2022 წლის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის ორ სხვადასხვა, წითელ და მწვანე ჯგუფებში გადანაწილდნენ.
მწვანე ჯგუფი:
- რაფაელ ნადალი (1);
- კასპერ რუდი (3);
- ფელიქს ოჟე-ალიასიმი (5);
- ტეილორ ფრიცი (8).
წითელი ჯგუფი:
- სტეფანოს ციციპასი (2) ;
- დანილ მედვედევი (4) ;
- ანდრეი რუბლიოვი (6) ;
- ნოვაკ ჯოკოვიჩი (7).
უკვე მეხუთედ, რაფა ნადალი შემაჯამებელზე პირველ ნომრად ჩადის, მას შემდეგ რაც რეიტინგის სათავეში მყოფი კარლოს ალკარასი ტრავმის გამო ტურნირიდან მოეხსნა. როლან გაროსის 14-გზის ჩემპიონი ტურის ფინალებზე კვლავ სადებიუტო ჩემპიონობის მოპოვებას დაუმიზნებს.
თავისი ამოცანა აქვს ნოვაკ ჯოკოვიჩს. სერბი როჯერ ფედერერის მორიგი რეკორდის გამეორებას და ტურნირის მეექვსედ მოგებას შეეცდება.
გვეყოლება ორი დებიუტანტიც: ზედიზედ მოგებული სამი ტიტულის შემდეგ TOP 8-ში დამსახურებული ადგილი მოიპოვა ოჟე-ალიასიმმა, ინდიან უელსისა და ტოკიოს ჩემპიონის, ტეილორ ფრიცისთვის კი ადგილი ალკარასის მოხსნის შემდეგ გამოთავისუფლდა.
შემაჯამებელი ტურნირი გამორჩეული ფორმატით ტარდება: ეს არის ერთადერთი გათამაშება, სადაც მოთამაშეს შეუძლია გახდეს ჩემპიონი ისე, რომ ერთი მატჩი მაინც წააგოს. თითოეული ჯგუფის საუკეთესო ორი ჩოგბურთელი ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს, საიდანაც უკვე ტურნირი პლეი-ოფის პრინციპით გრძელდება.
ტურის ფინალები უკვე მეორედ იტალიის ქალაქ ტურინში, 13-20 ნოემბრის განმავლობაში, „პალა ალპიტურზე“ გაიმართება. მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ზვერევი ტრავმის გამო ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს.