სარჩევი

ბოსტონმა ინდიანაში სერია დახურა. როგორც მოსალოდნელი იყო მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და ულაპარაკოდ გადაუარეს – 4:0. ასეთი მოსაწყენია აღმოსავლეთ კონფერენცია. როგორც რეგულარული მიმდინარეობდა, ისეთი პლეიოფები ვნახეთ.

დასავლეთშიც 3:0 ია ანგარიში დალას მავერიქსის სასარგებლოდ, მაგრამ ეს სულ სხვა 3:0 ია. ყოველ ჯერზე იყო მოლოდინი რომ მინესოტა ერთი შეხვედრის მოგებას შეძლებდა, და ახლაც ასეთი მოლოდინია. პეისერსის შემთხვევაში კი ასე არასდროს ყოფილა.

ასე ერთი ამოსუნთქვით გავიდა ბოსტონ სელტიკსი სუპერფინალში. MVP- ი კი აბსოლუტურად სამართლიანად ჯეილენ ბრაუნი გახდა.

ბოსტონ სელტიკსი – აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი

ბოსტონმა პირველ ადგილზე დაასრულა რეგულარული სეზონი, მოიგო აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი, თან 4:0, და ახლა სუპერფინალი აქვს წინ. აბსოლუტური დომინაციაა აღმოსავლეთში, იმდენად დიდი უპირატესობით იარეს, რომ ძალიან მოსაწყენი გახადეს ყველაფერი. ასეთ დროს კი ნეიტრალური ქომაგის სიმპათიები მეორე მხარეს გადადის ხოლმე, მაგრამ არა მგონია ეს ვინმეს ადარდებდეს.

ინდიანას მაშინ გამოაკლდა საუკეთესო მოთამაშე, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, როცა დაფიქრდნენ სერიაში დაბრუნებაზე, მაგრამ ტაირის ჰალიბარტონი არ აღმოჩნდა მათ გვერდით. მის გარეშე კი პეისერსი ფინალის გუნდი ნამდვილად არ არის.

კარგი იყო ენდრიუ ნიმჰარდი და ჩვეული სტატისტიკა დადო პასკალ სიაკამმა, მაგრამ ეს ბოსტონთან საკმარისი არ არის. ისე კი იდნიანა ნელ-ნელა ვითარდება, გუნდმა კარგი თამაში აჩვენა NBA-ის თასზე და ახლაც კონფერენციის ფინალში გავიდნენ, ეტაპობრივად ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან გუნდად და ვინ იცის, სწორი ნაბიჯების შემთხვევაში საჩემპიონო გუნდიც შეიძლება მივიღოთ. არადა, რამდენიმე წლის წინ ამაზე ფიქრიც არ იყო.

რაც შეეხება ბოსტონს, ეს გუნდი ბოლოს 2008 წელს გახდა ჩემპიონი. სუპერ ფინალში კობის ლეიკერსი დაამარცხეს. დიდებული გუნდი იყო, დიდებული შემადგენლობით. მას მერე ბოსტონში სიჩუმეა.

ბოსტონი დიდი ალბათობით დალას მავერიქსს შეხვდება სუპერფინალში, რომელსაც ბოლოს 2011 წელს აქვს ჩემპიონატი მოგებული. მინესოტასა და ინდიანას კი არასდროს მოუგიათ და ვერც ახლა მოიგებენ.

  • პასკალ სიაკამის ანგარიშზე 19 ქულა, 10 მოხსნა და 3 ასისტია. 3-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო. FG – 8/18.
  • ორმაგი დუბლია ენდრიუ ნიმჰარდის ანგარიშზეც – 24 ქულა, 10 ასისტი, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, FG – 10/18.
  • ორმაგი დუბლია ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე – 26 ქულა, 13 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ჩაჭრა. 11-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/26.
  • რაც შეეხება ფინალის MVP-ის, მის ანგარიშზე 29 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/22.

სად ვუყუროთ?

დალას მავერიქსსა და მინესოტა ტიმბერვულვზსს შორის Game 4-ი ხვალ გამთენიისას, თბილისის დროით 04:30-ზე შედგება, პირდაპირ რეპორტაჟს Setantasports.com – ი შემოგთავაზებთ.