სარჩევი
LTA-ს ლოგო

ჩოგბურთის მამაკაცთა ასოციაციამ (ATP) დიდი ბრიტანეთის საჩოგბურთო ორგანოს (LTA) ერთი მილიონის დოლარის ჯარიმა დააკისრა.

ამის მიზეზი წელს უიმბლდონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. მისი მიხედვით, ბალახის ბრიტანულ ტურნირებზე რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს მონაწილეობის მიღებაზე უარი ეთქვათ.

LTA-ში მიიჩნიეს, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოვლენების ფონზე, არ იქნებოდა სამართლიანი, რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები მათ ქვეყანაში გასამართ ტურნირებზე დაეშვათ. ამასთან დაკავშირებით მათ ბრიტანეთის მთავრობასთანაც გაიარეს კონსულტაცია.

ბრიტანეთის საჩოგბურთო ორგანიზაციამ სცადა მოლაპარაკებების საშუალებით გარკვეული კომპრომისი მოეძებნა ATP-სთან. პროცესი უშედეგოდ დასრულდა.

ამის გამო ATP-მ წლევანდელ უიმბლდონზე სარეიტინგო ქულები არ გაათამაშა. ახლა კი ორგანიზაციას მილიონიანი ჯარიმაც დააკისრა. ასევე, LTA-ს დაემუქრა, რომ მსგავსი აკრძალვის გამეორების შემთხვევაში, ასოციაციიდან გარიცხავენ.

საპასუხოდ დღეს LTA-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან ATP-ს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებით:

“ATP-მ არ მოახდინა სათანადო რეაგირება რუსეთის უკრაინაში შეჭრის თაობაზე, რის გამოც ახლა უკრაინაში გამორჩეულად მძიმე მდგომარეობაა. მათ ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი ორგანიზაციისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიცია. გაკვირვებულები ვართ ATP-ს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილი ემპათიის ნაკლებობით“,

– LTA-ს ოფიციალური განცხადება.

ATP-ს რეაქცია წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ქმედებით შემოიფარგლა. მათ რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს დროშები გაუუქმეს.

ATP-ს განცხადებით, LTA-სგან მიღებულ მილიონიან ჯარიმას უკრაინის დასახმარებელ ფონდში გადარიცხავს.