Game 3 – დენვერი ერთ ნაბიჯში სერიის დახურვასთან

Game 3 ხშირად გარდამტეხი ხდება ხოლმე, მაშინ როცა სერიაში ანგარიში 2:0 ია. ასეთი ანგარიში იყო სამივე იმ შეხვედრაში, რომელიც გამთენიისას გაიმართა და ერთი გარდატყდა კიდეც. ამჟამად ასეა, ლეიკერსის შანსები ძალიან შემცირდა, არ ვიცი პროცენტული მაჩვენებელი რამდენი იქნება, მაგრამ გასვლის შანსი ფაქტობრივად გამქრალია. არადა, შეეძლოთ დენვერში მოგება.

სულ სხვა სურათი გვაქვს სხვა წყვილების შემთხვევაში. არ ველოდი, მაგრამ ახლა ლეიკერსი უფრო უიმედოდ არის, ვიდრე ორლანდო მეჯიქი.

ორლანდო მეჯიქი vs კლივლენდ კავალიერსი

გოგა ბითაძემ პლეიოფში ითამაშა. არა იმდენი რამდენიც თავად სურდა, ან ჩვენ გვსურდა, მაგრამ მნიშვნელოვან მოგებაში მაინც შეიტანა თავისი წვლილი.

ორლანდომ კლივლენდი 121:83 დაამარცხა. ბითაძემ 6 წუთი მიიღო, სამი მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა. FG – 0/2.

ორლანდომ კლივლენდი გაანადგურა. ულაპარაკოდ მოიგო ყველა მეოთხედი:

31:21, 30:24, 35:16, 25:22.

ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა პაოლო ბანჩეროს – 29 ქულა, 14 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა. 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/26.

ორლანდომ სერიაში ანგარიში შეამცირა, თან ისე დამაჯერებლად მოიგო ახლა ანგარიშის გათანაბრების დიდი იმედიც ექნებათ. მერე კი ვნახოთ დასკვნითი ნაწილი.

ფილადელფია სიქსერსი vs ნიუ-იორკ ნიქსი

ჯოდელ ემბიდმა შეგვახსენა – რომ არა ტრავმა MVP-ის მთავარი პრეტენდენტი იქნებოდა. დრო იყო სიქსერსს მოეგო, ზუსტად ისე ვითარდება სერია, როგორც ელოდნენ. ემბიდის მსგავსად ძალიან კარგი იყო ჯეილენ ბრანსონიც, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი დამარცხდა.

ჯოელს ტაირის მაქსი ჰყავს გვერდით, მოთამაშე, რომელიც ჰარდენის წასვლის შემდეგ უფრო გაიხსნა, შეიძლება ითქვას ერთი საფეხური კიდევ გადადგა და ჯოელის არყოფნაში ლიდერობაც იტვირთა. დაუფასეს კიდეც ეს წინ გადადგმული ნაბიჯი, თამაშის დაწყების წინ ისეთი ჯილდო გადასცეს, ძველი თბილისის ბინებში ვიტრანაში რომ აქვთ გამომწყვდეული.

აი, ბრანსონს მაქსის მსგავსი არავინ ჰყავს.

თუმცა, შეიძლებოდა ყველაფერი ძალიან ცუდად წარმართულიყო სიქსერსისთვის, ჯერ კიდევ პირველ მეოთხედში ემბიდმა რობინსონის წაქცევა ისეთი ილეთით სცადა, რომელიც რაგბიშიც კი აკრძალულია, ჰაერში აწეულ კაცს ფეხებში ჩაავლო ხელი.

რას აკეთებ ჯოელ?!

ემბიდი გადარჩა, რობინსონი – ვერა. პარკეტი დატოვა და აღარ დაბრუნებულა.

ემბიდის ანგარიშზე 50 ქულაა!! 8 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ბლოკი. 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/19.

ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 39 ქულა, 13 ასისტი, 2 მოხსნა. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/27.

ანგარიში შემცირდა და იმავე მოლოდინია, რაც ორლანდოში. წესით, მასპინძლებმა ანგარიში უნდა გაათანაბრონ.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი vs დენვერ ნაგეთსი

ჩემპიონები არიან ბოლოს და ბოლოს. თანაც, დამსახურებული. ლოს ანჯელეს ლეიკერსს 3:0 ს უგებენ და ერთ ნაბიჯში არიან გამარჯვებასთან. რა თქმა უნდა, ანგელოზების ქალაქშივე ეცდებიან ყველაფრის დასრულებას.

სასტიკი ადამიანია ნიკოლა იოკიჩი. ხანდახან აბსოლუტურად ყველასა და ყველაფრის მიმართ ირელევანტური გამომეტყველება აქვს, თითქოს წარმოდგენა არ აქვს ამ პლანეტაზე რას აკეთებს, ხან ჯოკერივით ღიმილი გადაურბენს სახეზე, ვრცელდება მითები თითქოს ბევრს არ ვარჯიშობს, სანამ სხვები თავს იკლავენ შრომით ეს თურმე კლუბებში დადის გასართობათ, ალბათ, თავადაც უწყობს ხელს ამ მითების გავრცელებას. ასე უფრო რთული ხდება მისი დამარცხება, რადგან მხოლოდ თავად უწყის რამდენი შრომა აქვს ყველაფერში ჩადებული.

გუნდიც გადასარევია, უსამართლობა იქნებოდა მხოლოდ იოკიჩის გამოყოფა. ჯამალ მარი გასაგებია, ამ შეხვედრაში კი პორტერ ჯუნიორი და არონ გორდონიც ბრწყინავდნენ. ასე შეძლო დენვერმა ლეიკერსის დამარცხება – 112:105.

  • ლებრონის ანგარიშზე 26 ქულა, 6 მოხსნა, 9 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12 /20.
  • ენტონი დევისის ანგარიშზე 33 ქულა, 15 მოხსნა, 3 ასისტი, და 1 ჩაჭრაა. FG – 14/23.
  • დენვერის შემადგენლობაში გარდა იოკიჩისა, ორმაგი დუბლი ჰქონდათ პორტერსა (20 ქულა, 10 მოხსნა) და გორდონს (29 ქულა, 15 მოხსნა).
  • სამმაგ დუბლამდე ერთი ასისტი დააკლდა ნიკოლა იოკიჩს – 24 ქულა, 15 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა. FG – 9/13.

სად ვუყუროთ?

ხვალ ხუთი შეხვედრა გაიმართება, სამი გამთენიისას, ორიც საღამოს:

ინდიანა პეისერსი vs მილუოკ ბაქსი (1-1) – 01:30-ზე.

დალას მავერიქსი vs ლოს ანჯელეს კლიპერსი (1-1) – 04:00-ზე.

ფინიქს სანსი vs მინესოტა ტიმბერვულვზი (0-2) – 06:30-ზე.

ორლანდო მეჯიქი vs კლივლენდ კავალიერსი (1-2) – 21:00-ზე.

ნიუ ორლეან პელიკანსი vs ოკლაჰომა სიტი (0-2) – 23:30-ზე.

Setantasports.com-ი ინდიანა vs მილუოკისა და პელიკანსი vs ოკლაჰომას შეხვედრებს შემოგთავაზებთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე