სარჩევი
რიბაკინა და საბალენკა

2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა გამოშვების ფინალური წყვილი დაკომპლექტდა. ერთმანეთს რიბაკინა და საბალენკა დაუპირისპირდებიან.

ელენა რიბაკინა VS ვიქტორია აზარენკა

AO-ს პირველ ნახევარფინალში ელენა რიბაკინამ ტურნირის ორგზის ჩემპიონს ვიქტორია აზარენკას ორ სეტში მოუგო (7-6(4), 6-3) და დიდი სლემის ფინალში მეორედ იასპარეზებს.

უიმბლდონის ჩემპიონმა მელბურნში ფინალისკენ საკმაოდ რთული გზა გაიარა. მან აჯობა ისეთ სახელებს, როგორებიც არიან იგა შვიონტეკი, ელენა ოსტაპენკო და ვიქტორია აზარენკა. ასევე, შარშანდელ ფინალისტს, დანიელ კოლინსს.

რიბაკინა გახდა პირველი ქალი ჩოგბურთელი ისტორიაში, რომელმაც ავსტრალიაში ერთი ტურნირის განმავლობაში დიდი სლემის სამი ჩემპიონის დამარცხება შეძლო.

რიბაკინა

რიბაკინასა და აზარენკას შორის ნახევარფინალური შეხვედრის პირველი სეტი საკმაოდ ინტენსიური გამოდგა. საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ელენამ საკვანძო ქულები მოიგო და პარტიაც დაიტოვა.

მეორე სეტში ბელარუსმა ხარვეზებს უმატა. მან ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს სამმაგი ბრეიქპოინტი მისცა. ელენას თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვია.

23 წლის ყაზახმა მატჩი 1 საათსა და 41 წუთში დახურა. საერთო ჯამში მან 30 უინერი დააგროვა, 9 ეისი შეასრულა და 21 უნებლიე შეცდომა მოუვიდა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე რიბაკინამ მხოლოდ ერთი სეტი დათმო. სწორედ ასე გავიდა ის შარშანელი უიმბლდონის ფინალშიც.

არინა საბალენკა VS მაგდა ლინეტი

როდ ლეივერ არენაზე ფინალის მეორე საგზური ქალთა რეიტინგის მე-5 ნომერმა, არინა საბალენკამ დაჯავშნა.

მისი ოპონენტი 30 წლის პოლონელი მაგდა ლინეტი იყო, რომელიც სლემის ნახევარფინალს პირველად თამაშობდა.

ლინეტმა აქტიურად დაიწყო და არინა პირველსავე გეიმში დააბრეიკა. თუმცა ბელარუსმა მალევე უპასუხა.

ტაიბრეიკზე კი თავისი მაღალი კლასის წყალობით მეტოქე მარტივად დაჯავნა.

საბალენკამ ბოლო ათი ტაიბრეიკიდან ცხრის მოგება შეძლო. ერთადერთი წაგება შემაჯამებელი ტურნირის ფინალში, კაროლინ გარსიასთან ჰქონდა.

მეორე პარტიაში ბელარუსის დომინაცია გაგრძელდა და აქ საქმე უფრო მარტივად მიიყვანა ბოლომდე (6-2).

საბალენკამ 2023 წელი ცეცხლოვანი ჩოგბურთით დაიწყო. მან უკვე ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა.

ბელარუსი ჩოგბურთელი დიდი სლემის ფინალს კარიერაში პირველად ითამაშებს. იქ მისი მოწინააღმდეგე ელენა რიბაკინა იქნება.

არინა საბალენკა ფინალში დიდებულ ბრძოლას ელის:

„ელენა ბრწყინვალედ თამაშობს. მისი დარტყმები ძალიან აგრესიულია. მას უკვე ერთი სლემი მოგებული აქვს. ასე რომ, ფინალში თამაშის გამოცდილება აქვს. დიდებული ბრძოლა უნდა გამოვიდეს“.

– არინა საბალენკა.

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ფინალი შაბათს, 28 იანვარს გაიმართება.