სარჩევი
რაფა

36 წლის რაფა ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობას მეორე წრეში ასრულებს.

რეიტინგის 65-ე ნომერმა მაკენზი მაკდონალდმა ნადალის დამარცხება სამ სეტში, ორსაათნახევრიანი შეხვედრის შედეგად მოახერხა (6:4, 6:4, 7:5).

რაფა ნადალის პრესკონფერენცია მატჩის შემდეგ.

ამის ძირითადი მიზეზი მარცხენა ბარძაყის დაზიანებაა, რომელიც რაფამ მეორე სეტის მერვე გეიმში მიიღო. რთულ ბურთზე თამაშის შემდეგ მან სერიოზული ტკივილი იგრძნო და მატჩის ბოლომდე აშკარა დისკომფორტით ასპარეზობდა.

ესპანელს სამედიცინო ტაიმაუტიც ჰქონდა აღებული. თუმცა თამაში მაინც არ შეწყვიტა, ვინაიდან მას არ სურდა ტურნირზე გამოსვლა დანებებით დაესრულებინა.

2016 წლის AO-ს ნადალი პირველ წრეში, ფერნანდო ვერდასკოსთან მატჩის შემდეგ დაემშვიდობა. მას შემდეგ, ეს დიდ სლემებზე მისი ყველაზე ადრეული მარცხია.

ამ წაგების შემდეგ რაფა ძალიან იმედგაცრუებულია. მისი თქმით, ეს მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტია:

“თუ ვიტყვი, რომ დღევანდელი მატჩის შემდეგ ფსიქოლოგიურად განადგურებული არ ვარ, ტყუილი იქნება. ეს ჩემთვის უმძიმესი დღეა. უბრალოდ იძულებული ამას შევეგუო და წინსვლა განვაგრძო”, – თქვა რაფამ.

მაკდონალდი ავსტრალიური სლემის მესამე რაუნდში მეორედ მიიღებს მონაწილეობას. პირველად ორი წლის წინ ითამაშა. მაშინ მეოთხე წრეში გაღწევაც მოახერხა.

ასევე, ამერიკელმა კარიერაში მეორედ აჯობა ათეულის წევრს. მომდევნო ეტაპზე მისი ოპონენტი იოშიჰიტო ნიშიოკა ან კვალიფიკანტი დალიბორ სვრცინა იქნება.

მაკენზი მაკდონალდი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და შეუპოვარ ჩოგბურთს აჩვენებდა. მისი მწვრთნელი რეიტინგის ყოფილი მე-15 ნომერი რობი გინეპრია.

რაფა ნადალი.
რაფა ნადალი.

მაკენზი არც ნადალის მწვავე ფორჰენდს არ შეუშინებია. ამერიკელმა თავად შეასრულა 42 უინერი და ამის საპირწონედ, მხოლოდ 22 უნებლიე შეცდომა მოუვიდა.

შეგახსენებთ, ტურნირის დაწყების წინ ასევე ტრავმის გამო მოეხსნა ნიკ კირიოსი.