ATP ტურის ფინალები – დღე I

ATP ტურის ფინალები - დღე I | Setanta Sports

2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელმა მოიყარა თავი. მეხუთე სლემად წოდებული ტურნირი, სადაც ჩემპიონები ჩემპიონდებიან. გათამაშებამ ტურინში, პალა ალპიტურზე, 13 ნოემბერს, მწვანე ჯგუფის შეხვედრებით აიღო სტარტი.

კასპერ რუდი VS ფელიქს ოჟე-ალიასიმი

ტურნირის გახსნის პატივი წილად 23 წლის ნორვეგიელს და კანადელ დებიუტანტს ხვდათ. ოჟე-ალიასიმი, რომელმაც პარიზში განცდილ მარცხამდე მიჯრით სამი ტიტული მოიპოვა და 16-მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო, უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა რუდის წინააღმდეგ, რომელიც, თავის მხრივ, იტალიაში ბოლო 6 შეხვედრაში წაგებული 4 მატჩის სტატისტიკით ჩავიდა.

თუმცა, შეხვედრა ბევრისთვის მოულოდნელი სცენარით წარიმართა. ნორვეგიელმა დასაწყისიდანვე ფანტასტიკური ფიზიკური მზაობა წარმოაჩინა და შესანიშნავად წაუვიდა ჩაწოდება, რაც ტურინში მოცემულ სწრაფ კონდიციებზე შესაბამის მეტოქესთან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღები იყო. ჩაწოდების კომპონენტში არც კანადელი იყო ურიგო, მაგრამ ამის მიღმა, უშუალოდ გათამაშებებიდან ქულების დაგროვება საგრძნობლად გაუჭირდა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველმა სეტმა ბრეიქპოინტის გარეშე ჩაიარა, სახეზე აშკარა იყო კასპერ რუდის უპირატესობა. ამან თავისი შედეგი ტაიბრეიკზე გამოიღო, სადაც ნორვეგიელმა სეტის ყველაზე საკვანძო ქულები წაიღო და მე-13 გეიმი 7-4-ზე დახურა.

მეორე პარტიაში თამაშის დინამიკა დიდად არ შეცვლილა. კასპერმა მეშვიდე გეიმში მიღებული ერთადერთი ბრეიქპოინტი წარმატებით გარდასახა და საბოლოოდ მატჩი ორ სეტში, 7:6, 6:4 დაასრულა.

მატჩის შემდეგ ნორვეგიელმა თქვა, რომ ბოლო რამდენიმე თვე მისთვის მცირე ჩავარდნა იყო, თუმცა ტურინში მან უკვე იპოვა თავისი რიტმი და აპირებს, რომ ამ შემართებით განაგრძოს.

აღსანიშნავია, რომ კასპერ რუდმა აქამდე დახურულ დარბაზში, ჰარდის საფარზე, ნახევარფინალურ ეტაპამდე ერთადერთხელ გააღწია, ისიც სწორედ აქ, ტურის ფინალებზე, შარშანდელი, სადებიუტო გამოსვლის დროს.

რაფა ნადალი VS ტეილორ ფრიცი

პირველი სათამაშო დღის ღამის სეანსზე ინდიან უელსის მასტერსის ფინალის რემატჩი გვქონდა.

მას შემდეგ, რაც კარლოს ალკარასი ტრავმის გამო შემაჯამებლიდან მოეხსნა, ისტორიაში მეხუთედ, რაფაელ ნადალი ამ ღონისძიებაზე პირველ ნომრად განთესილი ჩადის.

ესპანელის ირგვლივ, რომლისთვისაც ინდორ ჰარდ კორტზე თამაში აქილევსის ქუსლია, უამრავი კითხვის ნიშანი გაჩნდა ორი კვირის პარიზის მასტერსზე, სადაც მან ძალიან იოლად დათმო თავისი შეხვედრა ტომი პოლთან.

თავის მხრივ, საოცრად მოტივირებულია ტეილორ ფრიცი, რომელსაც ალკარასის მოხსნის შემდეგ რვა საუკეთესო მოთამაშეს შორის თავისი ადგილი ერგო და შემაჯამებელ ტურნირზე პირველად ასპარეზობს. თანაც, მისი სათამაშო სტილის მქონე ჩოგბურთელს ტურინში არსებული უსწრაფესი პირობები იდეალურ უპირატესობას აძლევს.

პირველი სეტი სრულიად თანაბარ ვითარებაში წარიმართა. ამერიკელმა თავიდანვე იპოვა ჩაწოდების რიტმი, რომელიც ბოლო ეპიზოდამდე არ დაუკარგავს. მან მიღებაზე რაფას არანაირი შანსი არ მისცა.

მატადორმა სცადა ფრიცის მიერ შემოთავაზებული ტემპისთვის ფეხი მაქსიმალურად აეწყო. პროცესში სამი ბრეიქპოინტი იხსნა, თუმცა ტაიბრეიკზე მაინც ფეხი დაუცდა და მეტოქეს თავისი ორი ჩაწოდება გადასცა. ამერიკელი უშეცდომო იყო და ტაიბრეიკი 7-3 მოიგო.

მეორე სეტი ნადალისთვის კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა. ის ზედიზედ ორჯერ დაბრეიკდა. განსაკუთრებით უსიამოვნო იყო მეორე ბრეიკი, სადაც რაფამ თითქმის 13-წუთიანი ბრძოლის შემდეგ გეიმი მაინც დათმო. საბოლოოდ, ფრიცმა მეორე პარტია გამანადგურებელი სხვაობით, 6-1 დაიტოვა და ტურის ფინალებზე სადებიუტო გამარჯვებასაც გამოკრა ხელი.

იყო საფრთხე, რომ შეიძლებოდა, პირველი მატჩის წაგების შემთხვევაში, რაფას ტურნირი დაეტოვებინა, თუმცა ამ მარცხის შემდეგ მან სოციალურ ქსელში მალევე დაადასტურა, რომ ბრძოლას განაგრძობს.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე 36 წლის ესპანელი ძალიან იმედგაცრუებული იყო. მისი თქმით, მას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული რაოდენობის მატჩების ჩატარება იმისთვის, რომ სათანადო ფორმას დაუბრუნდეს.

„დამატებით სირთულეს წარმოადგენს ტურში დაბრუნება მას შემდეგ, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ არ გიასპარეზია. ვინაიდან არ გეძლევა საკმარისი დრო თავდაჯერების მისაღებად. დასაწყისიდანვე წინ რთული მატჩები გელის, სათამაშო კონდიციების მცირე დეტალები კი დიდ განსხვავებას ქმნის. ეს მცირე დეტალები იმ მოთამაშეებს აძლევს უპირატესობას, რომლებსაც უფრო მეტი თავდაჯერება აქვთ. მე კი ამ შემთხვევაში ეს უპირატესობა არ მაქვს. სულ ეს არის. ეს უნდა მივიღო და გავაგრძელო მუშაობა. სხვა გზა არ არსებობს. მე ვიცი, რომ სწორი მეთოდებითა და მიდგომით ვვარჯიშობ. ამის შემდეგ საჭირო იქნება მატჩებში მომატება, ეს ეჭვგარეშეა. მიმდინარე ტურნირზე ჯერ კიდევ მაქვს შანსი, თუმცა დასაწყისით ბუნებრივია უკმაყოფილო ვარ“, .

– თქვა ნადალმა მატჩის შემდეგ

წლის შემაჯამებელი ტურნირი ორშაბათს, 14 ნოემბერს, წითელი ჯგუფის მატჩებით გაგრძელდება.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე