ორლანდო მეჯიქმა ბრუკლინ ნეტსი 114:106 დაამარცხა. გოგა ბითაძეს მხოლოდ ორი წუთი მისცეს და ამდენივე ქულა დააგროვა. სხვა ვერაფრის გაკეთება გოგამ ვერ მოასწრო.
ტრადიციულად საუკეთესო იყო პაოლო ბანჩერო, რომელმაც 21 ქულა და 9 ასისტი მიითვალა. მხოლოდ ერთი პასი დააკლდა ორმაგ დუბლამდე. ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, ჩამოიტოვა ემბიდის გარეშე დარჩენილი ფილადელფია სიქსერსი და ინდიანა პეისერსი. მათ წინ კი ნიქსი, კლივლენდი, მილუოკი და სელტიკსი არიან.
ბითაძის გუნდი მომდევნო ორ შეხვედრას ტორონტო რეპტორსთან გამართავს.
ინდიანა პეისერსი vs ჩიკაგო ბულზი
დიდი ხანია ინდიანა ასეთი კარგი არ ყოფილა, ისე დაკომპლექტდა რომ მეტი ამბიცია შეიძინა და ნამდვილად შეგვიძლია საპლეიოფო გუნდად მივიჩნიოთ, და არც NBA-ის თასზე კარგი გამოსვლა უნდა გამოგვრჩეს, როგორც არ უნდა ვუყურებდეთ ახალდაბადებულ ტურნირს,
ტაირის ჰალიბარტონი, პასკალ სიაკამი და მაილს ტერნერი – ეს უკვე საქმეა. ამ ტრიოთი ნამდვილად შესაძლებელია კარგი კალათბურთის თამაში და შედეგის მიღწევაც.
ჩიკაგოს კი თავისი სამეული ჰყავს – დეროზანი, კარუზო და ვუჩევიჩი. თუმცა, ამ სამეულში დეროზანი საგრძნობლად დომინანტია. ამის კიდევ ერთი დასტური ეს შეხვედრა გამოდგა.
პირველი მეოთხედი – 28:30 – ჩიკაგოს სასარგებლოდ;
მეორე მეოთხედი – 34:28
მესამე მეოთხედი – 23:35
მეოთხე მეოთხედი – 32:24
ასე გათანაბრდა ანგარიში და წავედით ოვერტაიმში. 15 წამით ადრე ძირითადი დროის დასრულებამდე დიდი ამბები იყო, ანგარიაშია 114:115 ინდიანას სასარგებლოდ, ბურთი ნემბჰარდს აქვს და სამიანს ისვრის, თუ ჩავარდა ჩიკაგოს საქმე დამთავრებულია, მაგრამ არ ვარდება და ბულზი შეტევაში გარბის, კობი ვაითი შევარდა მაღალ სისწრაფეზე და ათი წამით ადრე შეეძლო ჩიკაგო წინ გაეყვანა, მაგრამ პასკალმა დააფარა!
საპასუხოდ ნეისმიტმა შეუტია და მასზე ჯარიმა აიღეს, რაც ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო. ნეისმიტმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და ინდიანა წინ სამი ქულით გაიყვანა. ჩიკაგოს კი 5 წამი დარჩა.
დეროზანმა სამიანით სცადა გათანაბრება, მაგრამ მასზე დაჯარიმდნენ. ერთი ჩააგდო, მეორე შეგნებულად გააფუჭა, ბურთი ვერავინ მოხსნა და გავიდა აუტში, ჩიკაგო ისევ თამაშშია!
ორი წამია დარჩენილი და საკმარისი გამოდგა, კარუზომ დეროზანი მოძებნა, რომელმაც სწრაფად შემობრუნება და უზუსტესი სროლა მოახერხა – ესეც ბაზერ ბითერი, ესეც ოვერტაიმი.
ოვერტაიმში მთავარი კაცი ისევ დემარ დეროზანი იყო, ჩიკაგომ ოვერტაიმი 15:12 მოიგო. ინდიანას ჰქონდა შანსი ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ ჰალიბარტონის სამიანი არაზუსტი გამოდგა.
- დეროზანის ანგარიშზე 44 წუთში 46 ქულა, 9 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 15/26.
- ორმაგი დუბლი შეასრულა ვუჩევიჩმა – 12 მოხსნა, 12 ქულა. კარუზოს ანგარიშზე კი 23 ქულა, 7 მოხსნა და 7 ასისტია.
- მაილს ტერნერმა 27 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა. 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. მისი შედეგიანობა პერიმეტრზე ისევ გაოცებას იწვევს. FG – 9/15.
- ჰალიბარტონმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 17 ქულა, 14 ასისტი. პასკალ სიაკამს ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – 17 ქულა და 9 მოხსნა.
ინდიანა პეისერსი (37/30) აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა, ჩიკაგო ბულზი (32/34) კი მეცხრე საფეხურზეა.
პეისერსი მომდევნო შეხვედრას ბრუკლინთან გამართავს. ჩიკაგო კი ლოს ანჯელეს კლიპერსს შეხვდება.
რეგულარული სეზონი
დეტროიტ პისტონსი – ტორონტო რეპტორსი – 113:104
ჯეილენ დიურენის ანგარიშზე 23 ქულა და 24 მოხსნაა;
მაიამი ჰიტი vs დენვერ ნაგეთსი – 88:100
იოკიჩის ანგარიშზე 12 ქულა და 14 მოხსნაა;
მემფის გრიზლი – შარლოტ ჰორნეტსი – 98:110
მაილს ბრიჯისის ანგარიშზე 27 ქულაა;
ნიუ ორლეან პელიკანსი vs კლივლენდ კავალიერსი – 95:116
ზაიონ უილიამსონის ანგარიშზე 33 ქულა და 9 მოხსნაა;
დალას მავერიქსი vs გოლდენ სტეიტ უორიორზი – 109:99
კაირი ირვინგის ანგარიშზე 23 ქულა და 10 ასისტია;
პორტლენდ ბლეიზერსი vs ატლანტა ჰოუკსი – 106:102
დეანდრე ეიტონის ანგარიშზე 33 ქულა და 19 მოხსნაა;
საკრამენტო კინგსი vs ლოს ანჯელეს ლეიკერსი – 120:107
საბონისის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 17 ქულა, 19 მოხსნა, 10 ასისტი;