ATP Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდა

ATP Awards

ჩოგბურთის მამაკაცთა ასოციაცია ყოველწლიურად აჯილდოვებს ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეებს. წელს ნომინირებულთა სიაში იყვნენ ისეთი წარმატებული ჩოგბურთელები, როგორებიც არიან: რაფა ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი, ჰოლგერ რუნე და სხვები.

პრიზები შვიდ სხვადასხვა კატეგორიაში გაიცემა. წარმოგიდგენთ 2022 წლის ATP დაჯილდოვების გამარჯვებულთა ვინაობას:

წლის საუკეთესო ახალწვეული

ეს საპატიო წოდება 19 წლის დანიელმა ჩოგბურთელმა, ჰოლგერ რუნემ დაიმსახურა.

მან ბრწყინვალედ ჩაატარა თიხის სეზონი. გახდა ჩემპიონი პირველად მიუნხენში, დაამარცხა გზად ალექსანდრ ზვერევი. გააღწია როლან გაროსის 1/4 ფინალშიც.

რუნეს ტიტულების კარადაში უკვე მასტერსის თასიც მოხვდა. მან დაუჯერებელი კვირა ჩაატარა პარიზში, სადაც Top 10-ის ხუთ წევრს მოუგო. ფინალში კი თვით ნოვაკ ჯოკოვიჩს სძლია.

საბოლოოდ, ჰოლგერ რუნეს ამ სეზონში სამი ტიტული დაუგროვდა. შედეგად, ის მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციას იკავებს და ათეულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

წლის საუკეთესო დაბრუნება

ბორნა ჩორიჩი იგებს ცინცინატის მასტერსს.
ბორნა ჩორიჩი იგებს ცინცინატის მასტერსს.

2022 წელს ყველაზე შთამბეჭდავად საჩოგბურთო ტურში ბორნა ჩორიჩი დაბრუნდა.

ხორვატისთვის 2021 წელი უკიდურესად მძიმე გამოდგა. წლიდან წლამდე მას შესამჩნევი პროგრესი ჰქონდა, სანამ მაისში მხრის ოპერაციის ჩატარება დასჭირდებოდა. ამან ის ასპარეზობას სეზონის ბოლომდე ჩამოაშორა.

ჩორიჩი არ დანებდა. გადალახა ურთულესი პერიოდი და კორტზე ხმაურიანად დაბრუნდა. მოიგო არც მეტი, არც ნაკლები – ცინცინატის მასტერსი.

გზად მან ხუთი განთესილი მოთამაშე დაამარცხა, მათ შორის: რაფა ნადალი, ოჟე-ალიასიმი და ფინალში სტეფანოს ციციპასი.

წლევანდელი სეზონის სტარტზე ჩორიჩი Top 250-ს მიღმა იყო. საბოლოოდ კი სეზონი 26-ე საფეხურზე დაასრულა.

წლის ყველაზე განვითარებული მოთამაშე

ალკარასი US Open-ის ტიტულით ხელში
ალკარასი US Open-ის ტიტულით ხელში.

განსაკუთრებული სიურპრიზით არც ეს ნომინაცია გამოირჩევა. 2022 წელს ყველაზე დიდი და თვალსაჩინო პროგრესი კარლოს ალკარას გარფიას ჰქონდა.

ესპანელმა ორი 500-ქულიანი ტიტული, ორი მასტერსი და რაც მთავარია, დიდი სლემის ტიტული მოიგო. შედეგად, 2022 წელი რეიტინგის სათავეში დაასრულა.

ის გახდა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პირველი ნომერი.

აგრეთვე, ეს არის პირველი შემთხვევა 2003 წლის შემდეგ, როცა სეზონი პირველ ნომრად დიდი ოთხეულის წარმომადგენელს არ დაუსრულებია. ბოლოს ეს ენდი როდიკი იყო.

ალკარასის კონკურენტები ამ ნომინაციაში ჯეკ დრეიპერი, ჰოლგერ რუნე და მაქსიმ კრესი იყვნენ.

წლის საუკეთესო მწვრთნელი

ალკარასი და ფერერო ბარსელონაში ტიტულის მოგებას აღნიშავენ.
ალკარასი და ფერერო ბარსელონაში ტიტულის მოგებას აღნიშავენ.

გასაკვირი ის უფრო იქნებოდა, ეს პრიზი სხვა ადამიანს რომ მიეღო და არა ხუან კარლოს ფერეროს.

ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ახალი თაობის გაზრდას აგრძელებს. ალიკანტეში მას თავისი აკადემია აქვს და სწორედ მისი კურსდამთავრებულია კარლოს ალკარასი.

ის, რასაც ალკარასმა და ფერერომ ერთად მიაღწიეს, მხოლოს წლევანდელი თავდაუზოგავი შრომის შედეგი არ არის. ისინი წლებია თანამშრომლობენ და გააგრძელებენ მომავალშიც.

“ეს გასაოცარი სეზონი იყო. წლების შრომამ შედეგი გამოიღო. ახლა კი ეს ბრწყინვალე ჯილდო მივიღე. ბედნიერი ვარ, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელად დამასახელეს. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”,

– ხუან კარლოს ფერერო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბარსელონაში მიმდინარე ტურნირის დროს ხუან ფერეროს მამა დაეღუპა. მიუხედავად ამისა, მას თავისი შეგირდის არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია.

ფანების სიმპატია

რაფა ნადალი
რაფა ნადალი.

როჯერ ფედერერის 19-წლიანი დომინაციის შემდეგ, ამ კატეგორიას უკვე ახალი გამარჯვებული ჰყავს. 2022 წელს გულშემატკივრების გამოკითხვაში უპირობოდ და დიდი უპირატესობით იმარჯვა რაფაელ ნადალმა.

ესპანელი მეოთხეა, ვინც ეს ტიტული დაიმსახურა. ფედერერამდე ის გუსტავო კუერტენსა და მარატ საფინს მიუღიათ.

ნადალი ერთადერთი ჩოგბურთელია, ვისაც ATP-სგან ყველა კატეგორიის ჯილდო აქვს მიღებული.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე