Game 3 – ფინიქსმა მესამე შეხვედრაც წააგო/ედვარდსის 36 ქულა

game 3 გრძელდება. კიდევ სამი შეხვედრა ჩატარდა, დალას მავერიქსი და ინდიანა პეისერსი დაწინაურდნენ, მინესოტას კი ერთი ნაბიჯი აშორებს სერიის დახურვასთან.

მართლაც რომ დასასრულისკენ მიდის ყველაფერი. კარგი დროა ამისთვის, ენტონი ედვარდსი დაფრინავს, შაი გილჯესი MVP-ის პრეტენდენტია, ლიგაში ვიქტორ ვემბანიამა გამოჩნდა და კიდევ მოიძებნება ერთი-ორი მოთამაშე, რომელთაც მემკვიდრეობის გადაბარება შეუძლიათ.

ლუკა, იანისი და იოკიჩი უკვე სუპერვარსკვლავები არიან. ასე რომ, რაღაც მართლაც დასასრულისკენ მიდის.

სტეფი საერთოდ აღარ არის პლეიოფებში, ლებრონ ჯეიმსსა და კევინ დურანტს კი ისე ამარცხებენ მინიმალური შანსიც აღარ რჩებათ. რთული წარმოსადგენია, რომ ლეიკერსმა, ან ფინიქსმა სერიაში დაბრუნება შეძლონ.

დალას მავერიქსი vs ლოს ანჯელეს კლიპერსი

დალასი დაწინაურდა, თავისთავად საინტერესო მოვლენაა, კლიპერსს პირველ შეხვედრაში კავაი აკლდა და თამაში მოიგო. მეორე და მესამე თამაშში კავაი დაბრუნდა და დამარცხდნენ. რაღაც ვერ არის რიგზე.

ფორმის პიკი ჩავლილია, როგორც კავაისთვის, ისე ჰარდენისთვის, ჯორჯისთვის, უესტბრუკისთვის, ასეთი პროექტები, როგორც წესი, არ ამართლებს. ვინ უნდა მოიგოს თამაში? ნორმან პაუელმა თუ ივიცა ზუბაჩმა?

დალასში კი ლუკას საუკეთესო პერიოდი აქვს, და შესაძლოა კიდევ უკეთესი წინ ჰქონდეს. დალასი მიმდინარე სეზონში გაცილებით კარგად გამოიყურება, რადგან ლუკამ და კაირიმ ფუნქციები გადაინაწილეს, წინა სეზონში თუ ერთმანეთს ხელს უშლიდნენ, ახლა კარგი ბალანსი აქვთ და ეს გუნდის თამაშზეც აისახება.

პირველ მეოთხედში ლუკა ცუდად დაეცა, მუხლი იტკინა, კოჭლობით დაიძრა სათადარიგოთა სკამისკენ და ძალიან ბევრმა ალბათ გაიფიქრა კიდეც რომ მორჩა, დამთავრდა სერია, მაგრამ საბედნიეროდ ლუკა დაბრუნდა.

მატჩის მთავარ ჰაილაითებში კი მთავარი გმირი პოლ ჯორჯია, ჯერ წაქცეულმა, თან დინამიკაში ისე ისროლა რომ ქულები აიღო, მერე კიდევ ერთ ლამაზ სურათს გვთავაზობდა, მაგრამ ასევე ლამაზად ჩამოხსნა ჰაერიდან გაფერმა, ალბათ პლეიოფების საუკეთესო დაფარება ვნახეთ.

პირველი მეოთხედი დალასმა 18:23 წააგო.
მეორე მეოთხედი – 36:18
მესამე მეოთხედი – 24:26
მეოთხე მეოთხედი – 23:23

დალასმა 101:90 მოიგო.

  • ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე 22 ქულა, 10 მოხსნა, 9 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 13-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/25.
  • კაირი ირვინგის ანგარიშზე 21 ქულა, 4 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/17.
  • კლეი ტომპსონის დონის სტატისტიკა ჰქონდა რასელ უესტბრუკს – 19 წუთში 1 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი. 4-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო. FG – 0/7.
  • ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 21 ქულა, 2 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 5/13.

ინდიანა პეისერსი vs მილუოკ ბაქსი

საოცარი თამაში იყო. მეორე ოვერტაიმში, თამაშის დასრულებამდე წამებით ადრე, კრის მიდლტონმა სამიანი ისროლა და ინდიანაში ყველას სუნთქვა შეეკრა, ამის ჩავარდნა უკვე აღარ შეიძლებოდა, მანამდე მომხდარიდან გამომდინარე, ეს რაღაც არანორმალური მოვლენა იქნებოდა.

კრის მიდლტონმა ჯერ ძირითადი დროის ბოლო წამებზე შეძლო სამიანის ჩაგდება და ანგარიშის გათანაბრება, რის შედეგადაც თამაში ოვერტაიმში გადავიდა, შემდეგ კი პირველი ოვერტაიმის ბოლო წამებზე ჩააგდო სამიანი, შედეგად კი მეორე ოვერტაიმი მივიღეთ.

აი, ასეთი დრამა გვქონდა ინდიანაში.

ინდიანას კარგი შანსი ჰქონდა ძირითად დროშივე მოემთავრებინა საქმე, ლილარდის არყოფნაში კარგი გაქცევაც ჰქონდათ, მერე კი ლილარდი დაბრუნდა და მილუოკიც დააბრუნა თამაშში. დონჩიჩისა არ იყოს, ისიც ცუდად დაეცა და მუხლის ტკივილით დატოვა პარკეტი, მესამე მეოთხედში კი საბედნიეროდ დაბრუნდა.

მილუოკს ისედაც იანისი აკლია, ახლა ლილარდის გამოკლება განაჩენი იქნებოდა.

მეორე მხრივ, ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა ჰალიბარტონს. ამჯერად ის იყო ინდიანაში საუკეთესო, და არა პასკალ სიაკამი.

  • ჰალიბარტონის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 18 ქულა, 10 მოხსნა, 18 ასისტი. 12-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/22.
  • სიაკამს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა – 17 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია მის ანგარიშზე. FG – 7/17.
  • რაც შეეხება მაილზ ტერნერს, სიაკამის მსგავსად მასაც ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – 29 ქულა, 9 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/21.
  • ლილარდის ანგარიშზე 28 ქულა, 1 მოხსნა, 8 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 12-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 6/20.
  • კრის მიდლტონი კი საუკეთესო იყო, 42 ქულა ჩააგდო და 10-ჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან. პლუს 5 ასისტი. 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 16/29.

ინდიანა პეისერსმა 121:118 მოიგო.

ფინიქს სანსი vs მინესოტა ტიმბერვულვზი

მინესოტამ ფინიქსშიც მოიგო და სერიაში ანგარიში 3:0 გახდა. ენტონი ედვარდსი ამჯერადაც დომინანტი იყო პარკეტზე, ამჯერადაც დამამცირებლად მოექცა ასაკოვან ლეგენდებს.

დურანტმა, როგორც ჩანს, გამოწვევა ვერ მიიღო. უფრო სწორად, მიიღო, მიაღებინეს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ უპასუხა. ამ პატარა მონსტრის ატანა კი სულ უფრო მეტად რთულდება.

მინესოტამ 126:109 მოიგო.

პირველი სამი მეოთხედი მოგებით დაასრულეს, ბოლოში კი დამარცხდნენ. აღარ შეაკლეს ფინიქსს თავი. ძალები Game 4-შიც დასჭირდებათ, რომელიც ფინიქსისთვის გადამწყვეტი იქნება.

  • ენტონის ედვარდსის ანგარიშზე 36 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/23.
  • ენტონი თაუნსისა (18 ქულა, 13 მოხსნა) და რუდი გობერის (19 ქულა, 14 მოხსნა) ანგარიშზე ორმაგი დუბლია.
  • კევინ დურანტის ანგარიშზე 25 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტია. 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/18.
  • ბრედლი ბილმა 28 ქულის, 4 მოხსნისა და 4 ასისტის დაგროვება შეძლო. 11-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/19.
  • ბუკერის ანგარიშზე 28 ქულა, 3 მოხსნა, 8 ასისტი და 2 ჩაჭრაა.
დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე