როჯერ ფედერერმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა, თუმცა ის კვლავ მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავად რჩება.
ერთი შეხედვით, მისთვის ყველა კარი ღია უნდა იყოს. მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ არის.
ორი კვირის წინ 41 წლის შვეიცარიელი ლონდონში, მუხლზე მეორე ეტაპის გამოკვლევებისთვის იმყოფებოდა.
სამედიცინო ვიზიტის დასრულების შემდეგ ფრენამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი. როჯერმა ამ დროში უიმბლდონის მონახულება გადაწყვიტა. ეს დიდი შეცდომა აღმოჩნდა.
“არასდროს ვყოფილვარ უიმბლდონზე მაშინ, როცა ტურნირი არ იმართება”, – ამ ამბავს ფედერერი The Daily Show-ში სტუმრობისას იხსენებს.
“კომპლექსის ტერიტორიაზე, სტუმრების შესასვლელთან მივედით. ჩემს მწვრთნელს, სევერინ ლუტის ვუთხარი, რომ დაცვის თანამშრომელ ქალბატონთან გავარკვევდი შესვლის ამბავს და მანქანიდან გადმოვედი. მივედი და ვეკითხები: “გამარჯობა, საიდან არის შესასვლელი?”
ამ მომენტში როჯერს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე უხერხული დიალოგის დასაწყისი იქნებოდა.
– “გამარჯობა. საწევრო ბარათი გაქვთ?” – ეკითხება დაცვის თანამშრომელი ქალბატონი.
– “გვაქვს?” – გასძახა როჯერმა მწვრთნელს. “არა, არ მაქვს. თუმცა მე ამ კლუბის წევრი ვარ და უბრალოდ მაინტერესებს საიდან შეიძლება შევიდე.”
– “დიახ, მაგრამ აუცილებელია, რომ კლუბის წევრი იყოთ.”
– “ნამდვილად ვარ. საერთოდ აქ სათამაშოდ მოვდივარ ხოლმე, როცა ბევრი ხალხია. ასეთ დროს სხვა მხრიდან შევდივარ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აქ ტურნირის ფარგლებს გარეთ მოვედი. ამიტომაც არ ვიცი, საიდანაა შესასვლელი.”
– სხვა მხრიდანაა… მაგრამ საწევრო ბარათი უნდა გქონდეთ,” – არ დანებდა ლეგენდარულ შვეიცარიელს თანამოსაუბრე.
“მე ეს ტურნირი რვაჯერ მაქვს მოგებული“
წარმოუდგენლად დაბნეულმა ფედერერმა საუბარი განაგრძო:
“ვუყურებდი სახეში და პანიკა დამეწყო. შემდეგ კი ვუთხარი ის, რის გამოც ძალიან, ძალიან მრცხვენია. როგორც წესი, მსგავსი ლაპარაკი არ მჩვევია:
“მე ეს ტურნირი რვაჯერ მაქვს მოგებული. გთხოვთ, დამიჯერეთ, ნამდვილად ვარ კლუბის წევრი. საიდან შეიძლება სახლში შევიდე?”, – დაცვის თანამშრომელი ქალბატონი ვერც ამ არგუმენტმა გატეხა.
ამის შემდეგ როჯერი მანქანაში დაბრუნდა და სხვა შესასვლელისკენ გაემართა, რათა ბედი კიდევ ერთხელ ეცადა.
აქ შვეიცარიელი ქუჩაში გამვლელმა შეამჩნია: “ღმერთო ჩემო, ფედერერი! ვერ ვიჯერებ, რომ აქ ხართ. შეიძლება სურათი გადავიღოთ?”
ამასობაში დაცვის სხვა თანამშრომელიც გამოჩნდა, რომელმაც როჯერი იოლად იცნო. მისი დანახვით გაოცებულმა მას უიმბლდონის ტერიტორიაზე შესვლის ნება დართო.
საბოლოოდ, ფედერერმა უიმბლდონი მოინახულა და All England Club-ის პრეზიდენტთან ერთად ჩაიც მიირთვა.
“უკან გამოსვლისას გავიფიქრე იმ ქალბატონთან მივბრუნებულიყავი და მეჩვენებინა, რომ შესვლა მოვახერხე. მაგრამ ეს აღარ გამიკეთებია,” – მხიარულად იხსენებს როჯერი.