სარჩევი
საბალენკა
2023 იან 28, 15:54 შშ
1 წუთის საკითხავი

24 წლის ბელარუსი ჩოგბურთელი არინა საბალენკა კარიერაში დიდი სლემის პირველ ტიტულს იგებს.

2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ფინალში საბალენკამ ყაზახეთის წარმომადგენელი ელენა რიბაკინა სამ სეტში, 4:6, 6:3, 6:4 დაამარცხა.

საბალენკა ჩემპიონია

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. დასაწყისში რიბაკინა მეტი აქტიურობითა და სიზუსტით გამოირჩეოდა. პირველი სეტი მან ერთი ბრეიკის სხვაობით დაიტოვა.

მეორე სეტიდან საბალენკამ გაცილებით მოუმატა. მან მეტოქეს თავისი ცეცხლოვანი თამაში თავს მოახვია და შეცდომების დაშვება აიძულა.

გადამწყვეტი პარტია ყველაზე უფრო მჭიდრო გამოვიდა. მეშვიდე გეიმში ფეხი მაინც რიბაკინას დაუცდა და დაბრეიკდა.

საბალენკას მატჩზე ჩაწოდებისას მცირე პრობლემა შეექმნა. მას აშკარა მღელვარება დაეტყო. პირველ საჩემპიონო ქულაზე ორმაგი შეცდომა დაუშვა. თუმცა, საბოლოოდ, მეოთხე მცდელობით შეხვედრას მაინც წერტილი დაუსვა.

არინა საბალენკამ რიბაკინას დამარცხება უკვე მეოთხედ მოახერხა. თავად ელენას ბელარუსის წინააღმდეგ არასდროს მოუგია.

საბალენკა ქალთა ჩოგბურთის ღია ერაში დიდი სლემის 58-ე ჩემპიონი გახდა.

საბალენკას საჩემპიონო ქულა.

რაც შეეხება რიბაკინას, მან მთელი ტურნირის განმავლობაში 54 ეისი შეასრულა. ეს ავსტრალიური სლემისა და WTA-ს ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.