დასავლეთ კონფერენცია დენვერმა მოიგო

დენვერ ნაგეთსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი მეოთხე შეხვედრაშიც დაამარცხა და დასავლეთ კონფერენცია ულაპარაკოდ მოიგო. წინ სუპერ ფინალია, სადაც უდიდესი ალბათობით ჯიმი ბატლერის მაიამისთან მოუწევთ დაპირისპირება.

საპლეიოფო სერიას ორი ძალიან გამორჩეული მოთამაშე ჰყავს. ჯიმი ბატლერი და ნიკოლა იოკიჩი. მათი საფინალო შეხვედრა კი მიმდინარე სეზონის მშვენება იქნება.

მეფე მიდის?

ლებრონმა საუკეთესო შეხვედრა Game 4-ში ჩაატარა. ეს პრობლემაა. უკვე გვიანია. და მიუხედავად კარგი თამაშისა, მაინც დამარცხდა. დენვერმა 113:111 მოიგო.

იწერება, რომ ლებრონი წასვლაზე ფიქრობს, რა თქმა უნდა, არ სურს, რომ მისი მემკვიდრეობა შეილახოს. იქამდე სურს წასვლა, სანამ ჯერ კიდევ კონკურენტუნარიანია. ისიც სათქმელია, რომ ბოლო დროს ტრავმები ძალიან აბრკოლებს.

მოვიდა დრო? მგონია, რომ მინიმუმ ერთი სეზონით მაინც დარჩება.

თამაში მისთვის იღბლიანად დაიწყო, რაც ბოლო მატჩებში ნამდვილად აკლდა, არაზუსტი სამქულიანების გამო დიდი კრიტიკაც დაიმსახურა, ჰოდა, ამის პასუხად, პირველ მეოთხედში ჰაჩიმურასთვის გადაკიდებული პასი პირდაპირ კალათში ჩაეშვა.

ამის მერე წნეხიც მოეხსნა, ისევ თავდაჯერებული გახდა და საუკეთესო პირველი ნახევარი ჩაატარა. 31 ქულა! პირველ ნახევარში. ლეიკერსმა უპირატესობა მოიპოვა, თუმცა, ბოლომდე შენარჩუნება ვეღარ შეძლო.

მეორე ნახევარში ბევრი ქულა აღარ აუღია, სამაგიეროდ, იოკიჩთან ითამაშა ძალიან კარგი დაცვა. ორ ეპიზოდში კედელივით დადგა და დაჩაგრა სერბი გიგანტი.

მაშინ, რატომ დაფიქრდა მეფე წასვლაზე? დაფიქრდა იმიტომ, რომ ბოლო ორი სროლა თავად დაიტოვა, ერთი საშინელი სამიანი გამოუვიდა, მეორე შემთხვევაში კი ადგილზე გააქვავეს და თამაში დასრულდა.

ვინ თუ არა, თავად ლებრონმა იცის, საუკეთესო წლებში ასეთ დროს, ჯამალ მარის თავზე გადაახევდა ფორთოხლისფერ ბურთს. ეგ დრო წავიდა.

ნიკოლა MVP იოკიჩი

ლებრონზე გაგვიგრძელდა და იოკიჩზე უნდა ითქვას, პირველ რიგში მასზე. მიესალმეთ დასავლეთ კონფერენციის MVP-ის. რეგულარული სეზონის ჯილდო ვერ მიიღო, არა უშავს, კონფერენციის ფინალის უკვე აქვს და სუპერ ფინალის MVP-ისაც აგრესიულად უმიზნებს.

გააბრაზეს სერბი. მშვიდი კაცის შთაბეჭდილებას კი ტოვებს, მაგრამ იცის ხოლმე აფეთქება. ჰოდა, როცა ეს დიდი კაცი ფეთქდება, ისღა დაგრჩენია გაეცალო.

ამ სამიანს ისევ საზამთროსავით ისვრის. ასე ვინ ისვრის საერთოდ?! გეგონება უბრალოდ ჰაერში აგდებს, რომ ვინმემ ტყვია ესროლოს. ბოლოს კალათში ვარდება. მე და ენტონი დევისმა ვერაფერი გავიგეთ.

იოკიჩის ეს სამიანი სახელმძღვანელოშია შესატანი – ჯორდანის Fake, ჰარდენის Step back, კობის Fadeaway, აბდულ ჯაბარის Skyhook და იოკიჩის საზამთრო.

გენერალივით დგას და ყველაფერს იმსახურებს. მისი დარი კალათბურთელი NBA-ში ამჟამად არავინ არის. დიდი სიმპათია მქონდა ემბიდის მიმართ, მაგრამ პლეიოფებში გამოჩნდა, რომ ჯოკერი ორი თავით უფრო მაღლა დგას.

სტატისტიკა

ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 40 ქულა, 10 მოხსნა, 9 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. ლებრონი დიდებული იყო, ბოლო წუთს თუ არ ჩავთვლით.

ორმაგი დუბლი შეასრულა ენტონი დევისმაც – 21 ქულა, 14 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა, 3 ბლოკი.

იოკიჩი ტრადიციული სამმაგით გამოირჩა – 30 ქულა, 14 მოხსნა, 13 ასისტი, 1 ჩაჭრა, 3 ბლოკი. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ჯოკერი მეტოქეს მშვიდად დაელოდება.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე