ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი ეშ ბარტი ჩოგბურთში დაბრუნებას გამორიცხავს. 26 წლის ჩოგბურთელის ნაადრევმა წასვლამ საჩოგბურთო სამყარო შოკში ჩააგდო, მას შემდეგ ჩოგბურთის მოყვარულები ელიან, რომ ეში ჩოგბურთს დაუბრუნდება, რასაც ავსტრალიელი კატეგორიულად გამორიცხავს.
ეშის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია იანვარში, მელბურნ პარკში შედგება, სახელწოდებით – My Dream Time, სწორედ ამიტომ, გაჩნდა ეჭვი, უფრო კი ალბათ სურვილი, რომ ეში ავსტრალიის ღია პირველობაზე დაბრუნდებოდა, მაგრამ პასუხი კატეგორიულია, – “არა, მე დავასრულე!”
“არასდროს თქვა არასდროს, მაგრამ არა. არა, არა, მე დავასრულე”.
ეშს ვერც საკომენტატორო ჯიხურში ვიხილავთ, ლეიტონ ჰიუიტის, ან, იელენა დოკიჩის მსგავსად, – “არა, არასდროს”, – ისევ კატეგორიული იყო ბარტი.
ეშ ბარტიმ სამი დიდი სლემი მოიგო, – ავსტრალიის ღია პირველობა, საფრანგეთის ღია პირველობა და უიმბლდონი. ის 121 კვირის მანძილზე იყო ნომერ პირველი ჩოგანი. ბარტი ამბობს, რომ ჩოგბურთს აღარ უყურებს და არც კი იცის ვინ არის ახლა ნომერი პირველი.
“მენატრება საკუთარი თავის გამოწვევა, საუკეთესოთა წინააღმდეგ, მაგრამ არ მენატრება ის, რაც ამ ყველაფერს ახლავს თან”.
“არასდროს მიგრძვნია სიცარიელე, რომელსაც შევსება სჭირდება, რადგან, კარიერის ბოლოს აბსოლუტურ კმაყოფილებას ვგრძნობდი”, – ამბობს ბარტი.
ავსტრალიის ღია პირველობა სტარტს 16 იანვარს აიღებს და 26 იანვარს დასრულდება.