როგორც ჩანს, ვენუს უილიამსისთვის, თავისი დის მსგავსად, საყვარელი საქმიანობის დათმობა არც ისე იოლი ყოფილა.
42 წლის ამერიკელს დიდი სლემის ტიტული კარიერაში შვიდჯერ აქვს მოგებული, თუმცა ავსტრალიაში ტრიუმფისთვის არასდროს მიუღწევია.
წლევანდელი უიმბლდონის შემდეგ ვენუსმა თქვა, რომ ჩოგბურთიდან წასასვლელად ჯერ მზად არ არის და ბედის ცდა კიდევ ერთხელ სურს.
უილიამსი სიტყვას შეასრულებს და ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას 22-ედ მიიღებს. შარშანდელი AO მან ტრავმის გამო გამოტოვა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ორგანიზატორებისგან უაილდქარდი უკვე მიიღო.
“მოუთმენლად ველი მელბურნში დაბრუნებას. ავსტრალიაში 20 წელზე მეტია ვასპარეზობ, ადგილობრივი პუბლიკა ყოველთვის გულმხურვალედ მიჭერდა მხარს. პატივი იქნება კვლავ მათ წინაშე თამაში. შევეცდები ჩემს კარიერას დადებითი მოგონებები შევმატო,”
– ვენუს უილიამსი.
მართალია ვენუსს ავსტრალიური სლემი ერთეულებში არასდროს მოუგია. სამაგიეროდ, წყვილთა თანრიგში ის ამ ტურნირის ოთხგზის ჩემპიონია. რა თქმა უნდა სერენასთან ერთად.