სარჩევი
ნოვაკ ჯოკოვიჩი

35 წლის სერბი ჩოგბურთელი პირველი მოთამაშე გახდა, ვინც 2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ფინალური მატჩისთვის თავისი ადგილი დაიბევა.

ჯოკოვიჩის მეტოქე ნახევარფინალში ტეილორ ფრიცი იყო, რომელთანაც მას ურთიერთშეხვედრებში სრული უპირატესობა, 5:0 ჰქონდა.

პირველი გარდატეხა მატჩში პირველი სეტის მეხუთე გეიმში მოხდა, სადაც ჯოკოვიჩი ბრეიკით გავიდა წინ. სერბის ლიდერობა დროებითი აღმოჩნდა. ტეილორმა მომენტალური უკუბრეიკით უპასუხა.

მართალია თამაში თანაბარ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა ჭარბობდა შეცდომები ორივე ჩოგბურთელის მხრიდან. სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა, პროცესში გაიცვალა თითო მინიბრეიკი. ბოლოს კი ნოვაკმა სეტი ერთი, ყველაზე ძვირფასი გათამაშების წყალობით წაიღო.

მეორე პარტია იმედისმომცემად დაიწყო ტეილორ ფრიცისთვის. ამერიკელმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და სეტის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ლიდერობდა. თუმცა, მას ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში, სეტზე ჩაწოდებისას დაუცდა ფეხი.

საბოლოოდ, საქმე მეორე ტაიბრეიკამდე მივიდა. ჯოკოვიჩმა კვლავ თავისი მაღალი კლასის წყალობით მატჩის ყველაზე საკვანძო ქულები დაიტოვა.

ჯოკოვიჩმა ფრიცი კარიერაში მეექვსედ, ორი ტაიბრეიკის შემდეგ დაამარცხა. ნოვაკი შემაჯამებელი ტურნირის ისტორიაში მერვედ ითამაშებს ფინალში.

იქ შეეცდება, რომ როჯერ ფედერერის რეკორდი გაიმეოროს და მეექვსე ტიტულს დაეუფლოს.