სარჩევი
2024 მაი 27, 12:42 შშ
3 წუთის საკითხავი

მინესოტა ტიმბერვულვზმა ვერ შეძლო ის, რაც შეძლო დენვერ ნაგეთსმა, სახლში წაგებული ორი მატჩის მერე, ვერ მოახერხეს სათანადოდ მომზადება იმისათვის, რომ გასვლაზე Game 3 წაეღოთ. ურთულესი ამბავია, და ახლა საერთოდ წარმოუდგენლად ჩანს მინესოტამ სუპერ ფინალში გასვლა შეძლოს.

სერიაში ანგარიში 3:0 ია დალას მავერიქსის სასარგებლოდ.

დალასმა 116:107 მოიგო.

Big Little Stories

ბევრი ამბავი გააერთიანა ამ შეხვედრამ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კაირი ირვინგისა და ლუკა დონჩიჩის ბრწყინვალე დუეტი – 33-33 ქულით, ეს ფაქტობრივად პირველი დიდი ნაბიჯია იმისკენ რომ ეს დუეტი ლეგენდარულად მოინათლოს და ასე დარჩეს ისტორიას. თუმცა, აქამდე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.

სათქმელია პი ჯეი ვაშინგტონზე, რომელიც ძალიან სასარგებლო იყო, დამატებითი თავსატეხი მეტოქისთვის, ლუკასა და კაირის დაკეტვას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, თუ მესამე ოფციაც კარგად ითამაშებს, მაშინ მოგება გარანტირებულია.

სათქმელია დენიელ გაფორდზე, რომელსაც უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაამცირეს და დააპატარავეს ეს დიდი კაცი, მაგრამ თავის თავში მაინც იპოვა ძალა და ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტში დალასი წინ გაიყვანა.

უთქმელად ვერ დავტოვებთ ენტონი ედვარდსსაც, რომელმაც ყველაზე კაშკაშა ჰაილაითი გვაჩუქა და იმ დამცირების ავტორიც სწორედ ის არის, ზემოთ რომ ვახსენეთ. აღარ ქვია ამას – თავზე გადაატენა. ეს რაღაც უფრო მეტი იყო. ეს ატომური ბომბი იყო გაფორდის ეგოში, რისგანაც ფაქტობრივად აღარაფერი დარჩა მაგრამ გაცოცხლდა, მაინც გაცოცხლდა.

სუპერ დუეტი

დალას მავერიქსმა პირველი მეოთხედი 33:28 მოიგო;
მეორე მეოთხედი – 27:24;
მესამე მეოთხედი – 27:35;
მეოთხე მეოთხედი – 29:20;

მესამე მეოთხედში მინესოტა ედვარდსის ძალიან მაგარი თამაშის შემდეგ გაიქცა და ანგარიში გათანაბრდა – 87:87. ბოლო მეოთხედში ყველაფერი თავიდან დაიწყო, ორივე გუნდს შეეძლო მოგება, სრული მობილიზება იყო საჭირო, უკანასკნელი ძალების მოკრება, და აღმოჩნდა რომ ძალა დალასს უფრო შერჩა, რადგან ორი დიდი ვარსკვლავი ერთმანეთს ავსებდა, ედვრადსს კი მისი დონისა და კლასის არავინ ჰყავს გვერდით.

თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე მინესოტა წინ იყო – 104:102. შემდეგ კი საქმეში ლუკა და კაირი ჩაერთნენ, თუმცა, არც არასდროს გამორთულან ამ შეხვედრიდან. ერთი წუთით ადრე, მათი უპირატესობა უკვე ექვს ქულამდე გაიზარდა. მინესოტას ცოტა არ იყოს სასოწარკვეთაც შეეტყო, რადგან ამ ორს ყველაფერი გამოსდიოდა, რაც სურდა.

და აი ამ დროს იყო გაფორდის ბლოკი კონლიზე. ატომური ბომბის აფეთქების მერე ასე ნაწილ-ნაწილ, ნაგლეჯებად შეკოწიწდა, ისევ განკაცდა პარკეტზე და კონლის დააფარა. იზეიმა კიდეც დიდი ბელადივით. მერე საპირისპირო ფარისკენ გაიქცა, ლუკამ აუგდო ისე, როგორც თავის დროზე კობიმ შაკის და გაფორდმაც ჩატენა. ეს უკვე გამარჯვება იყო. მინესოტა ამას ვეღარ მოატრიალებდა.

  • ენტონი ედვარდსი ახლოს იყო სამმაგ დუბლთან, მის ანგარიშზე 26 ქულა, 9 მოხსნა, 9 ასისტი და 2 ჩაჭრაა. 2-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო, FG – 11/24.
  • ენტონი თაუნსმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა – 14 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი. 8-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო და სწორედ ეს გახდა მეტწილად მარცხის მიზეზი. მან და ედვარდსმა საერთო ჯამში 10 სამქულიანი ისროლეს და არცერთი არ ჩავარდა. FG – 5/18.
  • კაირი ირვინგის ანგარიშზე 33 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 6-დან სამი სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/20.
  • ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე 33 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი, 5 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 11-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/20.

სად ვუყუროთ?

როგორც დალასი, ისე ბოსტონ სელტიკსიც 3:0-ს იგებს სერიაში. ბოსტონისა და ინდიანას შეხვედრას თბილისის დროით 04:00 ზე შეგიძლიათ Setantasports.com-ზე მიადევნოთ თვალყური.