რუდი, ციციპასი, რუნე… ვინ იქნება ლიდერი?

ATP-ს ლოგო

ჩოგბურთის 2022 წლის სეზონში ATP-ის რეიტინგის სათავეში ორი სრულიად ახალი სახე მოგვევლინა: დანილ მედვედევი და კარლოს ალკარასი.

იყვნენ მოთამაშეები, რომლებმაც ასევე შესამჩნევი პროგრესი განიცადეს და პოზიციურად საკმაოდ წინაც წაიწიეს. პირველ ადგილზე გადასვლის ძალიან რეალური შანსები ჰქონდათ კასპერ რუდსა და სტეფანოს ციციპასსაც.

თუმცა, საბოლოოდ, წლევანდელი სეზონი პირველ ნომრად ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელმა, კარლოს ალკარას გარფიამ დაასრულა.

შეძლებს ესპანელი თავისი პოზიციის შენარჩუნებას მომდევნო წელს? გვეყოლება კიდევ ახალი პირველი ნომრები? თუ თავის ადგილს რომელიმე კარგად მივიწყებული ძველი დაიბრუნებს?

განვიხილოთ სამი მთავარი კანდიდატი.

სტეფანოს ციციპასი

2022 წლის სეზონში მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილის დაკავების შანსი სტეფანოს ციციპასს რამდენჯერმე გაუსხლტდა. მშვენიერი პლაცდარმი შეიქმნა მისთვის US Open-ზე, საიდანაც ასპარეზობას პირველივე რაუნდში სენსაციური მარცხით გამოეთიშა.

შემდეგ იყო შანსი შემაჯამებელ ტურნირზე, რათა კიდევ ერთხელ ეცადა გადაესწრო ალკარასისთვის. მაგრამ ბერძენმა ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა ანდრეი რუბლევთან დათმო.

ლოგიკურია, რომ კვლავ არ წყდება სკეპტიციზმი იმის თაობაზე, შესწევს თუ არა სტეფანოსს რეალურად ძალა, გახდეს ჯოკოვიჩზე, ნადალზე ან ალკარასზე უკეთესი.

თუმცა, ფაქტია, ის სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ხუთეულში და კვლავ აქვს ამბიცია გახდეს პირველი ბერძენი რეიტინგის ლიდერი ისტორიაში. ამ მომენტისთვის, ციციპასი ალკარასს 1300 ქულით ჩამორჩება.

ახალი სეზონის სტარტიდან მალევე ციციპასი დიდი გამოწვევის წინაშე დადგება: ავსტრალიის ღია პირველობაზე მას ნახევარფინალი აქვს დასაცავი. სამაგიეროდ, წინ „სანშაინ“ მასტერსებია, სადაც წელს მან დამახსოვრებელი ვერაფერი შექმნა და სწორედ ამერიკაში მიეცემა ქულების დაგროვების ბრწყინვალე შანსი.

თავად სტეფანოსი დარწმუნებულია, რომ მას გააჩნია რეიტინგის სათავეში მოხვედრის პოტენციალი:

„ღრმად მწამს, რომ შემიძლია ერთ დღეს პირველი ნომერი გავხდე. სიმართლე გითხრათ, ამას ძალიანაც არ ვჩქარობ. მე წინ უფრო დიდ სურათს ვხედავ, შორეულ პერსპექტივაში. მომავალი სეზონისთვის უამრავი ახალი გამოწვევა მაქვს. თუ ეს ყველაფერი გამომივა, მე, ჩემი ოჯახი და ჩემი ქვეყანა ამით ვიამაყებთ. ამაზე ფიქრმა ზედმეტად არ უნდა გამიტაცოს. მე ამის გარეშეც კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა, თუ ოდესმე ეს ჩემს კარიერაში მოხდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები“,

– სტეფანოს ციციპასი.

კასპერ რუდი

კასპერ რუდის ის მოთამაშეა, რომელსაც 2022 წლის სეზონის დასაწყისში რეიტინგის პირველობისთვის ბრძოლის კანდიდატადაც კი რთულად თუ ვინმე მოიაზრებდა.

ნორვეგიელი ამ დროს უკვე ათეულის წევრი იყო. მაგრამ არსებობდა სერიოზული ეჭვი, თუ რამდენად შეძლებდა ის თიხის საფარს მიღმა შესაფერისი კონკურენციის გაწევას.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან ეს ეჭვი გააქარწყლა: წელს რუდი ორ სხვადასხვა საფარზე დიდი სლემის ფინალებში გავიდა. ასევე, ითამაშა შემაჯამებელი ტურნირის ფინალში, სადაც წელს ცალსახად ყველაზე სწრაფი კონდიციები იყო. ვიხილეთ ის მაიამის მასტერსის ფინალურ სტადიაზეც.

ციციპასის მსგავსად, კასპერ რუდსაც წინ ახალი, უფრო დიდი ბარიერი აქვს: მან ზემოთჩამოთვლილი ოთხი ფინალიდან დათმო ოთხივე ისე, რომ მხოლოდ ერთი სეტის მოგება შეძლო. სამეულის წევრთან გამარჯვება კი მან რვა მცდელობიდან ვერცერთხელ ვერ მოახერხა, დათმო 20-დან 20-ივე სეტი.

რუდი, რომელიც წელს US Open-ის ფინალში გამარჯვების შემთხვევაში რეიტინგის სათავეში მოექცეოდა, ამბობს, რომ თავისი წლევანდელი მიღწევებით თავადაც გაკვირვებულია.

თუმცა, ის კვლავ მოტივირებულია და კვლავაც სწყურია უფრო მეტის მიღწევა 2023 წლის სეზონში. იმის საფუძველზე, რასაც მან წელს მიაღწია, ნამდვილად აქვს პერსპექტივა დაუმიზოს უფრო მაღალ მწვერვალებს.

ტურინში, ტურის ფინალების მიმდინარეობისას, ნორვეგიელის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა ტონი ნადალმა:

„ის ყოველწლიურად ვითარდება. როცა აკადემიაში მოვიდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ შეეძლო ოდესღაც რეიტინგის მეორე ნომერი გამხდარიყო. ვაკვირდები მის მატჩებს და ის შესანიშნავი მოთამაშეა. მას შეუძლია იყოს ნომერ პირველიც“,

– ტონი ნადალი.

კასპერ რუდს რეიტინგის პირველობისთვის ბრძოლაში დაბრუნების კარგი შანსი 2023 წლის სეზონის სტარტზევე მიეცემა. ავსტრალიური სლემი წელს მან ტრავმის გამო მთლიანად გამოტოვა, შესაბამისად, მომდევნო გამოსვლაზე განვლილი თითოეული რაუნდი მისთვის დამატებითი ქულა იქნება. ამ მომენტისთვის ნორვეგიელი კარლოს ალკარასზე 1000 ქულით უკან იმყოფება.

ჰოლგერ რუნე

ჰოლგერ რუნეს თავისი ამბიციების გამოაშკარავების არასდროს მორიდებია.

19 წლის ჩოგბურთელმა წლევანდელი წელი შთამბეჭდავი შედეგით დახურა: ბოლო 21 მატჩიდან 19 მოიგო და დაამარცხა თვით ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსის ფინალში. ტურნირის განმავლობაში მან TOP 10-ის ხუთ წევრს მოუგო, რაც შემაჯამებელი ტურნირის გარდა, სხვა გათამაშებაში არასდროს მომხდარა.

2022-ის სტარტზე რუნე რეიტინგში 103-ე პოზიციას იკავებდა, დღეს კი მე-11 ნომერია. მისი თქმით, მისი ამოცანა მომდევნო წლისთვის პირველი ნომრობაა:

„მე უკვე ათეულის თითქმის ყველა წევრს, მათ შორის რეიტინგის ლიდერსაც მოვუგე. ვიცი, რაშიც უნდა მოვუმატო, სწორედ ამიტომ ვაპირებ პრესეზონის განმავლობაში თავდაუზოგავად ვიმუშავო. ჩემი მიზანი არ არის გავხდე კარლოსზე უკეთესი, ჩემი მიზანია გავხდე საუკეთესო“.

– ჰოლგერ რუნე.

რუნეს თავდაჯერება ნამდვილად არ აკლია. და თუ ის მართლაც მოახერხებს იმპულსის შენარჩუნებას, ის 2023 წელს თავის სიტყვას იტყვის.

ქულების მხრივ, ალკარასამდე ჯერ კიდევ ბევრი, 4000 ქულა აშორებს. ამ სიშორის შესამცირებლად, დანიელს სლემებისა და მასტერსების შორეულ სტადიებამდე გასვლა დასჭირდება.

დიდი სლემების შვიდგზის ჩემპიონსა და საჩოგბურთო ექსპერტს, მატს ვილანდერს, რუნეს შესახებ ორაზროვანი შეხედულება აქვს:

„სახიფათოა, როცა მოთამაშე ასე ღიად აცხადებს მის სურვილს, გახდეს ნომერი პირველი. მაგრამ თუ ეს მას მოტივაციას მატებს, დაე, მისცეს საკუთარ თავს გასაქანი“.

– მატს ვილანდერი.

თუ ჰოლგერ რუნე დასახული მიზნის მიღწევას 2023 წლისთვის შეძლებს, ის შეუერთდება კარლოს ალკარასს, როგორც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ნომერი პირველი.

ავტორის შესახებ

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე