კარლსრუე 3-2 ნიურნბერგი – ბუდუ ზივზივაძის ჰეთ თრიკი და ზღაპრულად დაწყებული სეზონი. ბუნდესლიგა 2-ის საიუბილეო 50-ე წელი ბუდუმ საუცხოოდ გახსნა და Kicker-ის ვერსიით ტურის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
ბუდუ ზივზივაძის ჰეთ თრიკი
კარლსრუემ საშინაო მატჩით სეზონი ბოლო 7 წელიწადში პირველად გახსნა. ვილდპარკ შტადიონს კი გვარიანად გაძლიერებული ნიურნბერგი სტუმრობდა. მიროსლავ კლოზემ და მისმა გუნდმა ბუნდესლიგიგან სოლიდური გაძლიერება მიიღო.
მატჩი ნიურნბერგმა უფრო აქტიურად დაიწყო. პირველი 10 წუთის შემდეგ ინიციატივა კარლსრუემ აიღო, თუმცა სწორედ მაშინ გაუშვა ორი უპასუხო გოლი.
მიროსლავ კლოზეს გუნდის მხრიდან თავი იაპონელმა კანჯუ ოკუნუკიმ და ახალწვეულმა ფლორიან პიკმა გამოიჩინეს.
პირველ წუთებზე, მახვილი კუთხიდან გამოუყენებელი მომენტის მიუხედავად, ბუდუმ ტაიმის მიწურულს მაინც გაიტანა.
ეს კარლსრუესთვის სეზონის პირველი გოლი იყო. ბუდუმ კი გერმანულ კარიერაში მე-14 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, 2023-24-ში გატანილი 12 გოლით 1 სეზონში ბუნდესლიგა 2-ის ქართული რეკორდიც დაამყარა.
მეორე ტაიმში უპირატესობას კვლავ კარლსრუე ფლობდა. საყრდენ ზონაში პრობლემების გამო, მომენტები ნიურნბერგსაც ჰქონდა, თუმცა ნაკლებსახიფათო.
საბოლოოდ მატჩის ბედი მიროსლავ კლოზეს გუნდის წინააღმდეგ ბუდუ ზივზივაძემ გადაწყვიტა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 73-ე და 79-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. საგოლე პასები ცვლილებაზე გამოსულ ახალწვეულებს კონტესა და ჰუნციკერს ეკუთვნოდათ.
ბუდუ ზივზივაძე – ბუნდესლიგა 2-ის ტურის საუკეთესო
ეს კარიერაში ბუდუს მე-5 ჰეთ თრიკი იყო. მეშახტე, თბილისის ლოკომოტივი, ბოლნისის სიონი ორჯერ და ახლა უკვე ნიურნბერგი.
მატჩი ბუდუმ 9.8 შეფასებით დაასრულა. ყველაზე მეტი გოლიც გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის რეგალიაც დაისაკუთრა.
სიმბოლურია, რომ ბუნდესლიგა 2-ის 50-ე სეზონის აღსანიშნავად Derbystar-ი პირველ ორ ტურში გუნდებს კლასიკური ბურთით ათამაშებს. ჰეთ თრიკის შემდეგ კი ეს ულამაზესი ბურთი ბუდუს საკუთრება გახდა.
ბუდუ ზივზივაძე – პოტენციური ტრანსფერი
ზაფხულში ბუდუს პოტენციურ ტრანსფერზე ბევრი მოარული ხმა იყო. ქართველის მომავალს ყველაზე მეტად ზანქტ პაულის უკავშირებდნენ. თუმცა ბუნდესლიგაში ახლახანსდაწინაურებულ გუნდში ქართული ტრანსფერი არ შედგა.
ამ დრომდე ბუდუ კარლსრუეში რჩება, თუმცა პირველსავე ტურში შოუს მოპარვამ და კლოზეს გუნდის კარში სამმა გატანილმა გოლმა, თამაშის მაღალ ხარისხთან ერთად, ხმები თავიდან გააცოცხლა.
ამჯერად ბუდუს მომავალი დორტმუნდის ბორუსიას დაუკავშირეს, თუმცა ეს ნაკლებად პრესტიჟულ გერმანულ წყაროებში მოხდა.
ნიკლას ფიულკრუგის ვესტ ჰემში, და იუსუფა მუკოკოს მარსელში, პოტენციური ტრანსფერების მიუხედავად, დორტმუნდს სერუ გირასი და სებასტიან ალე მაინც ეყოლება ამ პოზიციაზე. ეს კი ამბავს ნაკლებსარწმუნოს ხდის.
სხვა მხრივ, ბუდუ კვლავ კარლსრუეშია და დუსელდორფში ფორტუნასთან გასამართი შეხვედრისთვის ჩვეულ სტილში ემზადება.
დუსელდორფის ფორტუნა vs კარლსრუე
მომდევნო ტურში კარლსრუე გასვლაზე დუსელდორფში ითამაშებს. ბუდუს კვლავ ძირითადში ველით და ეს ბუნებრივია.
დუსელდორფი vs კარლსრუეს მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 10 აგვისტოს, 15:00 საათიდან setantasports.com-ზე შეგეძლებათ.