხელიდან, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ჯიმი ბატლერმა რომელიმე შეხვედრა ჩააგდო. ზოგში უკეთესი იყო, ზოგში ნაკლებად, მაგრამ სტაბილურად კარგად თამაშობს.

თუნდაც Game 6 ავიღოთ, ბოლო 2 წუთში მოატრიალა თამაში და წამებით ადრე სამი ჯარიმა ზედიზედ ისე ჩააგდო ხელი არ აკანკალებია. თითქოს გაიყვანა კიდეც გუნდი ფინალში, მაგრამ მერე მოხდა ის, რაც მოხდა.

ბოსტონის მთავარი საზრუნავი სწორედ ჯიმის შეჩერება იქნება. ბატლერის გადამწყვეტი მატჩების მოთამაშეა, პარკეტზე არავინ იქნება მასზე მშიერი.

ჯიმი პლეიოფებში საშუალოდ 28.5 ქულასა და 7.0 მოხსნას აგროვებს.

ტეიტუმის ფაქტორი

ჯერ კიდევ რეგულარული სეზონის მიმოხილვისას ვწერდით, რომ მიმდინარე გათამაშება ტეიტუმისთვის საუკეთესო უნდა ყოფილიყო. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ბოსტონი ისტორიის დაწერის ზღვარზეა. ბოლო შეხვედრებში ლიდერის თვისებებიც გამოავლინა და ფინალამდე ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი.

თუ ეს ნაბიჯი გადადგა სულ სხვა კინო დაიწყება, იქ უკვე იოკიჩი იცდის და მაგაზე მერე ვწეროთ, ახლა კი ჯიმი ბატლერთან აქვს ბრძოლა მოსაგები.

ტეიტუმი ძალიან კარგ სეზონს ატარებს და ვერავინ იტყვის, რომ ვინმეზე ნაკლებად იმსახურებს ფინალში გასვლას.

შეხვედრა გამთენიისას 04:30 ზე გაიმართება, თვალის მიდევნებას Setantasports,com – ზე შეძლებთ.